ლიბანური შიიტური დაჯგუფების განცხადებით, 20 ნოემბერს ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე ქვეყნის ჩრდილოეთში დრონებით, არტილერიითა და რაკეტებით მიიტანა იერიში.
7 ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ყოველდღე მიმდინარეობს ორმხრივი სროლა.
„ჰეზბოლას“ მებრძოლები ქალაქ კირიათ შმონაში (ჩრდილოეთი ისრაელი) ებრაელ ჯარისკაცებს სამი დრონით დაესხნენ თავს, − ნათქვამია შიიტური დაჯგუფების განცხადებაში, რომელსაც თეირანი უმაგრებს ზურგს. ცოტა ხნის წინ „ჰეზბოლამ“ ამ მხარეში განლაგებულ ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე საარტილერიო იერიშიც მიიტანა.
21 ნოემბერს „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის ყაზარმებს „ბურკანებით“ დაესხა თავს. შიიტურმა დაჯგუფებამ ისრაელის პოზიციებზე განხორციელებულ სხვა თავდასხმებზეც აიღო პასუხისმგებლობა.
ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ თავდასხმების შედეგად არავინ დაზარალებულა.
„ტანკებმა, ავიაგამანადგურებელმა და ვერტმფრენმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს“, ეს იყო „ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი“, − ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. არმიამ დაჯგუფების მებრძოლებზე მიიტანა იერიში, რომლებიც სამხრეთი ლიბანიდან „ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების“ გაშვებას ცდილობდნენ.
ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე სისხლიანი შეტაკებები 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ღაზაში ბაზირებული პალესტინურ-ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ სამხრეთ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმისას დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 240 მშვიდობიანი მოქალაქე კი მძევლად აიყვანეს.
ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო და ღაზაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. პალესტინური დაჯგუფების მიერ კონტროლირებული ტერიტორიის ხელისუფლების ცნობით, ღაზაში შეჭრის შემდეგ 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამ თვეში „ჰეზბოლას“ მეთაურმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ მისი დაჯგუფება, რომელიც „ჰამასის“ მოკავშირეა, ისრაელის წინააღმდეგ ახალ იარაღს იყენებდა, მათ შორის „ბურკანის“ ტიპის რაკეტებს. ნასრალას თქმით, რაკეტებს „300-500 კილოგრამი (660-1100 ფუნტი) საბრძოლო მუხტის გადატანა შეუძლია“.
თავდასხმებისას „ჰეზბოლამ“ პირველად გამოიყენა შემტევი დრონები და ისრაელის სიღრმეში სადაზვერვო დრონები გაუშვა, − დასძინა ნასრალამ.
AFP-ის მონაცემებით, გასული თვის შემდეგ საზღვრისპირა შეტაკებებს 90 ლიბანელი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა „ჰეზბოლას“ მებრძოლია. დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 10 მშვიდობიანი მოქალაქეა.
ისრაელის ცნობით კი, თავდასხმებისას ექვსი ისრაელელი ჯარისკაცი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
https://www.thedefensepost.com/2023/11/20/hezbollah-attack-israeli-troops/?expand_article=1