ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი დასავლეთს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.
დასავლეთმა უკრაინის მთავრობისგან დამოუკიდებლად თავად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, აცხადებს ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი.
გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჰაბერმასი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თანამედროვე თეორეტიკოსად ითვლება, ვარაუდობს, რომ იმ შეთხვევაშიც კი თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზადყოფნას არ გამოთქვას, დასავლეთმა მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა მიაღწიოს ურთიერთდათმობის შეთანხმებას.
გერმანელი მოაზროვნის მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ, რასაც პასუხად რუსეთის თავდასხმები მოჰყვება, შეიძლება „მთვარეულის მსგავსად უფსკრულის პირას“ აღმოჩდნენ, რადგან განსაზღვრული არ აქვთ დახმარების ზუსტი მიზანი და არ იჩენენ პასუხისმგებლობას, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც მათ უკრაინის მიტოვება ან ამ ომში ჩართვა მოუწიოთ.
ჰაბერმასის თქმით, იარაღის გადაცემის შესახებ ორი, ბუნდოვანი და კონკურენტი განსაზღვრება გამოიკვეთა. პირველი – უკრაინა ვერ წააგებს, მეორე – რუსეთი უნდა დამარცხდეს. საბედისწერო შეცდომაა, როდესაც დასავლეთის მხარდაჭერის ზუსტი მიზანი ვერ განისაზღვრა. ასევე არათანმიმდევრულია და უპასუხიმგებლობაა, რომ კიევის გადასაწყვეტი გახდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება და მან განსაზღვროს ამ მოლაპარაკებების საფუძველი.
გერმანელმა ფილოსოფოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომის გაგრძელების თვალსაზრისით დასავლეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მან ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით გამოწვეულ კატასტროფულ შედეგებზე მორალური პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება. ჰაბერმასი აცხადებს, რომ უკრაინისთვის უფრო და უფრო მეტი თანამედროვე იარაღის მიწოდებამ შეიძლება შეუმჩნევლად მიგვიყვანოს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარზე.
ჰაბერმასის თქმით, ეს იმაზე მიუთითებს რომ დასავლეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად ინიციატივა თავად უნდა გამოიჩინოს. თუმცა ჯერ კიდევ არ ჩანს იმის ნიშნები, რომ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზადაა, ამ დროს კი აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიების ოკუპაციამ კიევისთვის მიუღებელი სიტუაცია შექმნა.
ეს, ალბათ, პასუხია დასავლელი მოკავშირეების დაშვებულ შეცდომაზე, რომლებმაც თავიდანვე განზრახ მოაქციეს რუსეთი ინფორმაციულ ვაკუუმში სამხედრო მხარდაჭერის მიზანთან დაკავშირებით, რადგან ორაზროვნობამ ნათელი ვერ მოჰფინა დასავლეთის რეალური მიზნის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, როგორიცაა რუსეთში რეჟიმის შეცვლა, რაც კრემლისთვის მიუღებელია, დასძინა ჰაბერმასმა.
ადამიანური მსხვერპლის გარდა, ომი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტ მატერიალურ რესურსს მოითხოვს, რასაც უსასრულოდ ვერ ჩაანაცვლებ. ჰაბერმასის განმარტებით, მხოლოდ ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ღია მოლაპარაკებების დასაწყებად დასავლეთმა აქტიური ზეწოლა უნდა განახორციელოს.
წყარო: https://is.gd/h1Fai1