რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

გაბზარული ციტადელის ქრონიკები

0

დავით ქართველიშვილი

ვისთვის როგორ, მაგრამ ბავშვობიდან ჩემთვის ჯერ გაუგებარი სიტყვა „კონსერვატიზმი“ – გაიგივებული მქონდა ბრიტანეთთან, მონარქიასთან, ტრადიციონალიზმთან. იგივეზე მითითებდნენ გამოჩენილი ინგლისელი და შოტლანდიელი მწერლების – გოლსუორსის თუ სტივენსონის ნაწარმოებები. გავიზარდე და ჩემი პრიორიტეტული კუმირი როკ-მუსიკოსები ისევ შოტლანდიელები ან ინგლისელები გახდნენ: Nazareth-იდან Led Zeppelin-ამდე. თუ ფეხბურთი იყო – ისევ ინგლისური პრემიერ-ლიგა. თუ დახვეწილი, განუმეორებელი იუმორით გაჟღენთილი კინემატოგრაფი მიზიდავდა – ეს იყო ინგლისური ისტორიული და თანამედროვე შედევრები. თუ სპეცსამსახურების სიძლიერეზე ჩამოვარდებოდა საუბარი – კონკურენტგარეშე იყო ლეგენდარული MI-6, თავისი უკვდავი კინოგმირით, ჯეიმს ბონდით. ამიტომ, როდესაც თანამედროვე დასავლურმა „ცივილიზაციამ“ თავის ოდესღაც მიმზიდველ ფასეულობებში „ჩაილურის წყლით“ დაიწყო წყურვილის დაკმაყოფილება, მომეჩვენა რომ Brexit-ის პროცედურით, დიდი ბრიტანეთი ცდილობს თავი დააღწიოს ამერიკული ფსევდოლიბერალიზმის მეტასტაზებში გახვეულ ევროკავშირს, რათა თავისი თვითმყოფადობა შეენარჩუნებინა, აი ის – თუნდაც „ფორსაიტებზე საგაში“ რომ არის აღწერილი. მაგრამ საუბედუროდ, როგორც ჩანს აქაც მწარედ ვცდებოდი.

ამჟამად ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს პროტესტანტულ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ავტორიტეტული – ანგლიკანური ეკლესიის სიღრმისეული და ფასეულობათა დონეზე კრიზისი, რომელიც თითქოს და ელოდებოდა დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებას, რათა მოჩვენებითი ტრადიციონალიზმის მძევლობიდან განთავისუფლებულიყო იმისთვის, რომ ახალ მძევლობას დაებატონებინა თავი – ადამიანის ღვთაებრივი ბუნების საწინააღმდეგო ყველაზე გაუკუღმართებული ცოდვის სახით. აღნიშნული სამწუხარო პროცესები არაერთგზის იქნა განხილული ჩვენს მიერ, მაგრამ „უბედურება მარტო არ მოდის“. ადვილად წარმომიდგენია უმძიმესი განსაცდელის პირას მყოფი კენტიბერიელი არქიეპისკოპოსის მორიგი კოშმარი, როდესაც მან ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტის რეკომენდაციას გაეცნო. აღნიშნულმა, ოდესღაც სახელგანთქმულმა, უმაღლესმა სასწავლებელმა თავის სტუდენტებზე გასცა შემდეგი სახის რეკომენდაცია: უარი თქვან საკუთარი „გვარისა“ და ნათლობის „სახელის“ საჯარო ხსენებისაგან.

თავისი გადაწყვეტილება უნივერსიტეტის მესვეურებმა იმით ახსნეს, რომ „გვარი“ მიუთითებს მამის ხაზით წინაპრების გენეოლოგიაზე – და აღიქმება, როგორც ნამეტანი „პატრიარქალური“ მათ მიმართ, ვისაც საკუთარი საგვარეულო შტო არ ახსოვს. ხოლო „ნათლობის სახელი“ – არაქრისტიანთა გრძობებს შეურაცხყოფს თურმე. ამ ავადმყოფურ ბოდვებს უკვე გამოეხმაურა ბრიტანელი არაქრისტიანული კონფესიული თემების წარმომადგენლები, რომლებმაც პირიქით, დაადასტურეს თავისი პატივისცემა სხვა რელიგიების საიდუმლოებების მიმართ. აქედან გამომდინარე, ამ სიგიჟის დამკვეთებში, უნდა ამოვიცნოთ სულ სხვა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები: გენდერული და რასობრივი კვოტების, ანტიქრისტიანული მოძრაობების დამფუძემდებლები. კენტის უნივერსიტეტის ოფიციალური საიტის პირველ გვერდს ამშვენებს დევიზი: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამბიციებს!“. მეორე გვერდზე ვხვდებით მორიგ „სიბრძნეს“: „იმ ამბიციების მოსაპოვებლად, რომლებიც თქვენ ნებისმიერ გზაზე დაგაყენებენ – დაიწყეთ კენტით!“. ხოლო აგვირგვინებს ამ კონცფციას საიტის მესამე გვერდი: „იმისდა მიუხედავად, რა შორს შეტოპეთ – თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტს მიაღწიოთ!“.

