ეკონომიკასხვადასხვა

გერმანიის ეკონომიკა თავის დნმ-ს კარგავს

0

Voith Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტორალფ ჰააგმა „დი ველტთან“ გერმანიის პრობლემებზე ისაუბრა…

25 ივლისი, 2023 წ.

გერმანიის ეკონომიკა თავის დნმ-ს კარგავს. ჩვენი ქვეყანა ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ნაკლებად მიმზიდველია, უცხოელი ინვესტორები თავს იკავებენ და ყურადღებას განვითარებად ბაზრებზე ამახვილებენ, − განაცხადა მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია „ფოით გრუპის“ (Voith Group) პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტორალფ ჰააგმა გერმანულ გაზეთ „დი ველტთან“ (Die Welt) თავისი ქვეყნის პრობლემებზე ისაუბრა.

ჰააგის თქმით, Voith Group-ი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, საავტომობილო და ქაღალდის წარმოების სფეროებში ოპერირებს, ჯერჯერობით იცავს თავს ტექნიკური რეცესიისგან, რომელიც გერმანიაში გასულ კვარტალში დაიწყო. ჰააგმა გერმანიის კონკურენტუნარიანობის, ენერგეტიკული პოლიტიკისა და უცხოური ინვესტიციების მიმზიდველობის შესახებაც გამოთქვა შეშფოთება.

ჰააგმა გერმანიის დაჟინებულ სურვილს, უარი თქვას ენერგიის ტრადიციულ წარმოებაზე, როგორიცაა ქვანახშირი და ბირთვული განახლებადი ენერგიის წყარო, „პრობლემური“ უწოდა.

„არსებობს ამბიციური მიზნები, თუმცა მათ განსახორციელებლად საკმარისი სტიმული და მხარდაჭერა არ შეინიშნება. საჭიროა ნაკლები ბიუროკრატია, დამტკიცების უფრო სწრაფი პროცედურები და უფრო სწრაფი იმპლემენტაცია. დღევანდელი მუშაობის სტილი, გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგს ვერ მოიტანს“, − განუცხადა ჰააგმა გერმანულ გაზეთს.

შეკითხვაზე, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ჰაიდენჰაიმში (ამ ქალაქში მდებარეობს კომპანიის შტაბბინა) მუშაობისას, ჰააგმა უპასუხა: „გერმანიაში საინვესტიციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო და უფრო რთულდება“.

„სიმართლე გითხრათ, ამჟამად უპირატესობას ვანიჭებთ აღმოსავლეთ ევროპას, აზიას ან შეერთებულ შტატებს, როდესაც საქმე ახალი საწარმოო ობიექტების გახსნას ეხება, რადგან გერმანიაში ენერგომატარებლებსა და პერსონალის ხელფასებზე დიდი თანხები იხარჯება, ამავდროულად კი იზრდება ბიუროკრატია და კონტროლის მექანიზმები“.

ჰააგის თქმით, გერმანიის დეინდუსტრიალიზაციის საფრთხე „ძალიან მაღალია“, ქვეყანაში ინდუსტრიული აქტივობა მცირდება, რადგან კომპანიები სხვა ქვეყნებში ცდილობენ ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას.

„ფოით გრუპის“ ხელმძღვანელის შეშფოთებას, რომელიც გერმანიის მრეწველობის მდგომარეობას უკავშირდება, ის მონაცემები და მოხსენებებიც ამყარებენ, რომლებშიც, როგორც წესი, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალზეა საუბარი.

გასულ კვირას საშუალო ზომის ბიზნესის ფედერალური ასოციაციის (BVMW) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროპაში ყველა საშუალო ზომის კომპანიის დირექტორების 26 პროცენტი თავისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ფიქრობს, 22 პროცენტი კი საქმიანობის საზღვარგარეთ გაგრძელებით არის დაინტერესებული.

კომპანიების ხელმძღვანელები უკმაყოფილების ორ მთავარ მიზეზად გაზრდილ ბიუროკრატიასა და მძიმე საგადასახადო ტვირთს ასახელებდნენ.

ასევე, 2023 წლის პირველ კვარტალში ფაბრიკა-ქარხნებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შეკვეთები, იკლო სამრეწველო წარმოებამ. წინა თვესთან შედარებით, მარტში 10.7-პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა, რაც ყველაზე დიდი კლებაა 2020 წლის შემდეგ.

მომხმარებლებში უკმაყოფილება იზრდება. გასულ თვეს ინფლაცია 6,8-პროცენტიან ნიშნულს მიუახლოვდა, რაც წინა სამ თვეში დაფიქსირებულ კლების ტენდენციას ეწინააღმდეგება.

https://rmx.news/germany/risk-of-german-de-industrialization-is-very-great-due-to-increase-in-red-tape-and-problematic-energy-transition-leading-ceo-claims/