პოლიტიკასხვადასხვა

ფსონი, რომელიც აშშ-მა უკრაინის კონფლიქტზე დადო, სტრატეგიულ მარცხს განიცდის

0

ავტორი აარონ გუდი
5 მაისი, 2023 წ.

როგორც ჩანს, უკრაინის ომი ან სისხლისმღვრელ ჩიხში მოექცევა ან რუსული არმია გამოიფიტება. ამ ფონზე, ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონის ყველაზე საშინელი გეოპოლიტიკური კოშმარი შესაძლოა უკრაინის ომმა რეალობად აქციოს. ეს თუ ასე მოხდება, შეერთებული შტატების ელიტებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. ერთი შეხედვით, შეერთებული შტატები სუსტდება, როდესაც გეოპოლიტიკური გამბიტები, რომლებიც იმპერიის ჰეგემონიის დასასრულის თავიდან აცილებას ისახავენ მიზნად, უბრალოდ მის აღსასრულს აჩქარებენ.
2022 წელს, როდესაც რუსეთმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, ბევრ მემარცხენეს რუსეთის ეს გადაწყვეტილება გაუკვირდა, რადგან, როგორც ჩანდა, ეს მოსკოვის ეროვნულ ინტერესებში არ შედიოდა. შეერთებულ შტატებში არაერთხელ ატეხეს განგაში იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. თუმცა ერაყში არსებული მასობრივი განადგურების იარაღისა და „რაშაგეითის“ მისტიფიკაციების შემდეგ, ადვილი მისახვედრია თუ რატომ ფიქრობდა ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები და კორპორატიული მედია, როგორც ყოველთვის, იტყუებოდნენ.
გამოცდილი ჟურნალისტი ჯო ლორია, რომელიც Consortium News-ში მუშაობს, მიხვდა, რაც ხდებოდა. ეს საინფორმაციო გამოცემა ლეგენდარულმა ჟურნალისტმა, რობერტ პერიმ, დააარსა, რომელიც იძულებული გახდა კორპორატიული მედიიდან წასულიყო, რადგან რეგულარულად ამხელდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პირმოთნეობას, ორგულობასა და დანაშაულებრივ ქმედებებს.
2022 წლის 4 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ლორია წერდა, რომ აშშ-ის გეგმები, რომლებიც სადამსჯელო სანქციებით რუსეთის დასუსტებასა და მსოფლიო საზოგადოების თვალში მისი რეპუტაციის შელახვას უკავშირდება, დამოკიდებულია ვაშინგტონის ისტერიაზე, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრა რეალური ხდება.
შეერთებული შტატები მოწინააღმდეგეებს ომებში ითრევს, რომლებიც მმართველი ელიტის აზრით, აშშ-ის ჰეგემონიას სარგებელს მოუტანს. გავიხსენოთ 1979 წელი, როდესაც სსრკ ავღანეთში შეიჭრა და 1990 წელი, როდესაც ერაყმა კუვეიტის ოკუპაცია სცადა.
არსებობს არაერთი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონს მოსკოვის უკრაინაში შეტყუება სურდა. შეერთებულ შტატებში კარგად ესმოდათ, რომ უკრაინას რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის თებერვლამდე აშშ-ის ოფიციალური პირები რუსეთთან ომში უარყოფითად აფასებდნენ უკრაინის შანსებს. როგორც ჩანს, ზელენსკი ამ ომის თავიდან აცილებას არ ცდილობდა. The Intercept-ი წერდა: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო იმდენად პესიმისტურად უყურებდა უკრაინის შანსებს, რომ ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სხვა პოლიტიკოსებს განუცხადეს, რომ ერთადერთი რისი მოლოდინიც ჰქონდათ იყო ის, რომ უკრაინის დამარცხებული არმიის ნარჩენები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ პარტიზანულ ომს დაიწყებდნენ“.
ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე Yahoo News-ი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ინსაიდერებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატები „აჯანყებულებს [უკრაინელებს] რუსების მოსაკლავად ამზადებდა“. ცივი ომის ლაბირინთებთან დაკავშირებული ზოგიერთი ადამიანი კი აცხადებდა, რომ ლენგლი უკრაინაში „საიდუმლო ძალებს ამზადებდა“.
შეერთებული შტატები უკრაინაში NATO-ს გაფართოებას ცდილობდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვისთვის წითელი ხაზი იყო. ეს იგივეა მექსიკა რომ რუსეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელია. როგორც ვიცით უკრაინის კონფლიქტის დაწყებამდე აშშ-მა კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით რუსეთის სამშვიდობო წინადადება კატეგორიულად უარყო.
უფრო მეტიც, როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებს სურდა, რომ ამ ომით რუსეთისთვის ზიანი მიეყენებინა. მოსკოვი უკრაინის ოკუპაციაში ჩაეფლობოდა და ქვეყანაში სისხლისმღვრელი აჯანყებები დაიწყებოდა. ვაშინგტონი იმასაც ცდილობდა, რომ სანქციების დაწესებით რუსეთისთვის საერთაშორისო სავაჭრო სარბიელზე, განსაკუთრებით კი ევროპასთან მიმართებით, პრობლემები შეექმნა. სწორედ ეს კონტექსტი გვეხმარება იმის ახსნაში თუ რატომ თქვეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი ამერიკელებმა და ბრიტანელებმა, რომელთა მეშვეობითაც ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში შეიძლებოდა უკრაინაში ომის დასრულება.
შეშლილმა რეალისტებმა, რომლებიც შეერთებული შტატების ელიტას მიეკუთვნებიან, არასწორად შეაფასეს უკრაინის კონფლიქტის სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ასპექტები, რამაც აშშ-ის ჰეგემონიის დასასრული დააჩქარა. პროფესიონალმა ამერიკელმა იმპერიალისტმა, ფიონა ჰილმა, ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ „უკრაინის ომი ალბათ ის მოვლენაა, რომელიც პაქს ამერიკანას აღსასრულს ყველასათვის ნათელს ხდის“.
შეერთებული შტატების ლიდერებმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ. უსაზღვრო გლობალური პირველობისკენ სწრაფვა ყოველთვის სიგიჟე იყო. ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის ლიდერშიპი უშედეგოდ ცდილობდა ქვეყნისთვის იმპერიული ამბიციების მოთოკვას. ახლა, როდესაც ვაშინგტონის მსოფლიო ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება, ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ჩაანაცვლებს, შეძლებს კი იმ სფეროში წარმატების მიღწევას, რომელშიც ამ ადამიანებმა წარუმატებლობა განიცადეს?

აარონ გუდი ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტოლოგია. იგი პოდკასტ American Exception-ის წამყვანია.

წყარო: https://www.globaltimes.cn/page/202306/1291779.shtml?fbclid=IwAR1hYl_jCXaZWtqX74MCgEbynfDj2MsYYfEuTReTPghZ1k76deSajMY3etI