„იენს სტოლტენბერგთან ჩემი ბოლო შეხვედრისას კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ ალიანსი არასოდეს არ უნდა გახდეს კონფლიქტის მხარე. აქედან გამომდინარე ვერ ვუპასუხებთ შეკითხვას, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეხება, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება“
6 ივლისი, 2023 წ.
გერმანელმა მაღალჩინოსნებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში დასავლეთის მიერ სიტუაციის გამწვავების გამო და მიანიშნეს, რომ ბერლინი ყველაზე პროვოკაციულ წინადადებებს წინააღმდეგობას გაუწევს.
კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიას არ სურს უკრაინას უფრო შორი მოქმედების იარაღი გაუგზავნოს, რადგან ეს იარაღი შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენონ. ლონდონმა კიევს უკვე მიაწოდა Storm Shadow-ის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 155 მილზე მეტია. ბოლო ინფორმაციით, თეთრი სახლი კიევს დიდი ალბათობით გაუგზავნის „არმიის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს“ (ATACMS), რომელთა მოქმედების რადიუსი დაახლოებით 200 მილია.
გასულ თვეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე თავდასხმისას შორი მოქმედების იარაღის გამოყენებამ შესაძლოა მოსკოვსა და NATO-ს შორის უშუალო კონფლიქტი გამოიწვიოს. „ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ ამ რაკეტების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ბოლომდე ჩაერთვებიან კონფლიქტში, რასაც უკრაინაში მოქმედ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დაუყოვნებელი თავდასხმები მოჰყვება“.
კიევი ბერლინს Taurus KEPD 350 რაკეტების გაგზავნას სთხოვს. ეს არის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 300 მილზე მეტია. შოლცის თქმით, გერმანია განიხილავს უკრაინელთა თხოვნას.
გერმანია მთელი ომის განმავლობაში ინტენსიურ ზემოქმედებას განიცდიდა იმის გამო, რომ ზოგჯერ ბერლინი კიევის ყველა მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. ამის მიუხედავად, ბერლინი რამდენიმეჯერ მაინც დაემორჩილა კიევის მოთხოვნებს. მაგალითად, გერმანიას არ სურდა, რომ უკრაინისთვის თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკები (Leopard 2) გაეგზავნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა პირობა დადეს, რომ თანამედროვე ტანკებს გაგზავნიდნენ, გერმანიამ უკრაინას ათობით Leopard 2 გადასცა.
რამდენიმე გერმანული ტანკი ბრძოლის ველზე უკვე გაანადგურეს, კიევი კი ბერლინს ახალი ტანკების გაგზავნას სთხოვს. ამასობაში კი ამერიკული ტანკები (M1 Abrams) უკრაინაში ჯერ არ ჩასულა.
ბერლინი წინააღმდეგია, რომ მომავალ კვირას ვილნიუსში გამართულ ალიანსის სამიტზე უკრაინას NATO-ში გაწევრიანების ოფიციალური გრაფიკი მისცენ. ორშაბათს Rzeczpospolita-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ალიანსი კიევს რუსეთთან ომის დასრულებამდე სამხედრო ბლოკში გაწევრიანების პირობებს ვერ განუსაზღვრავს.
„NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ჩემი ბოლო შეხვედრისას კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ ალიანსი არასოდეს არ უნდა გახდეს კონფლიქტის მხარე. აქედან გამომდინარე, ვერ ვუპასუხებთ შეკითხვას, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეხება, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება“, − აღნიშნა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ გერმანია მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის საბრძოლო მოქმედებებს, ვიდრე კონფლიქტი არ დასრულდება. მისი თქმით, ბერლინი უახლოეს კვირებში კიევს ათეულობით ძველ ტანკს (Leopard 1) გაუგზავნის.
https://libertarianinstitute.org/news/germany-concerned-with-western-escalations-in-ukraine/