ეკონომიკასხვადასხვა

FTX კლიენტებს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნაღდ ფულსა და კრიპტოვალუტას დაუბრუნებს

0

შეგახსენებთ, რომ კომპანია FTX და მისი დამფუძნებელი სემ ბეკმან-ფრიდი დიდ ფინანსურ სკანდალში, შუალედური არჩევნების შემდეგ აღმოჩნდნენ. უკვალოდ გაქრა პლატფორმის მომხმარებელთა კუთვნილი მილიარდობით დოლარი, კომპნაიამ კი ბანკროტი გამოაცხადა. საქმის გასაჯაროების შემდეგ, მნიშვნელოვანი ასპექტები გახდა ცნობილი -კომპანიის დამფუძნებლის საიდუმლო კავშირები ბაიდენის ადმინისტრაციასთან. ბეკმან-ფრიდმა შუალედურ არჩევნებში დემოკრატების საარჩევნო კამპანია 40მლნ აშშ დოლარით დააფინანსა. საინტერესო გარემოებაა, რომ ონლაინ კრიპტო-ბირჟის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი უკრაინა გახლდათ. აღნიშნული საეჭვო გარემოებები ამერიკულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა.

ავტორი ტორი ნეიმარი

ციფრული ვალუტის გადამცვლელი ონლაინკომპანია FTX-ი აცხადებს, რომ აბრუნებს 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნაღდ ფულსა და ციფრული ვალუტის აქტივებს, რომლებსაც კლიენტებისა და ინვესტორების დასახმარებლად გაყიდის. ამის შესახებ FTX-ის ადვოკატმა, ოთხშაბათს, გაკოტრების საქმეებზე მომუშავე სასამართლოს (დელავერის შტატი) განუცხადა.
ადვოკატ ენდრიუ დიტდერიხის თქმით, კომპანიის მრჩევლებმა დაადგინეს კრიპტოვალუტის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლის გაყიდვაც გაცილებით რთული იქნება თუ ამ ციფრული ტოკენების საბაზრო ფასი არ შემცირდება. მისივე თქმით, კომპანია სხვა ‘არასტრატეგიული ინვესტიციების’ გაყიდვასაც ცდილობს, რომელთა საბალანსო ღირებულება 4,6 მილიარდი აშშ დოლარია.
ჯერ გარკვეული არ არის  თუ რამხელა დეფიციტს წააწყდებიან FTX-ის კრედიტორები, რადგან კომპანიის მრჩევლები კომპანიის ქონების გადასარჩენად მუშაობას განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში FTX-ის გაკოტრებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ადვოკატის ინფორმაციით, FTX-მა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული ვალუტის გადამცვლელი ონლაინკომპანია იყო, 9 მილიონზე მეტი ‘ექაუნთი’ (კლიენტის ანგარიში) აღმოაჩინა. დიტდერიხის ვარაუდით, საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფულის დაბრუნებას მოითხოვენ.

ფედერალური მარეგულირებელი ორგანოების შეფასებით, FTX-ის კლიენტების დანაკარგები 8 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანიის ამჟამინდელმა მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯონ ჯეი რეი III-მ, რომელიც გაკოტრებული კომპანიებიდან ფულის ამოღების სფეროს სპეციალისტია, გასულ თვეს კანონმდებლებს განუცხადა, რომ კომპანიას ზარალის სრული ანაზღაურება არ შეუძლია და ფიქრობს, რომ ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

გასულ კვირას FTX-ის თანადამფუძნებელმა, სემ ბენკმან-ფრიდმა, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში თაღლითობისა და ფულის გათეთრების რვა სისხლის სამართლის საქმეში თავი დამნაშავედ ცნო. ფედერალურმა პროკურორებმა და მარეგულირებელმა ორგანოებმა იგი მრავალწლიანი სქემის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, რაც კომპანიის კლიენტების მოტყუებას ისახავდა მიზნად. კლიენტების დეპოზიტები ფრიდის შვილობილი საინვესტიციო კომპანია ‘ალამიდა რისერჩში’ (Alameda Research) ირიცხებოდა, შემდეგ კი ამ თანხებს პირადი ინტერესებისთვის იყენებდა.

