სახელმწიფო მოღვაწეების სიმცირის გამო მსოფლიოს მართვის სადავეები პოპულისტებსა და ტექნოკრატებს ჩაუვარდათ ხელში
ავტორი უოლტერ რასელ მიდი
იკლებს თუ არა მსოფლიო ლიდერშიპის ხარისხი და კაცობრიობა დიდ ლიდერებს ხომ არ მოითხოვს? როგორც ამ თვეში გამართული ერთ-ერთი სადილისას გავიგე, ჰენრი კისინჯერი ფიქრობს, რომ საქმე სწორედ აქეთკენ მიდის და წუხს, რომ ცივილიზაციას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.
ბ-ნი კისინჯერი ამის შესახებ ნამდვილად წუხს. მის პირველ წიგნში – „მსოფლიო აღდგენილია“ (1957) – ჩამოაყალიბებულია რამდენიმე ძირითადი იდეა, რომელიც მის აზროვნებაში დღემდე დომინირებს. კისინჯერის რწმენით, სიცოცხლისუნარიანი მსოფლიო წესრიგის რთული არქიტექტურის არსი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ესმის და კიდევ უფრო მცირე რაოდენობა დაიკვეხნის ლიდერობის ნიჭით, რომელიც იმისთვის არის საჭირო, რათა შექმნა, დაიცვა ან გარდაქმნა მყიფე საერთაშორისო სტრუაქტურა, რაც ნაწილობრივ მშვიდობას უწყობს ხელს.
ბ-ნ კისინჯერს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის უზარმაზარი უფსკრული არსებობს. მსოფლიო არ შეიძლება იყოს ისეთი სინოცენტრული როგორიც ჩინურ საზოგადოებას სურს, ისეთი დემოკრატიული ან ‘გამოღვიძებული’ (woke იდეოლოგია) როგორც ამერიკელთა დიდ ნაწილს სურს, ისეთი ისლამური როგორიც ბევრ მუსულმანს სურს, ისე რეაგირებდეს პრობლემებზე, როგორც ეს აფრიკისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანას სურს ან ისე იყოს აღფრთოვანებული საფრანგეთის სიდიადით ან ბრიტანეთის მორალური ლიდერობით როგორც ამ ქვეყნების მოსახლეობა ისურვებდა.
დიდმა ლიდერებმა უნდა დასძლიონ თავიანთ ქვეყნებში გამეფებული საზოგადოებრივი აზრი და გააკეთონ კომპრომისები, რაც საერთაშორისო დიპლომატიის განუყოფელი კომპონენტია. მათ უნდა აღიქვან სამყარო საკმაოდ ნათლად, რათა გაიგონ რა არის შესაძლებელი და რა არის მდგრადი. მათ უნდა შეძლონ თავიანთი თანამოქალაქეების დარწმუნება, რათა დათანხმდნენ იმ შედეგებს, რომლებიც ხშირად იმედის გაცრუებას იწვევს. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეს ამოცანა ხშირად უფრო რთული გადასაწყვეტია ისეთ ძლიერ ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია, რომელსაც მსოფლიოში იმაზე მეტის მიღება შეუძლია, ვიდრე ისურვებდა. პატარა და სუსტი ქვეყნები აცნობიერებენ კომპრომისის აუცილებლობას, დიდი და ძლევამოსილი ქვეყნები კი ხშირად ფიქრობენ, რომ მათ ყველაფერის უფლება აქვთ.
ასეთ ლიდერებს უნდა ჰქონდეთ ინტელექტუალური შესაძლებლობები, სრულყოფილი განათლებისა და პოლიტიკის ინტუიციური აღქმის უნარი, რითაც ბევრი ლიდერი ვერ დაიკვეხნის. ბ-ნი კისინჯერი თავის ბოლო წიგნში – „ლიდერობა: ექვსი კვლევა მსოფლიო სტრატეგიაში“ – გამოარჩევს ექვს ლიდერს (გერმანელ კონრად ადენაუერს, ფრანგ შარლ დე გოლს, ამერიკელ რიჩარდ ნიქსონს, ეგვიპტელ ანვარ სადათს, ბრიტანელ მარგარეტ ტეტჩერსა და სინგაპურელ ლი კუან იუს), რომლებმაც საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.
