ავტორი თომას ო’რაილი, 5 აპრილი
იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა რომ ერთ ბარელ რუსულ ნავთობში 60 აშშ დოლარზე მეტი გადაიხაროს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ საერთაშორისო ფასზე ლიმიტი დააწესა. ეს კი, თავის მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის დაწესებული სანქციების სიმბოლურ დარღვევას ნიშნავს.
ეს გადაწყვეტილება იაპონიამ შეერთებული შტატების თანხმობით მიიღო, რადგან ამომავალი მზის ქვეყანა შიდა რესურსების ნაკლებობას განიცდის და დიდი ხანია, რაც რუსული ნახშირწყალბადის იმპორტზეა დამოკიდებული.
იანვრის შემდეგ იაპონიამ 52 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი იყიდა – ბარელში 70 აშშ დოლარზე ნაკლები გადაიხადა, რაც მისი ნედლი ნავთობის იმპორტის (წლიური ღირებულება 103 მილიარდი აშშ დოლარია) მცირე ნაწილს შეადგენს.
ამის მიუხედავად, იაპონია მტკიცედ გმობს უკრაინაში რუსეთის ჩადენილ ქმედებებს და მოსალოდნელია, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურებს თავის ერთგულებას უკრაინას, როდესაც მომავალ თვეს ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის შეხვედრას უმასპინძლებს.
2022 წლის დეკემბერში დიდმა შვიდეულმა, რომელსაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობს, პროვოკაციური წინადადება წამოაყენა, რომ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი – 60 აშშ დოლარი – დაეწესებინათ, რათა კრემლს ომის დაფინანსება გაჭირვებოდა და, ამავდროულად, მსოფლიო გადაზიდვებისთვის ზიანი არ მიეყენებინათ.
ენერგეტიკული თვალსაზრისით იაპონია დიდ შვიდეულში ყველაზე ნაკლებად თვითკმარი ქვეყანაა, რომელიც ალტერნატივების ნაკლებობისა თუ იაპონურ კომპანიებსა და რუსეთს შორის დადებული ბიზნესშეთანხმებების გამო სახალინიდან ბუნებრივი აირის იმპორტისას შეღავათით სარგებლობდა.
გასულ წელს ტოკიომ რუსული ნახშირის იმპორტი 41 პროცენტით, ხოლო ნავთობის იმპორტი 56 პროცენტით შეამცირა, თუმცა იძულებული გახდა, რომ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი გაეზარდა. იაპონია, რომლის ენერგეტიკული მოთხოვნილებების 94 პროცენტი იმპორტზე მოდის, ახლო აღმოსავლეთის ნედლ ნავთობზეა დამოკიდებული. ინდუსტრიის ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, იაპონია კატართან ან შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით სრულიად ჩაანაცვლებს რუსეთს.
რუსულ ნავთობზე ევროკავშირის დაწესებული აკრძალვა გასულ თვეს ამოქმედდა. ამის მიუხედავად, რუსული ნავთობი კვლავ შედის ევროკავშირში. ენერგეტიკული სანქციების შედეგებს განსაკუთრებით გერმანის შიდა ეკონომიკა განიცდის.
იაპონიამ რუსეთს სანქციები ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესა. ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრ ფუმიო კისიდას მოსკოვისადმი მკაცრი დამოკიდებულება განიხილება როგორც ღონისძიება, რომელიც ძირითადად ამერიკული ლობის დაშოშმინებასა და მომავალი ჩინური აგრესიის წინააღმდეგ ტონის დაყენებას ემსახურება.
ჩინეთის აღმასვლით გამოწვეული გეოპოლიტიკური შეშფოთება და აუცილებლობა, რომ იაპონია ამერიკის მოკავშირედ უნდა დარჩეს, ტოკიოს შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისას, რაც დასავლეთის მიერ დაწესებული ზღვრული ფასების დარღვევას ეხება, წინდახედულობისკენ უბიძგებს. იაპონიამ შეერთებულ შტატებთან თავისი ურთიერთობა უნდა დაიცვას – განსაკუთრებით ჩინეთის ექსპანსიონიზმთან მიმართებით – მაშინაც კი, თუ ეს გადაწყვეტილება ტოკიოს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუცველს დატოვებს.
წყარო: https://is.gd/80Lreb