‘ვიცით რაში დახარჯა ფული ‘ალამიდამ’. იყიდა თვითმფრინავები, სახლები, მოაწყო წვეულებები, შემოწირულობები გასცა პოლიტიკოსებისთვის. თავის დამფუძნებლებს ფული ასესხა. დააფინანსა მაიამში მდებარე FTX არენა, ფორმულა  1-ის გუნდი,  ‘ლეგენდების ლიგა’, ‘კოაჩელა’, მრავალი სხვა კომპანია, ღონისძიება თუ პიროვნება’, – განუცხადა დიტდერიხმა გაკოტრების საქმეებზე მომუშავე სასამართლოს.

ბენკმან-ფრიდი და მისი უახლოესი წრე სარისკო კრიპტოსავალუტო ფსონებსაც დებდა, ‘ხშირად წარუმატებლად’, – განაცხადა ადვოკატმა. ასევე ფულს აბანდებდა სხვადასხვა კომპანიაში. ‘ვიცით, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია დეფიციტი და კლიენტებსა და კრედიტორებს ვეღარ გადაუხადეს კუთვნილი თანხები. „დეფიციტის ოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. ეს დამოკიდებული იქნება საერთო ფონდის მოცულობასა და ჩვენს ძალისხმევაზე, რომელიც ფულის დაბრუნებას უკავშირდება’, – განაცხადა დიტდერიხმა.

თუმცა FTX-ის კრედიტორებმა თავიანთ მიზანს მიაღწიეს იმ თანხით, რომელიც კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ დღემდე დააბრუნა, განაცხადა იურიდიული ფირმა ‘ბიუკენენ ინგერსოლ ენდ რუნის’ (Buchanan Ingersoll & Rooney) ადვოკატმა მარკ პფაიფერმა.
‘როგორც ჩანს, შედეგები ჯერჯერობით ფენომენალურია. როგორც წესი, არაუზრუნველყოფილი კრედიტორები დოლარზე დაახლოებით 5 ცენტს მოელიან. სავარაუდოდ, ეს თანხა აქ ბევრად უფრო დიდი იქნება. გასაოცარია, რომ ისინი ასე სწრაფად შეუდგნენ საქმეს’, – განაცხადა პფაიფერმა.

FTX-ის აქტივებზე უკვე სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს პრეტენზიას. გასულ კვირას იუსტიციის დეპარტამენტმა გაკოტრების საქმეებზე მომუშავე სასამართლოს განუცხადა, რომ ფედერალურმა მთავრობამ ბენკმან-ფრიდთან დაკავშირებულ ონლაინ მოვაჭრე კომპანია ‘რობინჰუდს’ (Robinhood) 500 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული აქციები ჩამოართვა. ბაჰამის კუნძულების ხელისუფლებამ, სადაც FTX-ის შტაბ-ბინა მდებარეობდა, კომპანიის კრიპტოვალუტის სამალავის კონფისკაცია განახორციელა. ჩამორთმეულ კრიპტოვალუტაში დიდი რაოდენობით FTT აღმოაჩინეს. ეს არის უაღრესად არამდგრადი ციფრული ტოკენი, რომელიც FTX-მა გამოუშვა და მისი ღირებულება დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარია, განუცხადა სასამართლოს ადვოკატმა დიტდერიხმა.

იმავდროულად, მაიამი-დეიდის ოლქმა (ფლორიდის შტატი) FTX-თან ოფიციალურად გააუქმა 19-წლიანი, 135 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასპონსორო ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას ნებას რთავდა, რომ სპორტული არენისთვის, სადაც საკალათბურთო გუნდი ‘მაიამი ჰიტი’ თამაშობს, თავისი სახელი მიენიჭებინა. ოთხშაბათს გაკოტრების საქმეებზე მომუშავე სასამართლომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ზემოხსენებულ ოლქსა და FTX-ის ახალ ხელმძღვანელებს შორის 2021 წელს დადებული გარიგების დასრულებას მოასწავებს. მაიამი-დეიდის ოლქის მაღალჩინოსნების მტკიცებით, კომპანიამ დაარღვია კონტრაქტში გაწერილი მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს სამი წლის ქირის ოდენობის ჯარიმის გადახდას.

წყარო: https://is.gd/Um6VVz