უნგრეთის სამოქალაქო უფლებების დაცვის ჯგუფის, Tűzfalcsoprt (Firewall Group)-ის, ინფორმაციით, უნგრეთში აშშ-ის დაფინანსებული დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაციებისა და მოსამზადებელი კურსების რაოდენობა იზრდება. ისინი სხვადასხვა მემარცხენე ოპოზიციურ გამოცემასთან არიან დაკავშირებული.
უნგრეთში ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინფორმაციო პორტალმა, „ტელქსმა“ (Telex), რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ იწყებს შეერთებული შტატების ხელისუფლების დაფინანსებულ სასწავლო პროგრამა „ტელექს აკადემის“ (Telex Academy), რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებსა და მასწავლებლებს დამოუკიდებელ და ობიექტურ ჟურნალისტიკაში მოამზადებენ. Telex Academy-ს პროექტს სამი უნგრელი ჟურნალისტი უხელმძღვანელებს, რომლებიც ოპოზიციურ მედიაში მუშაობენ.
უნგრული საინფორმაციო გამოცემა „მაგიარ ნემზეთის“ (Magyar Nemzet) ცნობით, უნგრული საზოგადოება აღშფოთებულია შეერთებული შტატების მხარდაჭერის დონით, რაც „ღია ჩარევის“ ნიშნებით გამოიხატება. შეერთებულ შტატებს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოა, საკმარისი რესურსი აქვს და უნგრეთში დიდი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენის ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობს. ეს ოპერაცია გულისხმობს მილიონობით გრანტებს სხვადასხვა ოპოზიციური ღონისძიებებისთვის, მათ შორის ასობით ათასი აშშ დოლარი გამოყოფილია ლიბერალური გამოცემა „ტელექსის“ დასაფინანსებლად, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება უნგრეთის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს.
თუმცა თუ უნგრეთის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის მტრულ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, ალბათ, გასაკვირი არ იქნება რომ მემარცხენე კამპანიებსა და მედიასაშუალებებს სწორედ ვაშინგტონი აფინანსებს. „რემიქს ნიუსი“ (Remix News) ადრე იტყობინებოდა, რომ 2022 წელს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით უნგრეთში მილიონობით აშშ დოლარი შევიდა. აპრილის არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტიამ (Fidesz) ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერი ორგანიზაციების ქსელი ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოუაშკარავებიათ, უნგრეთის შიდა სადაზვერვო სამსახურებმა უკვე დაადგინეს, რომ მილიარდერი ოლიგარქის, ჯორჯ სოროსის, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები შეერთებულ შტატებსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ერთად ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდნენ. ეს ინფორმაცია უნგრეთის შიდა სადაზვერვო სამსახურის მოხსენებაში შეიტანეს, რომელიც ქვეყნის პარლამენტს 2023 წლის 20 იანვარს წარუდგინეს.
მოხსენების თანახმად, 2022 წლის საარჩევნო კამპანიისას შეერთებულ შტატებში ბაზირებული ჯგუფი „ექშენ ფორ დემოქრასი“ (Action for Democracy) უნგრეთის პოლიტიკურ მოძრაობა „მინდენკი მოგიარორსაგოს“ (Mindenki Magyarországa) აფინანსებდა. ეს ორგანიზაცია უნგრეთის ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფასადის როლს ასრულებდა. მათ დასავლეთიდან 3 მილიარდ ფორინტზე მეტი (8,4 მილიონი ევრო) მიიღეს.
მართალია შეერთებულმა შტატებმა ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას ხელი ვერ შეუშალა, თუმცა უნგრეთის კონსერვატიულ ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად შიდა მედიაოპერაციები გააძლიერა.
„ტელექს აკადემის“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც (USAID) აფინანსებს, რომლის ხელმძღვანელი სამანტა ფაუერი ბუდაპეშტს მიმდინარე წლის თებერვალში ეწვია. პრესკონფერენციაზე ფაუერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ცენტრალურ ევროპაში „დემოკრატიის შესანარჩუნებლად“ 7 მილიარდ ფორინტს (18,5 მილიონი ევრო) გამოყოფს. „მაგიარ ნემზეთის“ ცნობით, USAID-მა გასულ წელს განაცხადა, რომ უნგრეთის ოპოზიციასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს დიდი თანხმებით უზრუნველყოფდა.
უნგრეთში ჩასული სამანტა ფაუერი მემარცხენე მედიაში მომუშავე ჟურნალისტების მცირერიცხოვან ჯგუფს შეხვდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატები ძალიან არის დაინტერესებული უნგრეთის შიდა მედიაბაზარით და მისი არევით.
ახალი ფერადი რევოლუცია?
შეერთებული შტატების სხვადასხვა ოპერაციის კრიტიკოსები უნგრეთში ვაშინგტონის გააქტიურებას „ფერადი რევოლუციის“ ახალი მცდელობით ხსნიან. ეს სიტუაცია, ამ კვირას, „მაგიარ ნემზეთთან“ საუბრისას „ნიუ იორკის ახალგაზრდა რესპუბლიკელთა კლუბის“ პრეზიდენტმა, გევინ ვაქსმა, შეაფასა. მისი თქმით, „არამოკავშირე“ ქვეყნებში მომხდარ ფერად რევოლუციებში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) მონაწილეობდა. თუმცა გავლენის მოსახდენად წარმართული ოპერაციები, რაც უნგრეთში ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს, ახალი ტაქტიკაა.
„მაგრამ ახლა (აშშ) ნატოს მოკავშირე ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევა, ეს სრულიად არასწორია. ისინი მოქმედებენ არა როგორც დიპლომატები, არამედ როგორც იდეოლოგიური აქტივისტები, რადგან იდეოლოგიური თვალსაზრისით უნგრეთი მოკავშირედ არ განიხილება “, – განაცხადა ვაქსმა.
წყარო: https://is.gd/i2tTII