დავით ზარდიაშვილი:
არსებულ მსოფლიო ტურბულენტობაში, რომლის ეპიცენტრიც უკრაინის ომია, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს „გლობალურ მოთამაშეთა“ პოზიციებს, ინტერესებსა და მიზნებს; მსოფლიოს გადანაწილებისათვის მიმდინარე ყოვლისმომცველი ჰიბრიდული ომის ამ „ცხელმა ფაზამ“, თუ გნებავთ – ამ „მსოფლიო პოსტ-ომმა“ საბოლოოდ ფარდა ახადა და მკაფიოდ გამოაჩინა მონაწილე მხარეთა მტაცებლური ინტერესები, რაც მანამდე, ასე თუ ისე, მაინც საყოველთაო დემოკრატიითა თუ უსაფრთხოებით ინიღბებოდა;
არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ აქაც, საქართველოშიც, მიმდინარე მოვლენებით გამოაშკარავებულია „გლობალური ომის პარტიის“ ზრახვები; უკვე შეუძლებელია ეჭვის შეტანა, რომ მათი მიზნები არა მხოლოდ აცდენილია ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისგან, არამედ მკვეთრად საპირისპიროც. ამას ცხდაჰყოფს „გლობალური ომის პარტიის“ მიერ საქართველოს მიმართ წარმოებული პოლიტიკის მტრული კონტექსტი, კერძოდ: რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვის, რაც ხელისუფლების არაკონსტიტუციურ შეცვლასთანაა გადახლართული, აშკარა განზრახვა; საქართველოს ხელისუფლების და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ერთგული პატრიოტული პოლიტიკური ძალების მიერ არაერთგზის საფუძვლიანად და არგუმენტირებულად აღნიშნულა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ხელისუფლების ამბოხების გზით შეცვლა – ეს „გლობალური ომის პარტიის“ ერთი დღის წესრიგის ორი მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული მტრული მიზანია, რაც ყოველდღიურად დასტურდება საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის საინფორმაციო-დივერსიული შეტევითი ოპერაციებით; თუმცა მთლიანობაში რას წარმოადგენს მათი დღის წესრიგი, რა გლობალური მიზნები ამოძრავებთ, რატომ სურთ ასე დაჟინებით საქართველოს ჩართვა დამაგნრეველ და დამღუპველ სამხედრო დაპირისპირებაში, რაც შეუძლებელი იქნება „ადგილობრივი ომისა და ღალატის პარტიის“ ქვეყნის სათავეში მოყვანის, ანუ ნაცების სრული პოლიტიკური რევანშის გარეშე, ღიად და აშკარად, მკაფიოდ არ გაცხადებულა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი სწორედ მისი გამოუცხადებლობა და „ბნელით მოცულობაა“; ჩვენ აშკარად ვხედავთ ამ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო-დივერსიულ გამოვლინებებს, მაგრამ მტრული ზრახვები და ინტერესები დიდწილად ისევ დაფარულია; მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელში, ინტერნეტში მოიპოვება არაერთი მასალა, რაც ფარდას ხდის „გლობალური ომის პარტიის“ მსოფლიო შეთქმულებას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ფაქტიურად – ყოველი ერი-სახელმწიფოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულად გადამწყვეტ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც და რისთვისაც მძვინვარებს ამჟამად ეს „პოსტ-ომი“ – ევრაზიაში.
„გლობალური ომის პარტიის“ სტრატეგიული მიზნების დემონსტრირებისათვის უაღრესად საყურადღებოა აშშ-ში ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ლიუკ კოფის ანალიტიკური წერილი ამ სათაურით: „Preparing for the Final Collapse of the Soviet Union and the Dissolution of the Russian Federation“ („საბჭოთა კავშირის საბოლოო კოლაფსისა და რუსეთის ფედერაციის დაშლისათვის მზადება“ იხ. https://www.hudson.org/foreign-policy/preparing-final-collapse-soviet-union-dissolution-russian-federation) . საყურადღეობოა, რადგან ეს წერილი წარმოადგენს მეტ-ნაკლებად სისტემურ ხედვას, რაც არც თუ ხშირია სპამით წალეკილ დღევანდელ საინფორმაციო ოკეანეში.
