ეკონომიკასხვადასხვა

გერმანიაში ნდობის კრიზისის ზრდის გამო საშუალო ზომის ბიზნესის ნახევარს მუშაობის შეწყვეტა ან საზღვარგარეთ გადასვლა სურს

0

19 ივლისი, 2023 წ.

თითქმის ყოველი მეორე საშუალო ზომის ბიზნესი მუშაობის შეწყვეტას ან საქმიანობის საზღვარგარეთ გაგრძელებას ფიქრობს, მიზეზად კი ძალიან დიდ ბიუროკრატიასა და მაღალ გადასახადებს ასახელებს.

გერმანიაში არსებული ბიზნესკლიმატის შესახებ ძალიან არასასიამოვნო დასკვნა საშუალო ზომის ბიზნესის ფედერალური ასოციაციის (BVMW) მიერ ჩატარებული გამოკითხვით გახდა ცნობილი.

გამოკითხვის თანახმად, ევროპაში ყველა საშუალო ზომის კომპანიის დირექტორების 26 პროცენტი თავისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ფიქრობს, 22 პროცენტი კი საქმიანობის საზღვარგარეთ გაგრძელებით არის დაინტერესებული.

დირექტორები ხელისშემშლელ ფაქტორებად გერმანიაში ახალი რეგულაციების მუდმივ ნაკადსა და მძიმე საგადასახადო ტვირთს ასახელებენ. მათ უკმაყოფილებას სწორედ ეს ორი გარემოება განაპირობებს.

დირექტორთა ერთი მესამედის აზრით, გერმანიაში ბიზნესის წარმოებას მზარდი ბიუროკრატია უშლის ხელს, ხოლო დირექტორთა ერთ მეოთხედზე მეტი ყველაზე დიდ დაბრკოლებად მაღალ გადასახადებსა და საბაჟო გადასახადებს მიიჩნევს. სხვები კი საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორად კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს ასახელებენ.

„ჩვენი გამოკითხვის შედეგები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამაფრთხილებელი სიგნალი“, − განაცხადა BVMW-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარე მარკუს ჯერგერმა.

მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SMEs) გერმანიის ეკონომიკის ხერხემალია. ასეთი ტიპის საწარმოებში 40 მილიონზე მეტი გერმანელია დასაქმებული. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის შეშფოთებას მრეწველობის გაციფრულება იწვევს, რაც BVMW-ის აზრით, საერთაშორისო კომპანიებს შორის უფსკრულის შექმნას უწყობს ხელს.

„იმისათვის, რათა ჩვენმა ეკონომიკამ მომავალში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, გაციფრულება უნდა გავზარდოთ! სახელმწიფო და საჯარო მმართველობის ეფექტიანობა უკან რჩება. უზარმაზარ ტექნოლოგიურ გიგანტებზე დამოკიდებულება სულ უფრო მეტად ზღუდავს საშუალო ზომის კომპანიების შესაძლებლობებს“, − აღნიშნა ცოტა ხნის წინ ჯერგერმა.

ბიზნესსაქმიანობის თვალსაზრისით, გერმანიის მიმართ რწმენას მხოლოდ ადგილობრივი კომპანიები არ კარგავენ: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გერმანიაში უცხოური ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა, შარშან კი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნული დაფიქსირდა.

Ifo Business Climate Index-ის ინფორმაციით, ბოლო დროს გერმანიის ეკონომიკის მიმართ ნდობა შემცირდა და იანვარში ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც 21 ინდუსტრიული ქვეყანა მონაწილეობდა, გერმანიამ ბოლოდან მეოთხე ადგილი დაიკავა. კვლევა ქვეყნების კონკურენტუნარიანობას ეძღვნებოდა.

„თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, ბიუროკრატიული სიმძიმე საოჯახო ბიზნესს გაანადგურებს“, − განაცხადა Foundation for Family Businesses-ის თავმჯდომარე რაინერ კირჩდორფერმა.

https://rmx.news/germany/half-of-german-medium-sized-businesses-want-to-shut-down-or-move-abroad-as-confidence-crisis-grows/