შარლ მიშელი კორუფციულ სკანდალს ეხმაურება. მისი თქმით, მზარდი კორუფციული სკანდალი, რომელშიც ძირითადად ევროპარლამენტის სოციალისტი დეპუტატები მონაწილეობენ და რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, კატარის ისლამური სამეფოსგან ქრთამს იღებენ, მთლიანი ბლოკის „ნდობის ფაქტორს ზიანს აყენებს“.
დეკემბრის დასაწყისში ბელგიის პოლიციის მიერ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის, მისი პარტნიორის, ფრანჩესკო ჯორჯისა, და ყოფილი იტალიელი სოციალისტი ევროპარლამენტარის, ანტონიო პანცერის, დაპატიმრებამ და კატარსა და მაროკოსთან კორუფციული სქემაში მათმა სავარაუდო მონაწილეობამ, შესაძლოა ბრიუსელის ქმედითუნარიანობას ძირი გამოუთხაროს.
POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ “კატარგეიტი” ევროკავშირის სანდოობისთვის დრამატულია და საზიანო. „ეს კიდევ უფრო ხელს გვიშლის კონცენტრაცია მოვახდინოთ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისებზე, რომლებიც ევროპელი მოქალაქეების ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ“, – განაცხადა ბელგიელმა ევროჩინოვნიკმა.
მიშელმა მიუთითა, რომ “ინფლაციის შემცირების აქტთან” დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის ხელმოწერილმა აქტმა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოებით დაკავებული ამერიკული კომპანიების სუბსიდირებასა და მათში ინვესტიციების ჩადებას ითვალისწინებს, ევროკავშირის ზემდგომი პირების გულისწყრომა გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შიშობს, რომ ეს გადაწყვეტილება ე.წ. ევროპის განახლებადი ენერგიის სექტორს ხელს შეუშლის.
მიშელის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სათანადო რეაგირება “კატარგეიტის” სკანდალმა შისაძლოა შეაფერხოს, არის ევროპის მკვეთრად მზარდი დამოკიდებულება ჩინეთზე და ის ზეწოლა, რომელსაც ჩინეთი ევროპაზე ახორციელებს. აღნიშნული განცხადება იმით არის საინტერესო, რომ სხვებთან ერთად მიშელი მხარს უჭერდა ჩინეთსა და ევროპას შორის შესაძლო სავაჭრო შეთანხმებას.
გარდა ამისა, ბელგიის სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ თუ ევროკავშირში ამ საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან და ვერ გადალახავენ ნდობის ფაქტორთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელსაც კორუფციულმა სკანდალმა დაუდო სათავე, ბლოკს „ერთიანი ბაზრის ფრაგმენტაცია“ ემუქრება.
როგორც ჩანს, ეს კორუფციული სკანდალი უახლოეს ხანებში არ დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამეტის დაახლოებით 60 წევრზე გამოძიება მიმდინარეობს, რომლებიც, სავარაუდოდ, მექრთამეობის სქემასთან არიან დაკავშირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ კვირაში ევროპარლამენტის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ევა კაილიმ, პოლიციაში აღიარა, რომ მამამისს ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნის დამალვა დაავალა. მაროკოსა და კატართან დაკავშირებულ კამპანიაში მონაწილეობა ბერძენი სოციალისტი ევროპარლამენტარის პარტნიორმა, ფრანჩესკო ჯორჯიმაც აღიარა.
ამ დრომდე ბელგიის ხელისუფლებამ კაილისა და პანცერის სახლებში, სავარაუდოდ ქრთამის სახით აღებული 1,5 მილიონი ევრო აღმოაჩინა. ყოფილი იტალიელი ევროპარლამენტარიც დაკავებულია.
ევროკავშირის შიდა საკითხების გარდა, რომელიც მიშელმა წამოჭრა, სკანდალი შეიძლება კატარიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების გამოც აგორდეს. აღნიშნული ქვეყნიდან ბუნებრივი აირის იმპორტი რუსული ბუნებრივი აირის მთავარ ალტერნატივად განიხილება.
დასავლეთ აზიაში მდებარე ეს სახელმწიფო, რომელშიც კანონდებლობის მთავარი წყარო შარიათის კანონებია, ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. გერმანია, რომელმაც გასულ კვირას თავისი პირველი LNG ტერმინალი გახსნა, ამ ურთიერთობების კიდევ უფრი გაფართოებას ცდილობს, რათა რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმით გამოწვეული დანაკარგები შეამციროს. უკრაინაში დაწყებული ომის გამო გაფუჭებულმა ურთიერთობებმა და მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა ევროპის ქვეყნებს ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მოძიებისკენ უბიძგა.
წყარო:
1. https://is.gd/23H8EU
2. https://is.gd/zfH0KR