ჰადსონის ინსტიტუტი ამერიკელ ნეო-კონსერვატორთა „think tanks“-ია, ერთ-ერთი ცნობილი ანალიტიკური ცანტრია და როგორც ამ წერილის მხოლოდ სათაურიდანაც, შინაარსს რომ თავი დავანებოთ, ცალსახად და მკაფიოდ იკითხება, გამოირჩევა ხისტი, მკვეთრად შეურიგებელი და ფაქტიურად საომარი რიტორიკით; ეს ინსტიტუტი ამერიკელი „ქორების“,პოზიციებსა და ინტერესებს მკაფიოდ ახმოვანებს; ხოლო „გლობალური ომის პარტიის“ ბირთვს სწორედ ესენი, ამერიკელი ნეო-კონსერვატორი „ქორები“ წარმოადგენენ; ამდენად, ამ წერილით და მასში მკაფიოდ გამოკვეთილი სისტემურად „ქორული მზერით“ აშკარავდება კიდეც ამ „გლობალური ომის პარტიის“ ზრახვებიც ამ „მსოფლიო პოსტ-ომში“ და მათ შორის, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია – ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებებიც.
როგორც აღვნიშნეთ, წერილის მხოლოდ სათაურიდანაც კი ცალსახაა, რომ ამ დამანგრეველი ომის შეჩერებაზე, ე.ი. რაიმე კომპრომისზე და მშვიდობის მიღწევაზე საუბარიც კი არ შეიძლება, ვინაიდან მიმდინარე ომს „ქორები“ და მაშასადამე, მთლიანად „გლობალური ომის პარტიაც“, განიხილავენ გარდაუვალ, უკვე წინასწარ, იმთავითვე, აპრიორულად განსაზღვრულ შეუქცევად ისტორიულ პროცესად: არც მეტი, არც ნაკლები – „საბჭოთა კავშირის კოლაფსის“ (?!) „საბოლოო“ ეტაპად; ეს ერთი შეხედვით თითქოსდა უცნაური, ახირებული ხედვაა, ვინაიდან თავის დროზე „ბოროტების იმპერიად“ წოდებული მონსტრი – საბჭოთა კავშირი უკვე 30 წელზე მეტია, რაც უკვე აღარ არსებობს და ოდენ ისტორიის კუთვნილებაა; ხოლო დღევანდელი რუსეთის და მისი ახლო საზღვარგარეთის – „საბჭოთა კავშირთან“ იდენტიფიცირება რბილად რომ ვთქვათ – ობიეტქური რეალობის დამახინჯებულად წარმოდგენაა; ისევე, როგორც წერილის ავტორის მეტად ახირებული „კონცეპტუალური“ მოსაზრება, რომ დიახ, ფორმლურად სსრკ ნამდვილად დაიშალა, მაგრამ იგი „არაფორმლურად“ თურმე კოლაფსირებას განაგრძობს; ხოლო ამის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება კი გახლავთ თურმე პოსტ-საბჭოური ომები – ჩეჩნეთის იქნება ეს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს, თუ დღეს უკრაინაში მძვინვარე ომი. ამ ევრაზიულ და ტიპოლოგიურად თურმე მაინც – „საბჭოთა“ სივრცეში ეს ომები, ავტორის სუბიექტური და როგორც ჩანს, ჰადსონის ინსტიტუტის ინტერ-სუბიექტური წარმოდგენითაც, სხვა არაფერია, თუ არა სსრკ-ს „დროსა და სივრცეში“ განგრძობადი შეუქცევადი, გარდაუვალი კატასტროფის პროცესი, რაც ამ სივრცის სრული დეკონსტრუქციით, საბოლოო კოლაფსით, თავად ამ ტიპოლოგიურად „საბჭოთა სივრცის“ მაფორმირებელი გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის, მისი ბირთვის – რუსეთის სახელმწიფოს დაშლით, უნდა დასრულდეს. ვინაიდან ეს სივრცე ისტორიულად სრული დეკონსტრუქციისათვის არის განწირული, თანმდევი ომებიც, მაშასადამე ესეც – უკრაინა-რუსეთის ომიც აბსოლუტურად გარდაუვალია;
ამდენად, „ქორების“ შეურიგებელი და ხისტი პოზიცია სავსებით ცალსახაა: მათ მიერ დემონიზებული ამ სივრცის დეკონსტრუქციას და კატასტროფას, მაშასადამე თანმდევ ომებსაც – ყოველმხრივ ხელი უნდა შეუწყოთ და ვემზადოთ იმისთვის, რაც „უმაღლესი განგებულობით“ თურმე უკვე გადაწყვეტილია; ხოლო ამ „უმაღლეს განგებულობაში“ გათვითცნობიერებული ლიუკ კოფი პროგნოზირებს, რომ „სსრკ-ს გარდაუვალი საბოლოო კოლაფსის“, რაც პრაქტიკულად – რუსეთის ფედერაციის დაშლაა, შედეგად მოხდება ამ სივრცის „დიდი აფეთქება“: მას ჩამოცილდება ნამსხვრევები, რომელთა გადანაცვლება მოხდება „თავისუფალი“, ანუ „ანტი-საბჭოთა“, ე.ი. ჩრდილოეთ-ატლანტური გეოპოლიტიკური სივრცის ორბიტაზე, მაგრამ ასევე – რაც იმ კოლაფსირებად სივრცეს თავს ვერ დააღწევს ერთგვარი „შავი ხვრელის“, რუსეთის გეოპოლიტკური მიზიდულობის გამო, იქ – იქნება სრული სინგულარობა, ანუ ჯოჯოხეთი და ღრჭიალი კბილთა!
