როდესაც პერიოდულად „გვიკვირს“ ცივილიზებული მსოფლიოს დუმილი საქართველოში 2004-2012 წ.წ. კრიმინალური კლანის მმართველობის მიმართ, არ უნდა გვქონდეს რაღაც „ზე-დავარცხნილი“ წარმოდგენა იმავე დასავლეთსა და ევროპაზე, სადაც მაფიოზური და კლანური ზეგავლენები ღრმად არის დაფესვიანებული სახელისუფლებო შტოებში. დღეს მხოლოდ ერთ-ერთ ასეთ „დემოკრატიულ“ სიმახინჯეს შევეხები – „ნდრანგეტას“ (Ndrangheta, რაც ბერძნულად „ღირსებას“ ნიშნავს). სიცილიურ „კოზა ნოსტრასთან“ თუ ნეაპოლიტანურ „კამორა“-სთან შედარებით ეს ნაკლებად ცნობილი იტალიური ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია მსოფლიოში. ამ დაჯგუფების „შტაბ-ბინა“ განლაგებულია იტალიის ყველაზე ღარიბ პროვინცია – კალაბრიაში. მისი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ევროპის კოკაინით ყველაზე მსხვილი პარტიებით მომარაგებასთან. ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის Eurispes ინფორმაციით, ჯერ კიდევ 15 წლის წინ „ნდრანგეტას“ წლიური მოგება აღწევდა 47 მილიარდ ევროს. ბოლო მონაცემების მოპოვება ღია წყაროებიდან გართულებულია.
როდესაც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი „დაუძინებელი მეგობრები“ ადარებენ ხან „რეჟიმთან“, ხან „კლანებთან“ – უკვე რეალურად იბნევი, ვისთან გვაქვს საქმე და ვის უწოდებ შენს მეგობრად თუ პარტნიორად. როდესაც აგენტოკრატების ადგილობრივი ლაქიები ღლიცინებენ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევაზე, საკუთარი ქველმოქმედების ხარჯზე საქართველოს ფლორასა თუ ფაუნას შესძინენოს რაც შეიძლება მეტი მომხიბლველობა – საკუთარ თავს იჭერ ფიქრზე, რამდენ მავნებელს და გენმოდიფიცირებულ სასარგებლო იდიოტს იტევს ეს ჩვენი პატარა და ლამაზი სამშობლო. ამიტომაც საჭირო კონტრასტების და აქცენტების გავლების მიზნით, გადავინაცვლოთ „დემოკრატიულ“ და „ცივილიზებულ“ ევროპაში. წინა კვირას დაიწყო და დღემდე გრძელდება მთელს მსოფლიოში „ნდრანგეტას“ დაჯგუფების წევრთა ხმაურიანი დაპატიმრებების სერია. როგორც ჩანს, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და არა მხოლოდ „ქოლ-ცენტრების“ თემატიკასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ევროპაში “ნდრანგეტას” წარმომადგენლების ფართომასშტაბურ დაპატიმრებებს, უმჯობესია ამის შესახებ შევიტყოთ ამ საკითხებში ყველაზე კარგად გათვითცნობიერებული წყაროებიდან – იტალიაში ცნობილი ბენედეტისა და აგნელის ოჯახებიდან, რომლებიც ფლობენ მედია კონგლომერატს GEDI Gruppo Editoriale S.p.A-ს. მასში შემავალი La Repubblica-ს (https://www.repubblica.it/…/ndrangheta_operazione…) ინფორმაციით, მაისის დასაწყისში 108 დაპატიმრება განხორციელდა მხოლოდ კალაბრიაში, კიდევ 15 იტალიის სხვადასხვა ქალაქებში და უამრავი – საზღვარგარეთ: ლოკრიდან (ქალაქი კალაბრიაში), გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის ჩათვლით. გერმანიაში დაპატიმრებები და ჩხრეკა ჩატარდა ბავარიის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის, რაინლანდ-პფალციის, ზარისა და ტურინგიის ფედერალურ ოლქებში (სულ გაიცა 100-ზე მეტი ჩხრეკის ორდერი და განხორციელდა 50-ზე მეტი დაპატიმრება).
ყველგან – იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ – ჩხრეკისას, გამომძიებლებმა იპოვეს დიდი ოდენობით იარაღი, ნარკოტიკები, ფული. იმპერია, რომელსაც კოკაინზე ათობით წლების განმავლობაში ქმნიდნენ “სანტოლუკოტი” (santolucoti) – კალაბრიის ისტორიული კომუნის და „ნდრანგეტას“ ეპიცენტრის, სან-ლუკას ოჯახები, დაინგრა. La Repubblica-მ გამოავლინა „ნდრანგეტას“ კავშირები ძალიან საშიშ ახალ ორგანიზაციასთან (ბრაზილიის PCC-სთან), რომელიც მოქმედებს ბრაზილიასა და ურუგვაის ტერიტორიაზე, შექმნილია და სტრუქტურირებულია სწორედ „ნდრანგეტას“ საორგანიზაციო ბაზაზე. ასევე ახალი არხები გაიხსნა მექსიკასთან – ამ მიმართულებას კურირებს ვინმე ლუსიო აკინო. კოლუმბიაში სწორედ მან შეინარჩუნა კონტაქტი უმსხვილეს ნარკომწარმოებლებთან Clan del Golfo (AGC) და AUC-თან. AGC-ის ყველაზე აქტიურმა 1200-მა წევრმა, დაიპყრო ბაჯო კავკას (https://colombiareports.com/bajo-cauca/) რეგიონი (ნარკომანიის მთავარი დერეფანი ჩრდილო-აღმოსავლეთ კოლუმბიაში) თავისი ოქროს მაღაროებით, სადაც ჰექტრობით გაანადგურეს დაცული ტერიტორიები და მდინარეებს დინების კალაპოტები შეუცვალეს.
სწორედ ბრაზილიული „PCC – Ndranghetta“-ს ხაზით ლათინური ამერიკის კოკაინმა შეავსო ევროკავშირის ბაზრები, სადაც მის შემდგომ გადანაწილებას ძირითადად ალბანელები კურირებენ. არსებობს იმის ვარაუდიც, რომ ნდრანგეტას წარმომადგენლების მასობრივმა დაპატიმრებამ ევროპაში გამოიწვიოს ლათინურ ამერიკასთან კავშირების იძულებითი შეწყვეტა და პრინციპიდან: „წმინდა ადგილი ცარიელი ვერ დარჩება” – არაა გამორიცხული, ევროპული ბაზარი გაივსოს ჩინური სინთეტიკური ნარკოტიკით ჩინელი მომწოდებლებისაგან.