პოლიტიკასხვადასხვა

ჰანტერ ბაიდენის ნოუთბუქი “მაინც” ავთენტურია

0

გთავაზობთ ამერიკულ გამოცემაში “The American Conservative” 22 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიას. ავტორი: სორაბ ამარი – ჟურნალ Compact – ის დამფუძნებელი და The American Conservative-ის დამხმარე რედაქტორი.

ამერიკული ტელეკომპანია „სიბიეს ნიუსის“ (CBS News) ჩატარებულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ ჰატერ ბაიდენის „ნოუთბუქი ჯოჯოხეთიდან“ ნამდვილია. ეს არ გეგონოთ დროის კაფსულა 2020 წლის ოქტომბრდან, ეს არის ახალი ამბავი, რომელიც 2022 წლის 21 ნოემბრით თარიღდება. ორი წლის წინ „ნიუ იორკ პოსტში“ (New York Post) ნოუთბუქის შესახებ პირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია და აღნიშნული თემა მალევე ოფიციალურად აიკრძალა სოციალურ მედიაში, მიზეზად კი რუსული დეზინფორმაცია დასახელდა.
„სიბიესმა“ ახლადგამოქვეყნებულ რეპორტაჟში გამჟღავნებული მონაცემები, რომელიც ჰანტერის ნოუთბუქის მყარ დისკზე ინახებოდა, დელავერის შტატში მდებარე ტექნიკის შემკეთებელი მაღაზიიდან მოიპოვა. პრეზიდენტის ვაჟმა პირადი ნოუთბუქი შესაკეთებლად მომსახურების ცენტრში მიიტანა, თუმცა წაღება დაავიწყდა. მოგვიანებით მაღაზიამ ჰანტერის ნოუთბუქში შენახული მონაცემები ანალიზისთვის საიდუმლო სამსახურის ციფრული სასამართლოს ყოფილ გამომძიებელს, მარკ ლანტერმანს, გადასცა.
„ჩემი ყურადღება ხმოვანმა ფოსტამ მიიპყრო“, – განუცხადა ლანტერმანმა „სიბიესს“. ამ ხმოვან ფოსტაში, რომელიც ჰანტერს მამამისმა გაუგზავნა, ისმის. „გირეკავ, რომ გითხრა, მსოფლიოში ყველაფერზე ძალიან მიყვარხარ, მეგობარო. შენ დახმარება გჭირდება“. ინტონაცია და ხმა უდავოდ 46-ე პრეზიდენტის იყო, თუმცა ხმოვანი ფოსტა „მხოლოდ ერთ-ერთია იმ მოპოვებული მონაცემებიდან, რომელიც ლანტერმანმა ფაქტების ავთენტურობის დასადგენად გამოიყენა“.
მონაცემების წარმომავლობაზე „სიბიესი“ შემდეგ ისტორიას მოგვითხრობს: ჰანტერმა ნოუთბუქი მომსახურების ცენტრში მიიტანა და არ წაიღო ან მომსახურების საფასური არ გადაიხადა. სამი თვის შემდეგ მაღაზიაში ჩათვალეს, რომ ნოუთბუქი დატოვეს (იურიდიულ ენაზე ასეთ ქმედებას პორტატული ელექტრონული მოწყობილობის „კონსტრუქციული მფლობელობა“ ეწოდება). მოგვიანებით სასამართლოში გამოძახებულმა მაღაზიის მფლობელმა მონაცემები გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა. ზუსტად ისე, როგორც „ნიუ იორკ პოსტმა“ აღწერა თავდაპირველ სიუჟეტში.
შემდეგ ლანტერმანის შვილის ციტატა მოდის. ისიც სასამართლოს ექსპერტია. აი, რას უყვება „სიბიესს“ უმცროსი ლანტერმანი: „თუ გავითალისწინებთ მონაცემების რაოდენობას, მათი ფალსიფიცირება რთულია, თუ არა შეუძლებელი. ინფორმაცია დროთა განმავლობაში დაგროვდა, რაც ლოგიკურია, თუ კომპიუტერით ყოველ დღე სარგებლობ“.
ეს ყველაფერი „ნიუ იორკ პოსტის“ მტკიცებულების ნაწილი იყო, რაც მონაცემების ავთენტურობას ეხებოდა. გაზეთმა, რომლის რედაქტორადაც მაშინ ვმუშაობდი, ჰანტერის რამდენიმე პირადი ფოტო გამოქვეყნა. ნაწილობრივ იმის საჩვენებლად, რომ მის რეპორტაჟში თავმოყრილი ბევრად უფრო ფაქტობრივი განცხადებები ავთენტური მონაცემების იმავე წყაროდან მომდინარეობდა.
