პოლიტიკასხვადასხვა

ევროპაში მემარჯვენე მიმართულება ძლიერდება

0

ავტორი: დიტერ შტაინი

22 ივლისი, 2023 წ.

ბებერ კონტინენტზე მემარჯვენე პარტიები აღმავლობის გზაზე არიან. ევროპის მასშტაბით ეროვნულ-კონსერვატიულმა პარტიებმა უკანასკნელ არჩევნებში საგრძნობლად მაღალი შედეგები აჩვენეს.

ლიბერალურ ფლანგზე ძალიან აშინებთ მომავალი კონსერვატიული „ცუნამი“.

წლების განმავლობაში ისტებლიშმენტი ყველანაირად ხელს უშლიდა ახალი კონსერვატიული ძალების მიახლოებას ძალაუფლების სადავეებთან, მაგრამ დღეს ეს მოცემულობა იცვლება. გასული წლის შემოდგომიდან იტალიას გამოკვეთილად კონსერვატიული მთავრობა ჰყავს. მემარჯვენე მიმართულება აღმავლობის გზაზეა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა თუ სკანდინავიაში. უკვე დაინგრა ან ჩამოშლის პირასაა ე.წ. სანიტარული ბარიერები, რომლებიც ემსახურებოდნენ კონსერვატიული ძალების შეზღუდვას.

ევროპაში მემარჯვენე კონსერვატიული მიმართულების გაძლიერებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: მასობრივი უკონტროლო მიგრაცია; უკრაინის ომის პარალელურად გაძვირებული ცხოვრება; გაზრდილი კომუნალური ხარჯები და ა.შ. მემარჯვენე-კონსერვატიული პარტიების უმეტესობა ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, მაგრამ საგარეო პოლიტიკის ხედვები ერთგვაროვანი არ არის არც მემარჯვენე პარტიებს შორის. ასევე, რუსეთის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ხშირად ხდება განხეთქილების საფუძველი.

მაგრამ ამ საკითხს მოგვიანებით მოვუბრუნდები. ჯერ ის პოლიტიკური ცვლილებები მიმოვიხილოთ, რომლებიც ბებერ კონტინენტზე ხდება.

დავიწყებ გერმანიით, სადაც ათი წლის წინ „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის მმართველობის დროს ჰორიზონტზე არ ჩანდა მემარჯვენე პარტიები. ანგელა მერკელის პირობებში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მემარცხენე მიმართულება აირჩიეს და შექმნეს ვაკუუმი ტრადიციონალისტურ-კონსერვატიულ ფლანგზე. ახლა ეს სიცარიელე შეავსო 2013 წელს დაფუძნებულმა ევროსკეპტიკოსმა პარტიამ − „ალტერნატივა გერმანიისთვის“. 2015 წელს ანგელა მერკელის მიღებულმა გადაწყვეტილებამ, კვლავ ღია დაეტოვებინა საზღვრები მილიონზე მეტი მიგრანტისთვის, გააძლიერა მოწინააღმდეგე პარტია. მიუხედავად ისტებლიშმენტის და მეინსტრიმული მედიის მხრიდან ყველანაირი წინააღმდეგობისა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არჩევნების შედეგად ფედერალური პარლამენტის (ბუნდესტაგი) წევრი პარტია გახდა.

უკანასკნელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ მხარდაჭერა გაორმაგებულია და 20 პროცენტს აღწევს. „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი ეკონომიკისა და ეკოლოგიის მინისტრის ინიციატივამ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე გათბობის ქვაბების აკრძალვის შესახებ, მემარჯვენე პარტიის რეიტინგი კიდევ უფრო გაზარდა. კონსერვატიული პარტიის განვითარება ძალიან აღელვებთ დანარჩენ პარტიებს, მეტიც − ამან ისტერია გამოიწვია და პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ დაჯგუფებასაც კი უწოდებენ. მაგრამ ეს სტიგმატიზება უკვე დაბლაგვებული იარაღია ისტებლიშმენტის ხელში, რადგან მოსახლეობას დიდად აღარ აინტერესებს მსგავსი შეფასებები.

„გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. პარტიამ პირობა დადო, რომ მემარჯვენე კონკურენტის წინააღმდეგ „ბრანდმაუერს“ (firewall) დაუჭერს მხარს. თუმცა ამ პოლიტიკის შენარჩუნება სულ უფრო და უფრო რთულდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში, ყოფილ გდრ-ში, სადაც ამომრჩეველთა მეოთხედი ან თუნდაც მესამედი პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უჭერს მხარს.

ტოტალური გამორიცხვის სტრატეგიები, რომლებსაც firewall-ს უწოდებენ, მარცხს განიცდიან, თუ პოლიტიკურ რეალობას წინ აღუდგებიან. როდესაც კონკურენტი მემარჯვენე პარტია ძალიან იზრდება, იგი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

ეს უკვე ხდება საფრანგეთში. Ifop-ის მიერ აპრილში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ დღესდღეობით ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი მარინ ლე პენია, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკან ჩამოიტოვა. ფრანგები, რომლებიც მის არაპოპულარულ საპენსიო რეფორმებს წინააღმდეგობას უწევენ, ქვეყნის პრეზიდენტს არაკომუნიკაბელურ ადამიანად მიიჩნევენ. საფრანგეთის ქალაქების გარეუბნებში, სადაც ძირითადად აფრიკული და არაბული წარმოშობის მიგრანტები ცხოვრობენ, კვლავ სრული განუკითხაობა სუფევს. პარიზში, მარსელში, ლიონსა და ბევრ პატარა ქალაქში რასიზმის ნიადაგზე არეულობაა.

ანარქია და ვანდალური ღამეები ადასტურებს ლე პენის სიტყვებს, რომ იმიგრაციასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებით რაღაც არასწორად გაკეთდა. თუ საფრანგეთის მომავლის შესახებ საყოველთაო პესიმიზმს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, რომ საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტად მარინ ლე პენი ვიხილოთ. ივნისის შუა რიცხვებში, ვიდრე არეულობა დაიწყებოდა, მაკრონის დაფუძნებული პარტია „აღორძინების“ წევრმა ჟაკლინ მაკემ ყოველკვირეულ ფრანგულ გაზეთ Le Journal du Dimanche-ს განუცხადა: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცუნამი მოიწევს“.

შვედეთშიც ანალოგიური მოვლენები ხდება: მემარჯვენეები პოპულარობას იხვეჭენ. იმიგრანტ ნარკობანდებს შორის მრავალწლიანმა ბრძოლამ და თითქმის ყოველდღიურმა სროლამ თუ აფეთქებებმა, ამომრჩევლები ძალიან განარისხა. ბუნდოვანმა მიგრაციამ და უსაფრთხოების პოლიტიკამ მემარჯვენე პარტია „შვედი დემოკრატები“ (Sweden Democrats) გააძლიერა. პატივისცემის მოსაპოვებლად, შვედებმა სტრატეგიული თვალსაზრისით ზომიერი პოლიტიკა აირჩიეს და ზოგიერთ რადიკალურ ქმედებაზე უარი თქვეს. საბოლოოდ, შვედებს „ბრანდმაუერი“ ჩამოენგრათ.

გასული წლის სექტემბერში Sweden Democrats-მა არჩევნებში წარმატებას მიაღწია. ამჟამად ახალი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მეზობელი ფინეთიც მარჯვნივ იხრება. გასულ თვეს „პოპულისტური“ მემარჯვენე პარტია „ჭეშმარიტი ფინელები“ (Finns Party) ახალ კოალიციურ მთავრობაში ოფიციალურად შევიდა (ამის მიუხედავად, ისინი რასიზმთან დაკავშირებულ არაერთ სკანდალში ფიგურირებენ).