ბ-ნი კისინჯერის რჩეული ექვსეული საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. წარსულმა მათ საშუალება მისცა გაეგოთ, თუ როგორ აღიქვამდნენ სამყაროს მათი თანამოქალაქეები. მერიტოკრატიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებულმა დისციპლინურმა და მომთხოვნმა განათლებამ ისინი ფსიქოლოგიურად, ინტელექტუალურად და კულტურულად მოამზადა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მათ ეფექტურ საქმიანობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.
კითხვა, რომელიც ბ-ნ კისინჯერს აწუხებს, შემდეგში მდგომარეობს – ხომ არ დაინგრევა ეს საკომუნიკაციო არხი. ელიტურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასეთი სიმკაცრე, დისციპლინა და „ფუნდამენტური წიგნიერების“ კულტურა აღარ შეიმჩნევა. მისი თქმით, ეს იმ დონემდე განადგურდა, რომ საზოგადოება კეთილგონიერებით აღარ გამოირჩევა, რაც ახალი თაობების ლიდერთა მოსამზადებლად საჭირო ატრიბუტებია.
ეს არ ეხება მხოლოდ ‘გამოღვიძებულ’ (woke იდეოლოგია) კოლეჯის პროფესორებს, რომლებიც აუბრალოებენ განათლების ხარისხს, ან საქმეში ღრმად ჩაუხედავ მემარცხენე იდეოლოგებს, რომლებიც რთულ და დახვეწილ იდეებს საუნივერსიტეტო სწავლებიდან იღებენ. საუბარია იმაზე, გაუძლებს თუ არა კლასიკური განათლების ფუნდამენტი და სიმკაცრე ვიზუალური კულტურის გამოწვევასა და ელექტრონული მედიის წახალისებულ უფრო მოკლე ცნობიერების დიაპაზონს.
ბ-ნი კისინჯერი, რომელსაც 100 წელი შეუსრულდება, წლებია, რაც ლიდერებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ფიქრობს. ამერიკელთა უმეტესობას ამდენი წელი საერთოდ არც კი უცოცხლია. 1960-იან წლებში, როდესაც საზოგადოებირივ მოღვაწეობას იწყებდა, ამერიკის საგარეო პოლიტიკურ სარბიელზე თეთრკანიანი ანგლო-საქსი პროტესტანტების ელიტა დომინირებდა. ძველი ‘ბრამინელები’ (მთაგრმნ. შენიშვნა: ბოსტონის მაღალი კლასის წარმომადგენლთა აღმნიშვნელი ტერმინი) აჩესონები, ბანდები და ალსოპები, რომლებსაც ‘მარალის გეგმის’ შედგენასა და ამერიკის ვიეტნამის ომში ჩართვაში უდიდესი წვლილი მიუძღვით, გაქრნენ. ნიქსონის, რეიგანისა და ჯორჯ ჰ.უ. ბუში ადმინისტრაციებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა 21-ე საუკუნეში ამერიკის სახელმწიფოს პოლიტიკური მიღწევები ნაკლებად შთამაგონებელია.
ბ-ნი კისინჯერი გვაფრთხილებს, რომ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებული პრობლემა უფრო და უფრო რთულდება. ძლევამოსილ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობა ძლიერდება. ჩინეთი იმაზე დიდი გამოწვევაა, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. საერთაშორისო ნდობა მცირდება, რადგან გლობალური კონფლიქტის შესაძლებლობა განუწყვეტლივ იზრდება. სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ, ისე როგორც არასდროს, ამბობს ბ-ნი კისინჯერი, თუმცა მისი მიგნება არც ისეთი ადვილია.
შეუძლებელია არ დაეთანხმო. დღესდღეობით ამერიკაში საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე გამართული დებატები ხშირად წარმოაჩენენ ჯგუფურად მოაზროვნე ტექნოკრატებსა და ზედაპირული ლოზუნგებით შეიარაღებულ პოპულისტ დემაგოგებს შორის არსებულ უშედეგო კონკურენციას. ჰენრი კისინჯერი ფიქრობს, რომ მოქმედების უკეთესი გზა უნდა ავირჩიოთ. ვშიშობ, იგი მართალია და ვიმედოვნებ, რომ „ლიდერშიპს“ ბევრი ადამიანი წაიკითხავს.