23 მაისი, 2023 წ.
იორდანიის საჰაერო ძალების გადამდგარმა გენერალმა, მამუნ აბუ ნოვარმა, ‘ალ ჯაზირას’ (Al Jazeera) განუცხადა, რომ მისი რწმენით, უკრაინის არმიას კონტრშეტევის წამოწყება არ შეუძლია, რადგან საჭირო აღჭურვილობა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა კიევს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები, საარტილერიო ჭურვები, ტანკები და ავიაგამანადგურებლები გადასცეს.
„მათ არ ჰყავთ ავიაცია, არ ჰყოფნით F-16-ები. ამ თვითმფრინავის პილოტების მომზადებას მინიმუმ ექვსთვიანი ტესტირება და სასწავლო პროგრამა სჭირდება. ‘პეტრიოტები’, F-16-ები და სხვა სახის აღჭურვილობა სტრატეგიულ ცვლილებას ვერ მოახდენენ, ისინი უკრაინელებისა და რუსებისთვის ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლიან“, – განაცხადა აბუ ნოვარმა.
ახლა თავდაცვითი ომი მიმდინარეობს. „ორივე მხარე ურთიერთგამოფიტვის ომის წარმოებას ცდილობს, თუმცა არაფერი არ იცვლება“, – დასძინა გენერალმა.
დღევანდელი მონაცემებით, დასავლეთმა უკრაინას 128 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა (მათ შორის ქვეყნის მყიფე ბიუჯეტის დასაფინანსებლად). აქედან 52 მილიარდი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებსა და ინსტიტუტებზე მოდის, დანარჩენი თანხა კი შეერთებულმა შტატებმა გაიღო.
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ‘დიდი შვიდეულის’ (G7) სამიტის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინას შეიძლება F16-ები გაუგზავნონ, რასაც უკრაინა დღემდე უშედეგოდ ითხოვს.
მარტში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნით არტილერია, ტანკები, საბრძოლო მასალები და ავიაგამანადგურებლები. ლვოვში ლატვიელ კოლეგა ეგილს ლევიტსთან ერთობლივი პრესკონფერენციისას, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ომის მოსაგებად მის ქვეყანას კიდევ უფრო მეტი შეიარაღება უნდა გაუგზავნონ.
„ყველაზე ძალიან არტილერია გვჭირდება. როგორც სისტემები, ასევე საბრძოლო მასალები და ბევრი ჭურვები“, – დასძინა ზელენსკიმ.
წყარო: https://rmx.news/ukraine/ukraine-lacks-equipment-for-counterattack-according-to-retired-general/