ამ მონაცემებში იძებნებოდა იმის მტკიცებულება, რომ ჰანტერმა მამამისის, იმხანად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, უკრაინის საკითხებში ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელი უკრაინული კომპანია „ბურისმას“ ხელმძღვანელთა შეხვედრის ორგანიზება ითავა. კომპანია, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებით ჰანტერის გამოცდილების გამოყენება სურდა, უმცროსს ბაიდენს კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრობის სანაცვლოდ თვეში 83 ათას აშშ დოლარს  უხდიდა.
ამის მიუხედავად, თითქმის ყველა მეინსტრიმული მედიასაშუალება დემოკრატებით დაკომპლექტებულ ე.წ. „დიფ სთეითს“ (ქართ. „სიღრმისეული სახელმწიფო“) უჭერდა მხარს და „ჰანტერის ფაილებს“ რუსულ დეზინფორმაციად მიიჩევდა. ამერიკული მედიაკომპანია „პოლიტიკოს“ ჟურნალისტმა ნატაშა ბერტრენმა გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც 50-ზე მეტი დაზვერვის ყოფილი წარმომადგენელი აწერდა ხელს. ისინი უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ამტკიცებდნენ, რომ „ნიუ იორკ პოსტის“ რეპორტაჟი კრემლში მოფიქრებული დეზინფორმაცია იყო და მეტი არაფერი.
ეს არ გახლდათ რამდენიმე ყოფილი ჯაშუშის აზრს მოკლებული სპეკულაცია. სინამდვილეში მათი განცხადება ჰანტერის გამართლებას ემსახურებოდა, რაც ალბათ შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე საშიში ეპიზოდია, რომელიც სახელმწიფომ კერძო სექტორის ცენზურისთვის გამოიყენა.
ეროვნულმა საზოგადოებრივმა რადიომ (NPR) თავიც კი არ შეიწუხა ამ ამბის შესწავლით. რადიოს ახალი ამბების მმართველმა რედაქტორმა ტერენს სამუელსმა გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ტელესტუდიის საზოგადოებრივ რედაქტორს განუცხადა: „ჩვენ ირეალურ ისტორიებზე დროის დაკარგვა არ გვსურს“.
ამ პერიოდში არც „სიბიესი“ ბრწყინავდა. მაგალითად, ტელეკომპანიის 2020 წლის 16 ოქტომბრის სიუჟეტში ნათქვამია, რომ „ნიუ იორკ პოსტის“ რეპორტაჟი, რომელიც „ჰანტერის ფაილებს“ ეხებოდა, „გვახსენებს რუსეთის მცდელობებს, როდესაც 2016 წელს ჰილარი კლინტონის შესახებ ცილისმწამებლური მასალები გამოაქვეყნა“. გასაოცარია, რომ „სიბიესის“ ახალ რეპორტაჟში არცერთი სიტყვა არ თქმულა „ნიუ იორკ პოსტის“, მის წინააღმდეგ აგორებული ცენზურის ან სხვა მედიაგამოცემების მიერ დაშვებული სამარცხვინო შეცდომების შესახებ.
საინტერესოა, მოუხდიან თუ არა ბოდიშს „ნიუ იორკ პოსტს“ „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“, ასევე დაზვერვის ყოფილი წარმომადგენლები, რომლებმაც ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული აგიტპროპით საკუთარ რეპუტაციას მიაყენეს ზიანი, ან ის მეინსტირიმული მედიასაშუალებები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებდონენ კონსერვატიული გაზეთის გინებაში, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი რეპორტაჟები მოემზადებინათ. რა თქმა უნდა, არა. მათი დაუსჯელობისთვის ფასს ამერიკელი ამომრჩევლები და ამერიკული დემოკრატია გადაიხდის.