ძნელია იმის პროგნოზი, თუ რამდენად შორს შეიძლება შეტოპოს ბრიტანულმა სახიფათო ექსპერიმენტებმა საკუთარ იდენტობასთან, მაგრამ როგორც ჩანს საზოგადოებაში ჩნდება ძალა, რომელიც მზადაა ყოველივე ამას წინ აღუდგეს, თუმცა თავის ზრახვებსა და მზაობაში – ის არანაკლებ რადიკალური და სახიფათოა. გაიცანით – ახალი ბრიტანული ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობა. თავდაპირველად, სახელწოდებით „პატრიოტული ალტერნატივა“ – ეს ნეონაცისტური მოძრაობა ჩამოყალიბდა 2019 წელს, რომლის იდეოლოგიად გამოცხადებული იყო „თეთრკანიანთა სიამაყე“. მისი ძირითადი პათოსია: ადგილობრივი „აბორიგენების“ – ინგლისელების, ჩრდილო ირლანდიელების, შოტლანდიელების და უელსელების ინტერესების დაცვა და მათივე ისტორიულ მიწებზე, მათი მადისკედიტირებელი პოლიტიკის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა. ბრიტანული „თეთრი ნაციონალიზმი“ თანდათან დაშორდა თავის თავდაპირველ ანტიისლამურ რიტორიკას და ტრადიციულ საოჯახო ფასეულობების დაცვით შემოიფარგლა, ისტორიული ნიადაგისა და ბრიტანეთის დამფუძნებელი ხალხების ინტერესების სადარაჯოზე ყოფნის საფუძველზე. მკვეთრადაა ჩამოყალიბებული ყოველივე ის, რის წინააღმდეგაც ილაშქრება აღნიშნული მოძრაობა: შავკანიანთა, ფერადკანიანთა, ინდიელთა, აზიელების, მუსულმან-ისლამისტების მიგრაციული პროცესები, LGBTQ+ თემები, „ვაქსერები“ და კარანტინების მომხრეები.

მოძრაობის ლიდერია – მარკ კოლეტი, ბრიტანული ნაციონალური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყოფილი თავმჯდომარე და საზოგადოებასთან ურთიერთობების ექს-დირექტორი. საზოგადოება ორიენტირებულია ახალგაზრდა ლიდერების თაობების აღზრდაზე, გამიზნულად მუშაობს სოციალურ ქსელებში და შექმნა თავისი ფილიალების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრები არ ტოვებენ მარგინალების შთაბეჭდილებას და მზარდი პოპულარობით სარგებლობენ. ინგლისში მიგრანტების წინააღმდეგ ბოლოდროინდელ შეტაკებებში, სწორედ ამ ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, რა მიმართულებით განვითარდება ბრიტანეთში ამ უკიდურესად დაპირისპირებულ იდეოლოგიურ ფასეულობათა შორის გამოუცხადებელი ომი. ფაქტი კი ერთია – უკიდურესად გაუკუღმართებული, ოდესღაც ტრადიციული საზოგადოებებისათვის თავსმოხვეული ღმერთმებრძოლი პროცესები, როგორც წესი იწვევენ არანაკლებად რადიკალურ საპირწონე რეაქციას. და ამ ორ პოზიციას შორის „ოქროს შუალედი“ ნამდვილად არ იკითხება – რაც მხოლოდ და მხოლოდ სატანისტური ძალების ზეიმს შეიძლება მივაკუთვნოთ და მით უფრო დავაფასოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ საკუთარი ეროვნული საბაზისო ფასეულობები.