პოლიტიკასხვადასხვა

ევროპის სახალხო პარტიის შტაბ-ბინა ციფრულ მექრთამეობასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო გაჩხრიკეს

0

ავტორი თომას ო’რაილი, 5 აპრილი

4 აპრილს ბელგიის პოლიციამ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ბრიუსელის შტაბ-ბინა ქრთამის აღებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო გაჩხრიკა. ეს ბრალდებები გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) გავლენიან წევრს, მარიო ვოიტს, 2019 წელს წაუყენეს, როდესაც EPP-ს ციფრულ კამპანიას ხელმძღვანელობდა.
ვარაუდობენ, რომ გერმანელი პოლიტიკოსი იმიტომ მოისყიდეს, რომ ქალაქ იენაში ბაზირებული ერთი ტექნოლოგიური კომპანიისთვის პრივილეგია მიენიჭებინა, რომელიც 2019 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნების დროს კარდაკარის კამპანიის საწარმოებლად EPP-სთვის ონლაინაპლიკაციას შექმნიდა.
ბელგიელმა სამართალდამცველებმა გერმანიის ხელისუფლებასთან ერთად ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში კომპიუტერების კონფისკაცია მოახდინეს. ევროპის სახალხო პარტიაში დაადასტურეს, რომ ჩხრეკა ვოიტის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეს უკავშირდებოდა.
ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტში უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების გაერთიანებას წარმოადგენს. მისი შტაბ-ბინის გაჩხრეკა ბრიუსელში მოკალათებულ ცენტრალურ ხელისუფლებას ზიანს აყენებს. მარიო ვოიტი ერთი ხანობა EPP-ს პრეზიდენტის, მანფრედ ვებერის, უფროს თანაშემწედ მსახურობა.
ევროპის სახალხო პარტიამ თავისი ვებ-გვერდიდან სკანდალში გახვეული კომპანიის შესახებ ყველა ინფორმაცია წაშალა.
გერმანიის პოლიციამ ვოიტის უძრავი ქონება ერთხელ უკვე გაჩხრიკა, სექტემბერში კი თიურინგიის (მხარე გერმანიაში) საკანონმდებლო ორგანომ მას იმუნიტეტი მოუხსნა.
ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ევროპის სახალხო პარტიის შტაბ-ბინა მიზანში იმ იმედით ამოიღო, რომ მტკიცებულებებს მოიპოვებდნენ, რომლებიც იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ვოიტი EPP-ს ციფრულ მენეჯერად მუშაობდა.
ეს გაჩხრეკები ჯერჯერობით არ უკავშირდება კატარგეიტის სკანდალს, რომელმაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ევროპარლამენტში ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა კორუფციულ პრობლემებთან დაკავშირებით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის.
ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ამ დროისთვის EPP-ს სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს. სიმართლე მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც მსგავს კორუფციულ საქმესთან ვოიტის კოლეგის, მარკ ჰაუპტმენის (CDU), სახელმაც გაიჟღერა. საკითხი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ნიღბების კონტრაქტებს ეხება.
EPP-ს შტაბ-ბინაში ჩატარებული ჩხრეკა კითხვებს აჩენს პარტიის მორალური ლეგიტიმურობის შესახებ, რაც კატარგეიტის სკანდალის გამო ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსში (S&D) მიმდინარე კრიზისს უკავშირდება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნებისმიერ საკანონმდებლო ქმედებაზე, რაც ევროკავშირში კორუფციულ პრობლემებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს მოვლენები უარყოფითად იმოქმედებს EPP-ს შესაძლებლობაზე, რათა სარგებელი მიიღოს თაღლითობით მოპოვებული ფულით და დაუპირისპირდეს ვარაუდებს, რომ კორუფცია მხოლოდ მემარცხენე პოლიტიკურ სპექტრში არსებობს. შეშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ მარიო ვოიტს EPP-ს ლიდერ მანფრედ ვებერთან ახლო ურთიერთობა აქვს.
P.S. ასევე ცნობილი ხდება, რომ ჰენრიკ ჰოლოლეიმ ევროკავშირის სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც POLITICO-მ გამოააშკარავა, რომ ესტონელი პოლიტიკოსი Qatar Airways-ით უფასოდ დაფრინავდა, იმ დროს, როცა მისი გუნდი მსხვილ საავიაციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სპარსეთის ყურის სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

წყარო: https://is.gd/X001RY | https://is.gd/7Rguz7