7 ივნისი, 2023 წ.
გერმანიის ბიზნესის ფედერაციის (BDI) კვლევის თანახმად, სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია ტოვებს ქვეყანას ან კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ BDI-ის მიერ გამოკითხული საშუალო ზომის კომპანიების 16-მა პროცენტმა წარმოების ადგილის შესაცვლელად უკვე გადადგა მსგავსი ნაბიჯები, კვლევის თანახმად, კიდევ 30 პროცენტი აპირებს, რომ მათ კვალს გაჰყვეს.
„ჩვენ მიერ გამოკითხული კომპანიების თითქმის ორ მესამედს მიაჩნია, რომ ყველაზე აქტუალური პრობლემები ენერგომატარებლებისა და რესურსების ფასებია“, − განაცხადა BDI-ს პრეზიდენტმა ზიგფრიდ რასვურმმა.
„ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ფასები საიმედო უნდა იყოს და მუდმივად უნდა მცირდებოდეს კონკურენტულ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესის [მწვანე] ტრანსფორმაცია კრახს განიცდის. გერმანიაში ბიზნესპირობების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებს ეკისრებათ“.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც შეერთებულმა შტატებმა 500 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის „ინფლაციის შემცირების აქტი“ (Inflation Reduction Act) გამოაქვეყნა, რომელიც ე.წ. მწვანე მრეწველობას უზარმაზარ სუბსიდიებს სთავაზობს.
IRA-ისა და უეცრად გაზრდილი ენერგოფასების საპასუხოდ, ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია „ტესლამ“ (Tesla) ბერლინის მახლობლად ბატარეების ყველაზე დიდი ქარხნის აშენება გადაიფიქრა. ამერიკულმა გიგანტმა თებერვალში განაცხადა, რომ ყურადღებას შეერთებული შტატების ბაზარს მიაპყრობს.
ევროკომისიის პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა ევროზონის ყველაზე ნელა მზარდ ეკონომიკებს შორის იქნება, ამის მიზეზად კი მაღალი ენერგოფასები და ნახშირბადის ფასები დაასახელა.
„უკვე ვამჩნევთ, რომ ენერგოტევად მრეწველობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა“, − ამის შესახებ გერმანიის წამყვანი ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის − Ifo Institute-ის პრეზიდენტმა, კლემენს ფუესტმა, Augsburger Allgemeine-ს განუცხადა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა, აქტიური პოზიცია დაიკავა.
ამავდროულად, BDI-მა განმარტა, რომ უფრო ყოვლისმომცველი რეფორმები უნდა გატარდეს. „გერმანიის მრეწველობაში ინვესტიციების მოსაზიდად უნდა შემცირდეს ბიუროკრატიზმი და გადასახადები“, − განაცხადა რასვურმმა.