პოლიტიკასხვადასხვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ ომს“

0

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ ომს“

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ღიად განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები, მათ შორის გერმანია, რუსეთთან ომში არიან ჩაბმული.
„და ამიტომ ბოლო დღეებია ვამბობ – დიახ, ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გავიღოთ უკრაინის დასაცავად. დიახ, ტანკებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, – განაცხადა ბერბოკმა, სამშაბათს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) მიმდინარე დებატებისას. „თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ის არის, რომ ამას ერთად ვაკეთებთ და ევროპაში ერთმანეთს არ ვადანაშაულებთ, რადგან ჩვენ რუსეთს ვებრძვით და არა ერთმანეთს“.
გერმანიის მწვანეთა პარტია, რომელიც სამშვიდობო მოძრაობიდან იღებს სათავეს, უკრაინაში უფრო მეტი იარაღის გაგზავნის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერია. პარტია ასევე აქტიურად უჭერდა მხარს „ლეოპარდ-2“-ის, მთავარი საბრძოლო ტანკების, გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც გერმანიის მთავრობამ ამ კვირაში დაამტკიცა.
გერმანიისა და შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ, რაც უკრაინაში თანამედროვე მთავარი საბრძოლო ტანკების გაგზავნას უკავშირდება, რუსეთი წყობიდან გამოიყვანა, რომელმაც ამ ნაბიჯს „უკიდურესად სახიფათო“ უწოდა და კრემლის მიერ დადგენილი „წითელი ხაზების“ დარღვევად მიიჩნია.
გერმანია ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას ეწინააღდეგებოდა, რადგან შიშობდა, რომ ასეთი ნაბიჯი ომის ესკალაციას გამოიწვევდა და ბერლინი რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში შევიდოდა. უკრაინაში კიდევ უფრო მეტი იარაღის გაგზავნას გერმანული საზოგადოებაც სკეპტიკურად უყურებს; თუმცა ბერბოკმა შარშან უკვე განაცხადა, რომ უკრაინისადმი მიცემული პირობების – „მნიშვნელობა არ აქვს თუ რას ფიქრობს ჩემი გერმანელი ამომრჩეველი“ – შესრულებას აპირებს.
რუსეთის საელჩომ განცხადებით მიმართა გერმანიის მთავრობას, რომელშიც ნათქვამია, რომ ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება „ეწინააღმდეგება გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომელთა თანახმადაც გფრ-ს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) ომში ჩართვის სურვილი არ აქვს. სამწუხაროდ, ეს ხშირად ხდება“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტანკის მიწოდება „კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას შეუწყობს ხელს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, ტანკების მიწოდებამ ცხადყო, რომ დასავლეთს „რუსეთის სტრატეგიული დამარცხება სურს“.
გერმანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხელმძღვანელმა, ტინო ხრუპალამ, კანცლერი ოლაფ შოლცი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა გერმანიის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებდა.
„ახლა კანცლერმა შოლცმა საბოლოოდ უნდა გამოავლინოს მშვიდობისმოყვარეობა და პოლონეთს უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემა აუკრძალოს. გერმანული ტანკები უკრაინას არ უნდა მიაწოდონ. ფედერალურმა მთავრობამ გერმანია ამ ომში არ უნდა ჩაითრიოს“, – განაცხადა ხრუპალამ.

წყარო: https://is.gd/JmLin0