რაც მთავარია: ავტორი დამღუპველ შეცდომად მიიჩნევს ამ, „საბჭოეთად“ იდენტიფიცირებული და სახელდებული, ამ სახელდებით მიზანმიმართულად დემონიზებული, მაშასადამე „კრულვითა დაღდასმულიც“, გეოპოლიტიკური სივრცის, ვითარცა ერთგვარი „ბოროტების სავანის“ როგორმე და რაიმე სახით გარდაქმნის, გაუმჯობესებისა ან გაკეთილშობილების, მოდერნიზების, რეფორმაციის, თუნდაც დასავლურად „ველური“ ათვისების, „დემოკრატიზაციის“ და ა.შ. რასაც ადგილი ჰქონდა „ცივი ომის“ დასრულების შემდგომ, დასავლურ პოლიტიკას. მისი აზრით, ამ სივრცის გარდაქმნა პრინციპულად შეუძლებელია, იგი უნდა „აფეთქდეს“ და კოლაფსირდეს. ხოლო დასავლური პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს ამ „დაწყევლილი სივრცის“ სრული კოლაფსის, მისი კატასტროფის არა თავიდან აცილება, მაშასადამე ასევე – რუსეთის აგრესიის ცივილიზებულობით შეკავებაც, არამედ პირიქით – ამ ბარბაროსული აგრესიის გამოწვევა -გაღვივების გზით მთლიანად ამ სივრცის „დიდი აფეთქება“!
ხაზგასასმელია – აქ, მთელს ამ ე.წ. ანალიტიკაში სიტყვა „საბჭოთა“ უკვე მაგიურ შინაარსს იძენს. ყველამ უკვე მშვენივრად იცის, რომ „საბჭოთა“ – ეს აბსოლუტური ბოროტების ბეჭედი და ნიშანია, ხოლო ვინც ამ ნიშნით აღბეჭდილია და ეს სახელი დაერქმევა, იგი სამარადისოდ დაწყევლილია და ამ წყევლისგან განკურნება, თუ არა „უკრაინიზაციით“ ანუ „მეიდანიზაციით“ (იგივეა – „ ვარდების რევოლუციით“) განწმენდის გარეშე, შეუძლებელია.
