პოლიტიკასხვადასხვა

ფრანგი ევროპარლამენტარი: „კატარისგან ქრთამის აღება კორუფციაზე მეტია, სახელმწიფო ღალატია”

0

ევროპარლამენტში აგორებული „კატარგეიტის“ სკანდალი გრძელდება. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილის ფულის სანაცვლოდ კატარისა და მაროკოს ინტერესებისთვის მუშაობაში ადანაშაულებენ.

მეინსტრიმული მედია კორუფციაზე საუბრობს, თქვენ კი განაცხადეთ, რომ ეს სახელმწიფო ღალატიცაა. რატომ?
ეს სკანდალი რეალობას ააშკარავებს: ევროკავშირის ინსტიტუტები ლობიზმა მოიცვა. ეს მხოლოდ ევროპარლამენტს არ ეხება, რადგან ლობისტები ევროკომისიაშიც არიან წარმოდგენილი.
რატომ ვახსენე ღალატი და არა მხოლოდ კორუფცია?
კორუფციის ფაქტი დადასტურდა, რადგან სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.  სხვათა შორის, საინტერესოა აღინიშნოს, რომ დაპატიმრებული და ეჭვმიტანილი პირები არჩეული სოციალისტები არიან, რომლებიც ბოლო წლებში მთელ მსოფლიოს ადამიანის უფლებებზე მიუთითებდნენ, ევროკავშირში კანონის წინაშე თანასწორობასთან დაკავშირებით ნოტაციებს კითხულობდნენ, ხოლო, ვინც მათ იდეოლოგიურ ხედვას არ იზიარებდა ყველას რასიზმსა და ჰომოფობიაში ადანაშაულებდნენ. ეს ადამიანები იმაზე უფრო გასვრილები არიან, ვიდრე გვგონია, რადგან სავარაუდოდ, ისლამური და ჰომოფობიური ქვეყნისგან ქრთამი აიღეს. და როგორც ჩანს, ეს ორი მახასიათებელი მათ დიდად არ ადარდებდათ.
ღალატზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ კორუფციის გარდა, რაც მორალურად დასაგმობია,  ‘მუსლიმთა საძმოს’ ჰაბი და ცენტრი – კატარისგან ქრთამის აღება ძალიან დიდი მუხანათობაა. ამ კორუმპირებულმა ადამიანებმა ევროპის ინტერესები კატარის ინტერესებს ანაცვალეს. ასე რომ, საქმე არა მხოლოდ კორუფციას, არამედ ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხებისა და ჩვენი ცივილიზაციის ღალატს ეხება.
როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ ევროპარლამენტისა და ზოგადად, ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მასობრივი იმიგრაციისადმი დამოკიდებულება ამ ღალატით იყოს გამოწვეული?
ცნობილი ფაქტია, რომ ისლამისტები იმიგრაციას ევროპის ისლამიზაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევენ.
დარწმუნებული ვარ,  რომ კატარისა და შესაძლოა სხვა ქვეყნების გავლენის შესახებ განცხადებები კიდევ გაკეთდება. უეჭველია, რომ ევროპარლამენტის მიღებულმა რეგულაციებმა კატარის ავიახაზებს კონკურენტი ევროპული კომპანიების ხარჯზე უპირატესობა მიანიჭა. ევროპარლამენტმა კატარისთვის სასურველი სხვა რეგულაციებიც მიიღო. არის თუ არა ეს ინტენსიური ლობირებისა და კორუფციის შედეგი? სავსებით შესაძლებელია. ისლამურ ქვეყანასთან განსაკუთრებული კავშირები შეიძლება ფარულ აზრს ატარებდეს. როდესაც ევროკომისია მრავალფეროვნების სახელით აწარმოებს კამპანიებს, რომლებიც ისლამური ჰიჯაბის ტარების პოპულარიზაციას ეწევიან, შეიძლება იკითხოთ ეს მხოლოდ ბრიუსელში მოკალათებული ერთი ევროკომისრის გადაწყვეტილებაა თუ ეს იდეა პირველად რომელიმე უცხო ქვეყანამ, მაგალითად კატარმა წამოაყენა.
იმიგრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტები ყოველთვის შემწყნარებლურ პოზიციას აფიქსირებდნენ. შეგახსენებთ, რომ 1995 წელს, როდესაც შენგენის ზონა შეიქმნა, ევროპის ქვეყნები დაარწმუნეს, რომ ვაუქმებდით შიდა საზღვრებს, სანაცვლოდ კი გარე საზღვრებს დავიცავდით. რეალობა ისაა, რომ გარე საზღვრების დაცვის ოდნავი სურვილიც კი არასოდეს გასჩენიათ. ეს სიმართლეა. როდესაც ვიქტორ ორბანის უნგრეთმა ბალკანეთზე მიგრაციული ნაკადის შესაჩერებლად მეზობელ სერბეთთან გარე საზღვრების დაცვა დაიწყო, ბრიუსელში ის სასტიკად გააკრიტიკეს.
გავიხსენოთ სულ ახლახანს მომხდარი Frontex-ის საქმე და შეთქმულება ამ სააგენტოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ, რასაც მისი თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ სურდათ, რომ Frontex-ი ნამდვილ სასაზღვრო პოლიციად ჩამოყალიბებულიყო, არამედ ის უნდა ყოფილიყო უბრალო დაწესებულება, რომელიც იმიგრაციის ორგანიზებაზე აგებდა პასუხს, დაიცავდა მიგრანტების უფლებებს და უზრუნველყოფდა მათ შემოსვლას ევროპის კონტინენტზე იმის ნაცვლად, რომ თავიდან აერიდებინა ეს.
