ბერლინი, 21 აპრილი (როიტერსი) – გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილების მიღება უარყო. დასავლური ქვეყნების სამხედრო ალიანსი ომის დაწყების დღიდან მხარს უჭერს უკრაინას, მისი წევრი ქვეყნები კი კიევს იარაღით ამარაგებენ.
უკრაინას სურს, რომ სამხედრო ალიანსმა მას ბლოკის წევრობა შესთავაზოს.
„კარი ღიაა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების მიღების დრო არ არის“, – განაცხადა პისტორიუსმა ხუთშაბათს გვიან გერმანული საზოგადოებრივი ტელევიზიის (ZDF) ჟურნალისტის, მაიბრიტ ილნერის, გადაცემაში და დასძინა, რომ უკრაინამ იცის ამ გადაწყვეტილების შესახებ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას უკავშირდება, მხოლოდ სოლიდარობის გამო არ უნდა მივიღოთ, არამედ „ცივი გონებით და ცხელი გულით და არა პირიქით“.
უკრაინის ნატოში ან ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხს არ განიხილავენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეოთხე შეხვედრაზე, რომელიც პარასკევს სამხრეთ გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ ავიბაზაზე გაიმართება, დასძინა მინისტრმა.
ბორის პისტორიუსმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ომის დაწყებიდან პირველად ეწვია უკრაინას. სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე წლის ივლისში ქალაქ ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მიიწვია. ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პუნქტები იქნება.