მთავარი ამბავი

FT – უკრაინა ემზადება, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას წამოიწყებს

0

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიის მოსალოდნელი, ფართომასშტაბიანი თავდასხმის შესაკავებლად ემზადებიან, რადგან კრემლი ომში ინიციატივის დაბრუნებასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონბასის რეგიონის დანარჩენი ნაწილის ხელში ჩაგდებას ცდილობს.
ბოლო დღეებში უკრაინელი მაღალჩინოსნები რუსეთის მოახლოებული შეტევის შესახებ გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა განსხვავებულ ვადებს ასახელებენ. კვირას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის დამპყრობლური შეიარაღებული ძალების ახალ შეტევას ელოდება, რასაც წამოიწყებენ დონბასსა და სამხრეთ რაიონებში, სადაც რუსეთი დღეის მდგომარეობით უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტს იკავებს.
ვარაუდობენ, რომ თავდასხმა დაახლოებით თებერვლის მიწურულს დაიწყება, რადგან ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სწორედ გასულის წლის 24 თებერვალს შეიჭრა, ასევე სანამ ბოლო ხანებში შეპირებულ თანამედროვე დასავლურ ტანკებსა და სხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკას უკრაინაში ჩაიტანენ. „რა თქმა უნდა, ველოდებით რუსების შესაძლო თავდასხმებს… მათ მოსწონთ სიმბოლიზმი“, – განაცხადა რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტანკები და სხვა უახლესი აღჭურვილობა ამ დროისთვის არ მიუღიათ, უკრაინამ „დააგროვა  რესურსები და რეზერვები, რომელთა განთავსებაც შეგვიძლია და რომელთა მეშვეობით პასუხსაც გავცემთ“.
ამ ზამთარს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ ტერიტორიული გამარჯვებები მოიპოვეს ბახმუტის გარშემო, დონეცკის პროვინციასა და ლუჰანსკის ოლქში შემავალ ქალაქ კრემინას მახლობლად.
თუმცა ახალი შეტევა რუსებს თავდასხმის განხორციელების საშუალებას მისცემს, სანამ უკრაინის შეტევითი პოტენციალი დასავლური ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით გაძლიერდება.
შაბათს საღამოს, თავის გამოსვლაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინაში დგება „დრო, როდესაც ოკუპანტს ჩვენი თავდაცვის გასარღვევად  სულ უფრო და უფრო მეტი ძალები სჭირდება“.
უკრაინის სამხედრო ძალების მრჩეველმა ‘ფაინენშელ თაიმს’ (Financial Times) განუცხადა, რომ კიევმა რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით „ძალიან მყარი სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვა“, რომლის თანახმადაც რუსეთი შეტევას დაახლოებით 10 დღეში დაიწყებს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ჩინოვნიკმა, ანდრეი ჩერნიაკმა, ორშაბათს ‘კიევ პოსტს’ (Kyiv Post) განუცხადა, რომ პუტინმა თავის შეიარაღებულ ძალებს მარტამდე უბრძანა დონეცკისა და ლუჰანსკის დაკავება.
მსგავსი პროგნოზები, რომელიც რუსეთის შეტევებს უკავშირდება, გასული წლის 9 მაისსაც გააკეთეს, ამ დღეს რუსეთი ყოველწლიურად ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავს, თუმცა ისინი არ გამართლდა.
ამჯერად, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსული შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი თავმოყრა დააფიქსირეს.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რომ რუსულ საოკუპაციო ძალებს აღმოსავლეთით გადაჰყავთ დამატებითი მოიერიშე ჯგუფები, დანაყოფები, გადააქვთ იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა“, – განაცხადა ჩერნიაკმა. „უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, პუტინმა ბრძანება გასცა, რომ მარტამდე დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ყველა ტერიტორიას რუსები უნდა აკონტროლებდნენ“.
ბოლო კვირებში ბრძოლები ძირითადად ქალაქ ბახმუტის გარშემო მიმდინარეობდა, სადაც უკრაინული სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, თავგანწირვით იბრძვიან, რათა ქალაქი რუსებმა არ ჩაიგდონ ხელში.
შაბათს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ‘ტელეგრამზე’ (Telegram) დაწერა: „ამ კვირაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩვენი თავდაცვის გარღვევისა და ბახმუტის ალყაში მოქცევისთვის მთელი ძალისხმევა გამოიყენეს და მძლავრი შეტევა წამოიწყეს ლიმანის სექტორში, თუმცა ჩვენი ჯარისკაცების გამძლეობის წყალობით, წარმატებას ვერ მიაღწიეს“.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთი ახალ თავდასხმას, სავარაუდოდ, ლუჰანსკის პროვინციის დასავლეთით მდებარე კრემინასა და ლიმანთან ახლოს განახორციელებს. დონეცკის ოლქში შემავალი ქალაქი ლიმანი უკრაინელმა სამხედროებმა გასულ შემოდგომაზე კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს. ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და დასავლელი ანალიტიკოსების სიტყვით, რუსეთი იქ კვირების განმავლობაში აგროვებს სამხედრო ძალებს.
მოსკოვი ჯარებს დონეცკის პროვინციის სამხრეთ ნაწილშიც უყრის თავს, სადაც დამატებითი შეიარაღებული ძალები ოკუპირებული მარიუპოლის მიმდებარე სოფლებში არიან განლაგებული, იტყობინება ერთი გაძევებული ადგილობრივი თანამდებობის პირი.
„თუ ჭკვიანები არიან, მთელ ძალებს ერთ პატარა ადგილას მოუყრიან თავს, – განაცხადა ზემოხსენებულმა სამხედრო მრჩეველმა.
რეზნიკოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინის დედაქალაქ კიევის აღებას ხელახლა შეეცდება, თუმცა განაცხადა, რომ რუსებს წარმატების მიღწევის ძალიან უმნიშვნელო შანსი აქვთ.  მისი თქმით, უკრაინა ამჟამად ვერ ხედავს, რომ რუსეთი აყალიბებს დიდ მოიერიშე ჯგუფებს ჩრდილოეთში (ბელორუსია) ან ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკოვის რეგიონში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის, თქმით, რუსეთს უკრაინაში 326 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. რუსეთის მიერ გასულ შემოდგომაზე მობილიზებული 300 ათასი კაციდან დაახლოებით ნახევარმა რამდენიმეთვიანი პრაქტიკული სამხედრო მომზადება გაიარა, რამაც ისინი უფრო მებრძოლ ჯარისკაცებად აქცია, ვიდრე ის ახალწვეულები, რომლებიც მაშინვე გაიყვანეს ბრძოლის ველზე.
უკრაინელი სამხედრო მრჩეველის განცხადებით, რუსეთის განახლებულ შეტევას, სავარაუდოდ, ელიტური დანაყოფები უხელმძღვანელებენ.
„სერიოზულობა უნდა შევინარჩუნოთ. ესენი ნამდვილი მექანიზებული ბრიგადები არიან, მაშინაც კი თუ ნაკლებად ქმედუნარიანები არიან, ვიდრე ომის დასაწყისში. მათ გააძლიერეს VDV [საჰაერო-სადესანტო] და საზღვაო ნაწილები. ისინი ავტობუსის მძღოლები და სკოლის მასწავლებლები არ არიან“, – განაცხადა სამხედრო მრჩეველმა.

წყარო: https://is.gd/9jpYPj