ეკონომიკასხვადასხვა

ევროპაში რეცესია დაიწყო, იზრდება სახელმწიფო დეფიციტი და ვალები, ევრაზიაში კი არასტაბილურობა შეიმჩნევა, თუმცა არის ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტენდენციას ეწინააღმდეგება – ეს არის საქართველო

0

24 აპრილი, 2024

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებით, საქართველოს რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმედოვნებს, რომ 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 10 პროცენტით გაიზრდება.

ამავდროულად, საქართველოს მთავრობა ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლებისა და ფისკალური დისციპლინის შექმნაზე კონცენტრირებას გააგრძელებს. მოსალოდნელია, რომ 2022 წლის სახელმწიფო დეფიციტი დაახლოებით 3.1 პროცენტი იქნება (მნიშვნელოვანი შემცირებაა, რადგან 2021 წელს 6.1 პროცენტს შეადგენდა) და მიუახლოვდება ფისკალურ წესს, რომელიც 2023 წელს მოითხოვს დეფიციტს მშპ-ის 3 პროცენტზე ქვემოთ.
სახელმწიფო ვალი, რომელიც 2021 წელს 60.1 პროცენტს შეადგენდა, 2022 წელს 49 პროცენტამდე შემცირდება, კლების ტემპიც 2023 წელსაც გაგრძელდება. ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას ამ ციფრების ნამდვილად შეშურდება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2021 წელს 5,000 აშშ დოლარიდან 2022 წელს 6,600 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ამ შთამბეჭდავ რიცხვებამდე მიღწევა ადვილი არ იყო, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, შემდეგ კი უკრაინაში ომი დაიწყო. ეკონომიკური წინსვლა საქართველოს მთავრობის შრომისმოყვარეობამ განაპირობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, მისმა სტრატეგიულმა მიდგომამ და მოქნილმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად იცვლება.

საქართველოს ეკონომიკური სასწაული ექსპორტის გაზრდილმა მაჩვენებელმა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებამ, ასევე ტურიზმისა და სატრანსპორტო შემოსავლების ზრდამ განაპირობა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტი 37 პროცენტით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ექსპორტი შემცირდა.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 156 პროცენტით გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა და 923 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63 პროცენიანი ზრდაა. FDI-ის ნაკადებში ევროკავშირის წილი 43 პროცენტი იყო. რუსეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითია.
უკრაინის ომმა საგრძნობლად გაზარდა საქართველოს როლი, რადგან ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია იტვირთა. შავი ზღვამ კიდევ დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ოდესმე ჰქონია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპასა და აზიას შორის, ვაჭრობის კუთხით, მომარაგების ქსელის დივერსიფიკაცია უკიდეურესად აუცილებელია. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო ტვირთბრუნვა 19,4 პროცენტით გაიზარდა და 17,9 მილიონ ტონას მიაღწია.

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ინოვაციური პროექტი განახორციელა, რათა ეს შთამბეჭდავი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ასახულიყო. დაიწყო „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახალი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფენ. ანალოგიური პროგრამა პოლიციელებისთვისაც ამოქმედდა. სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის პარტნიორობის ინოვაციური სქემების მეშვეობით, 1383-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა (2008 წლის ომის გამო იძულებით გადაადგილებულმა პირმა) ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო.
ეს გამოცდილება შესაძლოა უკრაინისთვისაც აქტუალური გახდეს, რადგან რუსული აგრესიის გამო მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა.

ამოქმედდა დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. მათ სამსახურებით სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ.
ზემოხსენებულ სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ამ დრომდე 50 000-მა მოქალაქემ შეიტანა განაცხადი. მთავრობის უშუალო ჩარევით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია იაფი მედიკამენტები.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონში, რამდენიმე უმსხვილესი პროექტის განხორციელება დაიწყო.

ეს პროექტები ითვალისწინებს შავი ზღვის მეშვეობით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაუმჯობესებას; ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის სიღრმისეულ ინტეგრაციას ევროკავშირში; საქართველოს მოქალაქეებისთვის ციფრული კავშირის გაუმჯობესებასა და საცხოვრებელ კორპუსებში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას.

ეს ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს. საქართველო თანამედროვე და დინამიკური ქვეყანაა, რომელიც მშფოთვარე ევრაზიის რეგიონში დასავლეთის ძლიერი მოკავშირეა. საქართველოს ევროკავშირის გაფართოების კონტექსტშიც შესაბამისად უნდა მოეპყროთ.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირში შეტანილი წევრობის განაცხადის შესახებ ევროკომისიის დასკვნაში გამოვლენილი საკითხების მნიშვნელობას არ აფასებდეს.

თბილისმა იცის, რა უნდა გააკეთოს და პრემიერი ღარიბაშვილი მზად არის ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რათა ქვეყანა მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში.

წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ზემოხსენებულმა მიღწევებმა განაპირობა, საქართველოს ევროკავშირთან გაცილებით მჭიდრო ინტეგრაციის მტკიცე საფუძველს ქმნის.