9 ივნისი, 2023 წ.
ევროკავშირის გეგმა, რომელიც უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებას უკავშირდება, ბლოკის წევრი ქვეყნების „სამხედრო ძალაუფლების უზურპაციისკენ“ გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, მარკუს ბუჰაიტმა, განაცხადა.
ბუჰაიტის თქმით, კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალების რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად, სინამდვილეში არის მცდელობა, რომ ბრიუსელმა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბრიუსელს ამის კარგი შანსი მისცა. ბევრი ევროკრატი ზელენსკის ადმინისტრაციის თავდაცვითი ომის ძალისხმევას დღემდე მხარს უჭერს.
ამ მიზნების განსახორციელებლად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტის შესახებ“ (ASAP), რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გასაგზავნი საბრძოლო მასალებისა და რაკეტების რაოდენობის გაზრდას უჭერს მხარს, ასევე დაეხმაროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაცარიელებული იარაღის საწყობების შევსებაში.
„ბრიუსელი ამ კანონპროექტით სამხედრო ძალაუფლების უზურპაციას ეწევა, რათა საბრძოლო მასალების წარმოება გაზარდოს“, − განუცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა Breitbart Europe-ს და დასძინა, რომ მისი პარტიის აზრით, „თავდაცვითი პოლიტიკა ეროვნული სახელმწიფოების ექსკლუზიურ პასუხისმგებლობად უნდა დარჩეს“.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის ზედმეტად გულმოდგინე და გადაჭარბებული ქმედებების გამო, ამ შეიარაღებულ კონფლიქტში არ ჩაერთონ, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპაში არსებულ მშვიდობას და დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს გაართულებს“, − დასძინა ბუჰაიტმა.
ჯერ კიდევ უცნობია, დარჩებიან თუ არა წევრი ქვეყნები ასეთი კონტროლის ქვეშ, რადგან ბრიუსელი ბლოკის წევრ დამოუკიდებელ ქვეყნებს, მაგალითად, უნგრეთს − ანტირუსული სანქციებისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის გამო უპირისპირდება.
..