ლიუკ კოფის, „ქორების“ და „გლობალური ომის პარტიის“ არა მხოლოდ მიზანი, არამედ მათ მიერ კონსტრუირებული „ინტერ-სუბიექტური რეალობა“ წმინდად მანიქეველურია: ისინი აბსოლუტურ ბოროტებასთან, „საბჭოეთთან“, „სიბნელესთან“ მებრძოლი „ნათელის რაინდები“ არიან. და ჩვენც ამასვე მოგვიწოდებენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში გვემუქრებიან, რომ ჯოჯოხეთი არ აგვცდება, ვინაიდან „დიდი აფეთქების“, რასაც პროგნოზირებენ, შემდგომ, ჩვენი ადგილი იქნება არა „ნათელ“, არამედ „ბნელ“მხარეს, ანუ გამოგვამწყვდევენ სწორედ იმ კოლაფსირებად სივრცეში, რომელიც სინგულარობის, მარადიუილი ტანჯვისა და უბედურების ადგილსამყოფელია. უარესიც: უკრაინის მაგალითი ადასტურებს, რომ არა თავად დასავლეთია მეომარი „სინათლის რაინდის“ როლში, არამედ დასავლეთით შთაგონებული და მის მიერ აღჭურვილი უკრაინა, რომელიც, თუკი საჭირო გახდა, უკანასკნელ ჯარისკაცამდე „ბნელეთთან“ ბრძოლას უნდა შეეწიროს; სამაგიეროდ კი ჰპირდებიან, რომ ამ კოლაფსირებად სივრცეს თავგანწირვის ფასად თავს დააღწევს და თუკი გარარჩა, ან რაც მისგან გადარჩა, დასავლურ ორბიტაზე დამკვიდრდება!
ბუნებრივია – ზუსტად ანალოგიური პროექტია დაგეგმილი საქართველოსთვისაც. არც ჩვენ გვიტოვებენ არჩევანს – ან ჯოჯოხეთი, ანდა ჯოჯოხეთთან დასახსნელად „წმინდა ომში“ თავის გაწირვა.
ამ წმინდა წყლის მანიქეველური პროექტის – ე.ი. „საბჭოურობით“ დაღდასმული, სრულიად დემონიზებული ევრაზიული სივრცის კატასტროფის გამოწვევა, მთელ რიგ ფუნდამენტურ პრაქტიკულ პრობლემებთან რომ იქნება დაკავშირებული, ავტორი კარგად ხვდება, არ უშინდება და ჩამოთვლის კიდეც ამ ფუნდამენტურ პრობლემებს. მათ შორის, უწინარესად, ბირთვული შეიარაღების საბედისწერო საკითხსაც ახსენებს: რუსეთის ფედერაციას ამჟამად არა ნაკლებ 6 000-მდე სტრატეგიული დანიშნულების (ტაქტიკური მუხტები ანგარიშში აღარც ითვლება) ბირთვული ქობინი აქვს, რომელთა ბედი, თუკი კოლაფსი მართლაც მოხდა და ეს სახელმწიფო დაინგრა, სრულიად გაურკვეველია; ამ პრაქტიკულად გადაუჭრელ პრობლემას კი ახსენებს, მაგრამ მასთან დაკავშირებული ყოფნა-არყოფნის დილემა კი ავტორს თითქოს არც ადარდებს; არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ თურმე „ახლავე უნდა ვიფიქროთ ამაზეო!“ -ხოლო როგორ წარმოუდგენია მას 6 000 ბირთვული ქობინით გაძეძგილი გეოპოლიტიკური სივრცის „დიდი აფეთქება“ ანდა კოლაფსი – მის „ანალიზს“ მიღმა რჩება! არადა, აქ საღი აზრიდან გამომდინარე, ერთი შეხედვითაც, ყოველგვარი ღრმა ანალიზის გარეშეც, ერთადერთი და უალტერნატივო გადაწყვეტაა: რამდენიც არ უნდა იფიქრო, სხვას ვერაფერს მოიფიქრებ – იმ დენთის კასრს, რაზეც მთელი მსოფლიო შენივე ჩათვლით, ზის, არ შეიძლება ცეცხლი წაუკიდო!
