პოლიტიკასხვადასხვა

გამოკითხვა: რობერტ ფ. კენედი უმცროსი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს

0

16 ივნისი, 2023 წ.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი, რომელიც 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან იყრის კენჭს, ამჟამად ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს როგორც დემოკრატ, ისე რესპუბლიკელ კონკურენტებს შორის.

Economist-ისა და YouGov-ის ერთობლივი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, კენედის მიმართ კეთილგანწყობა რესპონდენტთა 49 პროცენტმა გამოხატა. The Hill-ის ინფორმაციით კი, მისდამი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება რესპონდენტთა 30-მა პროცენტმა დააფიქსირა.

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა (რპ) და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა (დპ) მეორე ადგილი დაიკავეს. ორივე მათგანს გამოკითხულთა 44-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. თუმცა, მონაცემების თანახმად, ტრამპმა ბაიდენთან შედარებით -10 წმინდა კეთილგანწყობა დაიმსახურა, თეთრი სახლის ახლანდელმა მთავარმა ბინადარმა კი -9.

რესპუბლიკელ სენატორ (სამხრეთი კაროლინა) ტიმ სკოტს გამოკითხულთა 33 პროცენტი დადებითად აფასებს, 25 პროცენტი კი უარყოფითად. რესპუბლიკელმა ვივეკ რამასვამიმ რესპონდენტთა 26 პროცენტის კეთილგანწყობა დაიმსახურა, 19-მა პროცენტმა კი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. გამოკითხვის მონაცემების თანახმად, სკოტმა და რამასვამიმ 8 ქულით წმინდა კეთილგანწყობის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავეს.

იურისტ-ეკოლოგისტი რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი, რომელსაც „კოვიდ-19“-ისა და სხვა ტიპის ვაქცინებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო მსოფლიო საზოგადოება კარგად იცნობს, აშშ-ის ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის, ძმისშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორის − რობერტ ფ. კენედის, ვაჟია.

The Hill-ის ცნობით, კენედიმ დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა მხარდაჭერა მოიპოვა. მას დემოკრატების ამომრჩეველთა დაახლოებით ერთი მეხუთედი უჭერს მხარს.

Economist-ისა და YouGov-ის ერთობლივ გამოკითხვაში, რომელიც 10-13 ივნისს ჩატარდა, 1,500 რესპონდენტი მონაწილეობდა.

წყარო: https://thepostmillennial.com/rfk-jr-ranks-highest-in-favorability-among-all-2024-presidential-candidates-poll