“კატარგეიტთან” დაკავშირებული გამოძიება და დაკავებები სინამდვილეში ბელგიის ხელისუფლების საქმეა. ევროპარლამენტს თავისი მემარცხენე კორუმპირებული წევრების წინააღმდეგ არაფერი მოუმოქმედებია. დიდი ხანია, რაც მარინ ლე პენის ‘ეროვნული გაერთიანების’ წევრი აღარ ხართ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ პარტია, რომელსაც მიეკუთვნებოდით, სანამ ერიკ ზემურის ‘რეკონკისტას’ შეუერთდებოდით, ევროპარლამენტმა მკაცრად დასაჯა, რადგან საპარლამენტო თანაშემწეებს პარტიული დავალებების შესასრულებლად იყენებდა და არა უშუალოდ საპარლამენტო საქმიანობისთვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ EPP-ის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების წინააღმდეგ ასეთი მოქმედება პოლიტიკურად მოტივირებულია?
იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობთ, ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. თანაშემწეები ევროპარლამენტარებს საპარლამენტო საქმიანობაში ეხმარებიან და ამგვარი საქმიანობა მხოლოდ ბრიუსელში ან სტრასბურგში ყოფნით არ შემოიფარგლება. დეპუტატების საქმიანობა, მათი საჯარო გამოსვლები და პროფესიიდან გამომდინარე გადაადგილება ამომრჩევლთა მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის კომპონენტია.
აშკარაა, რომ წარსულში ევროპარლამენტის ადმინისტრაციამ უკიდურესი სიმკაცრე გამოიჩინა იმ ევროპარლამენტარების მიმართ, რომლებიც უმრავლესობას არ მიეკუთვნებიან. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ უმრავლესობის წევრები, რომლებიც სხვებს ჭკუას არიგებენ, პატიოსნებით არ გამოირჩევიან. ვფიქრობ, რომ უახლოეს კვირებში კიდევ ბევრი რამ გაირკვევა და მფარველობის, თანამონაწილეობისა და კორუფციის მასშტაბებს ფარდა აეხდება, რაც სოციალისტებსა და, სავარაუდოდ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ზიანს მიაყენებს.
როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როდესაც მარინ ლე პენის ‘ეროვნული გაერთიანება’ დატოვეთ და ერიკ ზემურის ‘რეკონკისტაში’ გაწევრიანდით? თქვენი წასვლით საფრანგეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ  კონსერვატიული, კათოლიკური ფრთის უკანასკნელი აქტიური ლიდერი დაკარგა.
არჩევანი ჩემი რწმენით გავაკეთე, რაც პოლიტიკაში ყველაზე კომფორტული პოზიცია ნამდვილად არ არის. მიმაჩნია, რომ ამომრჩევლის წინაშე ვალდებულების აღება  იდეებისა და რწმენის დაცვის გარეშე შეუძლებელია. მარიონ მარეშალ-ლე პენსა და სტეფან რავიესთან ერთად ‘ეროვნულ გაერთიანებაში’ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ცივილიზებული მემარჯვენეების დაცვას. მარინ ლე პენი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ამ მიდგომას უმნიშვნელო წონა და გავლენა ჰქონოდა პარტიაში. დღეს კი ერიკ ზემურთან ერთად ვაშენებთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ ცივილიზებული უფლების ნაწილია და, შესაბამისად, სრულიად განსხვავდება ‘ეროვნული გაერთიანებისგან’, როგორც იდეებით, ასევე სტრატეგიით.
იგი განსხვავდება თავისი იდეებით, რადგან ჩვენთვის ფრანგული იდენტობის დაცვა არ არის მხოლოდ იმიგრაციით გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შენარჩუნება. ვეწინააღმდეგებით ‘დიდ ჩანაცვლებას’, ისლამსა და მის პოლიტიკურ განზომილებას. ეს კი უპირისპირდება იმას, რასაც მარინ ლე პენი ამბობს. ეს ჩვენს რესპუბლიკას არ ეთავსება, პირიქით საფრანგეთს სიკვდილს უქადის. ეკონომიკაში ჩვენ ვიცავთ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ კონცეფციას, რომელიც ასევე ძალიან განსხვავდება მარინ ლე პენის სტატისტიკური და დემაგოგიური მსჯელობისგან ამ სფეროში.
ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ დიდებული მემკვიდრეობის, ევროპული და ქრისტიანული ცივილიზაციის მცველები ვართ, დღეს კი ჩვენ თვალწინ მინდინარეობს ამ მემკვიდრეობის დეკონსტრუქცია. მარინ ლე პენის პარტია ეთანხმება ამ დეკონსტრუქციას. იგი ეთანხმება ჰომოსექსუალურ „ქორწინებას“, ეთანხმება, რომ გამრავლების მიზნით ხელოვნური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ ლესბოსელ წყვილებს. ალბათ, დადგება დრო, როდესაც იგი სუროგაციასა და ევთანაზიასაც დაეთანხმება. ჩვენ ლიბერალური პროგრესული იდეოლოგიების წინააღმდეგ ვიბრძვით. აი, ეს არის ფუნდამენტური განსხვავება.
რაც შეეხება სტრატეგიას, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ‘რეკონკისტას’ მემარჯვენე ძალების გაერთიანების სურვილი აქვს, თუმცა ‘ეროვნულმა გაერთიანებამ’ მარტო მოქმედების სტრატეგია აირჩია. იგი მოკავშირეობაზე უარს ამბობს, მხოლოდ გაწევრიანებაზე თანხმდება.
ხომ არ ფიქრობთ, რომ იტალიაში ჯორჯია მელონის მემარჯვენე კოალიციურ მთავრობას, თავისი მაგალითით, შეუძლია აზრის ცვლილება განაპირობოს როგორც ‘ეროვნულ გაერთიანებაში’ ასევე მემარჯვენე-ცენტრისტ-რესპუბლიკელებში და, შესაძლოა, საფრანგეთში მემარჯვენე ალიანსის ჩამოაყალიბას შეუწყოს ხელი, რასაც ერიკ ზემური ითხოვდა?
დიახ, ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ყველაფრის ურთიერთგადატანა არ შეიძლება, რადგან განსხვავებული ხმის მიცემის სისტემები და პოლიტიკური კულტურა გვაქვს. თუმცა ჯორჯია მელონის, მისი პარტიისა (‘იტალიის ძმები’) და ერიკ ზემურის ‘რეკონკისტას’ მიდგომებს შორის რეალური მსგავსება არსებობს.
საფრანგეთს, როგორც იტალიას, მემარჯვენე ალიანსი რომ ჰყოლოდა, რომელშიც თავს მოიყრიდნენ ‘რეკონკისტა’, ‘ეროვნული გაერთიანება’ და რესპუბლიკელები ან მათი მემარჯვენე ფრთა, სავარაუდოდ, ბრიუსელში ძალთა ბალანსის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევდა. პოლონეთი და უნგრეთი ნაკლებად იზოლირებული იქნებოდნენ, რადგან ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ორი დამფუძნებელი ქვეყანა თავის იდეებს უახლოვდება. ისინი ევროკომისიის ფინანსური შანტაჟის ქვეშ არიან და ევროპარლამენტის საყვედურებს ისმენენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კანონის უზენაესობა და „ლგბტ უფლებები“.
ევროკავშირის ფუნქციონირებაში ყველაფერი უნდა შეიცვალოს, რათა ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს ევროკომისიას, ხოლო მეტი მნიშვნელობა წევრ სახელმწიფოთა შორის თავისუფალ თანამშრომლობას. უნდა შეიცვალოს აღვირახსნილი გლობალური თავისუფალი ვაჭრობა, უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზრები და ჩვენი საზღვრები. დღეს ამ ბრძოლას პოლონეთი და უნგრეთი უძღვებიან. თუმცა გასულ წელს ლიტვის საზღვარზე მომხდარ მიგრანტთა კრიზისისას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 შინაგან საქმეთა მინისტრიდან ევროკომისიას 16 მათგანმა მიმართა თხოვნით დაეფინანსებინათ საზღვრების გაძლიერება. ევროკომისიამ უარი განაცხადა. როგორც უნდა იყოს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო და უფრო მეტი ქვეყანა დაიცავს თავის შეხედულებათა სისტემას, რაც ევროპის ხალხების ინტერესებს კიდევ უფრო მეტად წაადგება.
ამ ბრძოლაში ჩართული ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტის სუფთა ბენეფიციარები არიან, ევროკომისიასთან ურთიერთობისას სირთულეებს აწყდებიან. ცხადია, თუ ხვალ იტალიასთან ერთად საფრანგეთიც გვეყოლება, ანუ ორი დამფუძნებელი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტის სუფთა კონტრიბუტორია, ევროკომისიას საკითხების უგულებელყოფა გაუჭირდება. და, უპირველეს ყოვლისა, თუ კონტინენტის დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე ქვეყანა მხარს დაუჭერს ევროკავშირის ფუნქციონირებისა და პოლიტიკური ორიენტაციის რადიკალურ ცვლილებას, ეს ახალ სახელშეკრულებო მოლაპარაკებებს აუცილებლად გახსნის გზას.

წყარო: https://is.gd/CHYxHC