პოლიტიკასხვადასხვა

იენს სტოლტენბერგი: დასავლეთი „უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის“ უნდა მოემზადოს

0

17 სექტემბერს NATO-ს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთი „უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის“ უნდა მოემზადოს. მისი თქმით, „ეჭვგარეშეა“, რომ უკრაინა საბოლოოდ გაწევრიანდება შეერთებული შტატების მართულ სამხედრო ალიანსში.

გერმანულ მედიაჯგუფ Funke-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი უახლოეს მომავალში არ დასრულება.

„ომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ამის შესახებ France24 იტყობინება. „ამიტომ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ“.

„ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, თუმცა ამავდროულად უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრიან, მშვიდობა დაისადგურებს“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მიემგზავრება. უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეხვდება ჯო ბაიდენს, ასევე კონგრესის წევრებს, რათა დამატებითი სამხედრო დახმარება სთხოვოს ამერიკელ კანონმდებლებს. კარგად გამაგრებული რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინელთა კონტრშეტევა მდორედ მიმდინარეობს. რუსებმა უკრაინის სამხრეთსა და დონბასის რეგიონში დიდი ტერიტორიები ჩაიგდეს ხელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის დაჟინებული თხოვნით კონგრესი ამჟამად განიხილავს უკრაინისთვის დამატებითი 24 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების გაგზავნის საკითხს. დღევანდელი მონაცემებით, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა მოსკოვთან პროქსი ომის საწარმოებლად და კიევის მხარდასაჭერად უკვე 113 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გაიღეს.

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ NATO-ს ბოლო სამიტზე ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა შეიძლება გაწევრიანდეს მათ რიგებში, თუმცა ჯერ რეფორმები უნდა გაატაროს, რათა ალიანსის წევრობის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ NATO-მ თავის რიგებში ის ქვეყანა მიიღოს, რომელიც ამჟამად ომშია ჩართული, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლის დაუყოვნებლივ ამოქმედებას გამოიწვევს, რომელიც ყველა წევრს მეორე წევრი ქვეყნის დაცვას ავალდებულებს. შეკითხვები შეიძლება რუსეთ-უკრაინას შორის არსებული სასაზღვრო დავების გამოც გაჩნდეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მცირე ტერიტორიულმა კონფლიქტებმა შეიძლება მსოფლიო ომის პროვოცირება გამოიწვიოს, თუ საზღვრები საბოლოოდ დადგენილი არ იქნება, ვიდრე უკრაინა დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანდება.

უკრაინელებმა დღემდე ყველა წინადადება უარყვეს, რომელიც მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ გარკვეული ტერიტორიების დათმობას უკავშირდება. კიევში პირობა დადეს, რომ იბრძოლებენ მანამდე, სანამ ქვეყანა 1991 წლის საზღვრებში სრულიად არ აღდგება.

https://www.breitbart.com/europe/2023/09/17/west-must-prepare-for-a-long-war-in-ukraine-says-nato-chief-jens-stoltenberg24974437/