5 ივლისი, 2023 წ.
„ჰიუმენ რაითს ვოჩის“ (Human Rights Watch (HRW) ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები აკრძალულ ნაღმებს იყენებდნენ. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აკრძალული, ასეთი ნაღმების გამოყენებას კიევიც კრძალავს, რადგან მშვიდობიან მოსახლეობაზე დამანგრევლად მოქმედებს.
HRW-ის ცნობით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უკრაინამ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიყენა. ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფმა ამის შესახებ პირველად იანვრის ანგარიშში განაცხადა, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ცოტა ხნის წინ უფრო მეტი მტკიცებულება მოიპოვეს.
მტკიცებულებების თანახმად, უკრაინელი სამხედროები ისროდნენ რაკეტებს, რომლებიც ათასობით ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმს (PFM-1) ატარებდნენ. მათ „ყვავილის ფურცელს“ ან „პეპელა“ ნაღმებსაც უწოდებენ, ნათქვამია პრესრელიზში. ეს მცირე გაბარიტის მქონე საბრძოლო მასალები წნევით აქტიურდება, რაც ნიშნავს, რომ ისინი იქამდე რჩება მიწაზე, სანამ ვინმე ფეხს არ დააბიჯებს.
„ჰიუმენ რაითს ვოჩმა“ „დაზარალებულებსა და მათი ოჯახის წევრებთან ინტერვიუების საფუძველზე დაადასტურა, რომ დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი გარდაიცვალა, ერთს კი ქვედა კიდურები მოჰკვეთეს“, − ნათქვამია პრესრელიზში.
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები რუსეთმაც გამოიყენა, თუმცა მოსკოვისგან განსხვავებით, კიევმა იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა, რომელიც მათ გამოყენებას კრძალავს.
HRW-ის ანგარიშზე უკრაინის ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინა და განაცხადა, რომ „პრეტენზიებს“ შეისწავლის, თუმცა იქვე დასძინა, რომ კიევს თავდაცვის უფლება აქვს.
გარდა ამისა, დიდი ალბათობით, ვაშინგტონი კიევს კასეტურ ბომბებს გაუგზავნის. ხსენებული ნაღმების მსგავსად, კასეტური ბომბებით ჩამოგდებული მცირე გაბარიტის მქონე საბრძოლო მასალები ომის დამთავრების შემდეგაც რჩება მიწაზე და მომდევნო წლების განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
კასეტური ბომბების გამოყენება საერთაშორისო ხელშეკრულებით არის აკრძალული, თუმცა აშშ, რუსეთი და უკრაინა ამ შეთანხმებას არ შეერთებიან. ბრძოლის ველზე კასეტურ ბომბებს ორივე დაპირისპირებული მხარე (მოსკოვი, კიევი) იყენებს.
https://libertarianinstitute.org/news/ukrainian-forces-are-using-outlawed-mines/
https://www.hrw.org/news/2023/06/30/ukraine-promises-inquiry-banned-landmine-use