მეორე საბედისწერო პრობლემა, რაც ამ დაწყევლილი ევრაზიული სივრცის კოლაფსირებას პრაქტიკულად უკავშირდება, ესაა ჯოჯოხეთური ქაოსის, სრული განუკითხაობის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უბედურების გაბატონება (თუკი ბირთვულ აპოკალიფსსაც როგორმე გადაურჩით) რუსეთის ფედერაციის დაშლის შედეგად წარმოქმნილ და ასევე, იმ პოლიტიკურ სუბიექტებში, რომლებიც ვერ მოახერხებენ „დიდი აფეთქების“ შედეგად, როგორც ნამსხვრევები, დასავლურ, ევრო-ატლანტურ სივრცეს მიეკედლონ. ეს ფუნდამენტური პრობლემა ავტორის მიერ მარტივადაა გადაწყვეტილი: უბედურების ზონა, რაც ამ უზარმაზარ კოლაფსირებად სივრცეში წარმოიქმნება, სრულად უნდა იქნას იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან, რათა ეს უბედურება სხგვაგან არ გავრცელდეს: ანუ გამოსავალია ზუსტად ის, როგორც კოვიდ-პანდემიის დროს: კარანტინი! ოღონდ აქ კარანტინის მეთოდი გაცილებით არაადამიანურია: უბედურების ზონის მოსაზღვრე, მონაპირე პოლიტიკური სუბიექტები ერთი-მეორესთან და პოსტ-რუსულ პოლიტიკურ წარმონაქმნებთან მუდმივ ომში იქნებიან ჩაბმულნი, რითიც შექმნიან ერთვარ გაუვალ ცეცხლოვან სარტყელს, რაც ამ კატასტროფის დიდ ზონას უარესი – ე.ი. ომის უბედურების მონაპირე ზონით, შემოსაზღვრავს! ასევე, „უკრაინიზებული“ ანუ ჩრდილო-ატლანტიკუ ორბიტაზე მოტრიალე ნამსხვრევები ამ სივრცისა, კარგად იქნებიან შეიარაღებულნი, რათა კოლაფსირებადი სივრცის საზღვრები, ე.ი. „ბჭენი ჯოჯოხეთისა“ გაფართოებისგან დაიცვან! ასევე, უკეთ შეიარაღდება თავდასაცავად არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მისი დიდი ზურგიც – მთელი ევროპა.
მესამე საბედისწერო პრობლემა, რასაც ავტორის „ქორული“ მზერა სწვდება, ხედავს, ახსენებს, მაგრამ თითქოს არც იმჩნევს – ეს ამ დაწყევლილ, „საბჭოთა“, კოლაფსირებად ევრაზიულ სივრცეში არა-დასავლური ანდა სულაც ანტი-დასავლური, ე.ი. თურქული და რაც უფრო საშიშია, ჩინური გავლენების გაფართოებაა; ამის წინააღმდეგ, რომ ეს უპატრონოდ შთენილი სივრცე მაგ. ჩინეთმა არ აითვისოს, რითაც თურქეთიც იხეირებს, „არ შემჩნევის“ ამგვარი გამოსავალი იგულისხმება: დესტაბილიზაცია და ქაოსი, რაც ამ სივრცეში რუსეთის ფედერაციის დაშლით შეიქმნება, იმდენად მძიმე იქნება, რომ მის დაძლევასა და წესრიგის ხელახლა დამყარებას, უზარმაზარი რესურსი დასჭირდება; ეს გარემოება იმდენად შეუშლის ხელს არადასავლური მიზნების რეალიზაციას, რომ ამ კოლაფსირებული სივრცის ხელახლა ათვისება ერთადერთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი: თუკი დასავლეთი ვინმეზე ამის ნებართვას გასცემს და რესურსების გამოყენების პირობებსაც დაუდგენს; ამდენად, ამ სივრცეში სხვა მოთამაშეები დასავლეთმა არც კი უნდა შეიმჩნიოს, რადგან იმ გეოპოლიტიკური ჩიხიდან, რაც ევრაზიის კონტინენტზე ამ უზარმაზრი კოლაფსირებული სივრცის გამო შეიქმნება, სხვა გამოსავალი, გარდა დასავლეთის ნების დაყოლისა, რაც განახლებული საერთაშორისო წესრიგის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება, აღარ იარსებებს! პრაგმატული თვალსაზრისით ეს ნიშნავს: ჩინეთი და თურქეთი ვერც რუსეთის ტერიტორიის ჩართვით და ვერც ამის გარეშე ევრაზიული დერეფნის (უწინარესად კი – „შუა დერეფნის“, სადაც ჩვენი ქვეყანაც მოიაზრება) პროექტს ვერ განახორციელებენ, თუკი ამ დერეფნის კონტროლი ისევ დასავლეთის, უფრო სწორედ – ჩრდილო-ატლანტური საზღვაო იმპერიის, სადაც აშშ არის მსოფლიო ოკეანეთა მეუფე და სრული ბატონ-პატრონი, ხელში არ მოექცევა.
