21 აპრილი, 2023 წ.
ევროპულმა სასამართლომ რუსული შეიარაღებული ორგანიზაცია ‘ვაგნერის’ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის, დედას სანქციები მოუხსნა. პრიგოჟინი პრეზიდენტ პუტინის უახლოესი მოკავშირე და მეგობარია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის წარმოებულ ომს ხელმძღვანელობს.
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები პირველად 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა. სანქიცები ეხებოდა მოგზაურობის აკრძალვას და იმ პირების აქტივების გაყინვას, რომლებიც მოსკოვის ქმედებებში მონაწილეობდნენ.
ვიოლეტა პრიგოჟინა ევროკავშირის სანქციების სიას 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინა დღეს, დაემატა. ამ სიაში მოხვდნენ რუსეთის მთავრობის წევრები, ბანკები, ბიზნესმენები და კანონმდებლები.
პრიგოჟინას შეტანილი სარჩელის პასუხად 8 მარტს ევროკავშირის მეორე უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იგი სიაში მხოლოდ იმიტომ შეიყვანეს, რომ ‘ვაგნერის’ მეთაურის დედა იყო. სასამართლოს თქმით, ის, რომ მისი შვილი უკრაინის ომში მონაწილეობს საკმარისი მტკიცებულება არ არის.
პეტერბურგელი ბიზნესმენი 2020 წლიდან ევროკავშირის სანქციების სიაშია. 2016 წელს პრიგოჟინი შეერთებული შტატების სანქციების სიაში მოხვდა. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ იგი დაკავშირებულია ე.წ. „ტროლების ფაბრიკასთან“, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა.
პრიგოჟინის დაქირავებული ჯარისკაცები აქტიურად მონაწილეობენ უკრაინის ომში. ძირითადად ქალაქ ბახმუტის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქისთვის თვეების განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
სასამართლოს თქმით, ევროკავშირმა 83 წლის ვიოლეტა პრიგოჟინა იმიტომ შეიყვანა სანქციების სიაში, რომ თავისი ვაჟთან ერთად კომპანია „კონკორდს“ ფლობდა. 2017 წლიდან ბიზნესმენის დედა აღარ ფლობს ამ კომპანიას მიუხედავად იმისა, რომ მისი აქციები მოეპოვება. ევროკავშირმა ასევე ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომ პრიგოჟინა მის შვილთან დაკავშირებულ სხვა საწარმოებს ფლობდა, იმ დროს, როცა სანქციები შემოიღეს.
„[პრიგოჟინი] კიდევაც რომ იყოს პასუხისმგებელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაზე, კავშირი ქ-ნ პრიგოჟინასა და მის შვილს შორის, რომელიც სადავო აქტების მიღების დროს დადგინდა, ეფუძნება მხოლოდ მათ ოჯახურ ურთიერთობას, რაც სადავო სიებში მისი შეყვანის საკმარისი საფუძველი არ არის“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
წყარო: https://is.gd/4LzRca