მკითხველს თავს არ შევაწყენ ამ წერილიდან ვრცელი ციტირებით, არამედ მოკლე შინაარსის წარდგენის შემდგომ, საილუსტრაციოდ მომყავს წერილის დასკვნა სრული სახით:
„2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიის შეჭრამ უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან არნახულად შეცვალა ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონის უსაფრთოხების სიტუაცია. ევრაზიული მასივი რუსული სპეცოპერაციის – განსაკუთრებით კი უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, შედეგებს სრულად იგრძნობს მრავალი წლის განმავლობაში. პოლიტიკოსებმა უნდა აღიარონ ვითარების ისტორიული მნიშვნელობა და მოიქცნენ შესაბამისად.
უკრაინის საბრძოლო წარმატებამ უნდა შექმნას უნიკალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი უკანვე შეიდევნოს მისთვის განკუთვნილ გეოპოლიტიკურ ჩარჩოებში მრავალი თაობის განმავლობაში. ეს მოიტანს სრულიად ახალ, აქამდე არნახულ გეოპოლიტიკურ რეალობას. ამ რეალობისათვის მოსამზადებლად პოლიტიკოსებმა უნდა გამოიტანონ სწორი დასკვნები 90-იანი წლების გაკვეთილებიდან, როცა დასავლელი ლიდერები რუსეთის დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა თუ ლიბერალურ ეკონომიკურ რეფორმირებას გულუბრყვილოდ იმედოვნებდნენ, რაც არ მოხდა. თუკი რუსეთის ქცევამ 1991 წლიდან რაიმეში დაგვარწმუნა, მხოლოდ იმაში, რომ წარმოსადგენ მომავალში ნაკლებად სავარაუდოა იგი პასუხისმგებლიანი საერთაშორისო მოთამაშე გახდეს. ამის იმედი არ უნდა გვქონდეს და მიუღწეველზე კონცენტრირების ნაცვლად აშშ-ს ხელმძღვანელობამ უნდა გაატაროს პრაგმატული და რეალისტური პოლიტიკა საკუთარ ეროვნულ ინტერესებში.“ ხოლო როგორია ეს პოლიტიკა აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში, რაც „საბჭოურად დაწყევლილი“ ევრაზიული სივრცის კოლაფსირებას, „დიდ აფეთქებას“ და კარანტინში მომწყვდევას გულისხმობს, ზემოთაა წარმოდგენილი.
როგორც ამ დასკვნიდანაც მკაფოდ იკითხება, სწორედ ესაა ამ წერილის მთელი არსი: მანიქეველური პათოსით აღბეჭდილი „ქორული“ მზერა; ხოლო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს „ანალიზი“ გახლავთ ერთგვარი პროგრამა-პროექტის მონახაზი ახალი მსოფლიო წესრიგის მოსამზადებლად. ამ პროექტის მოკლე შინაარსი ასეთია: ძველის, რაც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა და 2022 წლის 24 თებერვლამდე გაძლო, ნაცვლად ახალი „Pax Americana”, რომელიც გაცილებით ხისტი და დაუნდობელი იქნება; ეს ახალი „Pax Americana” უნდა რეალიზირდეს მანიქეველური პროექტის სახით – ევრაზიის უზარმაზარი სივრცის, რაც იწოდება რა ისევ „საბჭოეთად“, მაშასადამე – ცხადდება დაწყევლილად, ამჯერად არა „დემოკრატიზაციის“, „მოდერნიზაციის“ ანდა „რეფორმაციის“, არამედ სრული დეკონსტრუქციის გზით, მისი საბოლოო კოლაფსირების მიღწევა და როგორც უბედურების ზონისა, „გეოპოლიტიკურ ჩარჩოებში“ კრანტინით მომწყვდევა! ეს უზრუნველყოფს, რომ ევრაზია, სადაც „შუახმელეთი“ („ჰარტლენდი“) კოლაფსირებულია, ახალი და უფრო ხისტი „Pax Americana”-ს გარეშე, ყოვლად უპერსპექტივო გეოპოლიტიკური ჩიხი გახდება. აქ არსებობის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც „Pax Americana”-ს ძაღლურად ერთგული მსახურებით შესაბამის ნებართვას მოიპოვებენ. ყველა დანარჩენი კი კოლაფსირებად სივრცეში, უბედურების ზონაში გაუთავებელი „ომების კარანტინით“ გამოემწყვდევა!
სამაგალითო და სამოდელო ქვეყნა, რომელმაც ამ „დაწყევლილი“ ევრაზიული სივრცის ტერმინატორის, მანიქეველური პროექტის ტრიგერის როლი უნდა ითამაშოს და ამით, ახალ „Pax Americana”-ში არსებობის უფლებაც მოიპოვოს, ცხადია, უკრაინაა. აქ უთუოდ უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინა – კონვენციური სახელმწიფოა; მისი წარმოშობაცა და არსებობაც იმდენად არა შინაგანი, არამედ, უპირატესად – საერთაშორისო შეთანხმებებით და გარეშე ნებით ინსპირირებული თუ იმიტირებული „თვითგამორკვევის“ შედეგია; მსგავს კონვენციურ სახელმწიფოებში, „კლასიკური“ ერი-სახელმწიფოების არსებობის წესისაგან განსხვავებით და უარესიც – საპირისპიროდაც, შიდა პოლიტიკა საგარეოს გაგრძელებაა, ხოლო თავად ეს – საგარეო პოლიტიკა კი ამგვარ კონვენციურ სახელმწიფოთა „გარანტორი“, სინამდვილეში – პატრონი, საერთაშორისო სუბიექტთა ნებითაა ნაკარნახები.
ჰადსონის ინსტიტუტის მიერ ლიუკ კოფის ავტორობით გამოქვეყნებული წერილი, როგორც აღვნიშნეთ, ფაქტიურად „გლობალური ომის პარტიის“ მიერ კონსტრუირებული ის „ინტერ-სუბიექტური რეალობაა“, რაც ყოფილი სსრკ-ს სივრცეში კოლაფსისა და „დიდი აფეთქების“ შედეგად მხოლოდ დასავლეთის ორბიტაზე მოტრიალე კონვენციურ სახელმწიფოთა ადგილს ტოვებს, ხოლო ვისაც სუვერენული ერი-სახელმწიფოს პრეტენზია აქვს, ვისთვისაც საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელბაა და ეროვნული მიზნების – მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფას ემსახურება, იგი ამ კოლაფსირებად სივრცეში უნდა გამოიკეტოს (როგორც, მაგ. თბილისში ჩამოსული ბენ ჰოჯესი ფაქტიურად უტიფრად დაგვემუქრა – „რუსეთის გვამზე ხელბორკილებით ხართ მიბმულნიო“ ).
ჰადსონის ინსტიტუტის, ე.ი. „გლობალური ომის პარტიის“ „ქორული“ მზერით – საქართველოს არსებობის ერთადერთი გზა – მისი „რე-უკრაინიზაციაა“. ანუ ჩვენ საკუთარი ნებით უარი უნდა ვთქვათ ერი-სახელმწიფოდ ყოფნაზე და კონვენციურობას, როგორც არა სახელმწიფო, არამედ კორპორაცია, რაც სხვა არც არაფერია, თუ არა ახალი „Pax Americana”-ს ძაღლური ერთგულება და მსახურება, უნდა დავყაბულდეთ – ე.ი. უნდა მოვადინოთ „ვარდების რევოლუციით“ (‘ქართული მეიდანი“) შობილი რეჟიმის რესტავრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყევლილებად გამოგვაცხადებენ და ჰადსონის ინსტიტუტის ტერმინებით რომ ვთქვათ, „საბჭოთა“კოლაფსირებად სივრცეში“ გამოგვამწყვდევენ. ხოლო ბენ ჰოჯესის ტერმინებით – „რუსეთის გვამზე ხელბორკილით მიგვაბავენ“ ანუ, როგორც სააკაშვილის ჯალათები ამას აკეთებდნენ – „გვამზე დაგვსკოჩავენ“…. საუბედუროდ, სხვა ხვედრი „ქორული“ მზერით კონსტრუირებულ „ინტერ-სუბიექტურ რეალობაში“ არ გველოდება. იქ მხოლოდ „უკრაინების“, როგორც კოლაფსირებადი სივრცის ნამსხვრევების, ვინაც ევრო-ატლანტურ ორბიტაზე მოხვდებიან, ადგილია!
რასაკვირველია: საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება , მსგავსი ნამსხვრევი, ე.ი. ერთ-ერთი „უკრაინათაგანი“. ამიტომაც, იმედია, „გლობალური ომის პარტიის“ უაღრესად სასტიკი „ინტერ-სუბიექტური რეალობა“ ობიექტურ რეალობად არასდროს გვექცევა!