ბოლო პერიოდში მემარჯვენეების მიერ მიღწეული წარმატებებიდან ყველაზე თვალსაჩინო ჯორჯი მელონის პარტია „იტალიის ძმების“ (Fratelli d’Italia) გამარჯვებაა, რომელმაც გასული წლის სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა. იგი პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია, რომელიც საოცრად სტაბილურ მემარჯვენე მთავრობას ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენეები მას ტალახს ესვრიან და „პოსტ-ფაშისტს“ უწოდებენ, ჭკვიანმა, გონიერმა და მომხიბვლელმა მელონიმ მრავალი მხარდამჭერი შეიძინა. იგი „ვოუკისტ“ მემარცხენეებსა და მათ იდეებს − სოციალური ინჟინერია და ლგბტ-პროპაგანდა − დაუპირისპირდა.

მელონის პარტია იტალიაში პოპულარობით მატეო სალვინის პარტია „ლიგას“ (Lega) და ახლახან გარდაცვლილი სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ იტალიასაც“ (Forza Italia) უსწრებს. მისი მთავრობა ტრადიციული სოციალური კონსერვატიზმის კურსს მიჰყვება და არალეგალური იმიგრანტების წინააღმდეგ უფრო მკაცრ პოლიტიკას ატარებს.

ბოლო ხანებში ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში თავშესაფრის მაძიებელთა პატარა ნავების შესაჩერებლად ძალისხმევის გაორმაგებას უკავშირდება, კონსენსუსის ცვლილებაზე მიუთითებს. ის, რასაც ოდესღაც „რადიკალი მემარჯვენეები ითხოვდნენ, დღეს ახალი ნორმაა.

მემარჯვენე ძალები ესპანეთშიც ძლიერდებიან. ბოლო რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატიულმა „ესპანეთის სახალხო პარტიამ“ (Partido Popular (PP) დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო 2013 წელს დაარსებულმა ულტრამემარჯვენე პარტია „ხმამ“ (Vox) მნიშვნელოვნად გაზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა. ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იძულებული გახდა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დაენიშნა. 23 ივლისს ჩატარებული არჩევნების მოსალოდნელი შედეგი P.P.-ის გამარჯვებაა, რომელსაც ზომიერი კონსერვატორი ალბერტო ნუნეს ფეიხოო ხელმძღვანელობს. P.P.-მა VOX-თან შეკრა კოალიცია („ვოქსი“ ლათინურად „ხმას“ ნიშნავს). სანტიაგო აბასკალის ხელმძღვანელობით VOX-ი მალევე გახდა ესპანეთის სიდიდით მესამე პარტია. მემარცხენეების მოთქმა-გოდების მიუხედავად, ქვეყანა ვითომც „ფრანკოს ეპოქაში“ ბრუნდება, ხოლო OX-ი საზოგადოებაში პოპულარობას იძენს.

ზემოთქმული მაგალითები გვიჩვენებს, თუ როგორ იმყარებენ პოზიციებს მემარჯვენე მოძრაობები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ წინაშეა „კონსერვატიული ინტერნაციონალის“ ან „მემარჯვენე ინტერნაციონალის“ აღმოცენების ნიშნები, რაც, თავის მხრივ, მაისში ქალაქ ბუდაპეშტში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) დადასტურდა. უნგრეთის დედაქალაქში გამართულ შეკრებას ევროპიდან და ჩრდილოეთი ამერიკიდან 600-ზე მეტი კონსერვატორი დაესწრო, რომლებიც ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ. ღონისძიება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვოქტორ ორბანმა გახსნა. მისი სიტყვით გამოსვლის სათაური ასე ჟღერდა: „არა მიგრაციას, არა გენდერს, არა ომს“.

მასობრივი მიგრაციისა და გენდერული იდეოლოგიის აგრესიული პროპაგანდის წინააღმდეგ ევროპელი მემარჯვენეები ერთსულოვანნი არიან. თუმცა რას გულისხმობდა ორბანი, როდესაც ამბობდა „არა ომს“, დღემდე უცნობია. უნგრეთის პრემიერმა თავი აარიდა შეკითხვაზე პასუხს, თუ როგორ უნდა შეწყდეს უკრაინის ომი. ეს არის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მემარჯვენე პარტიებს შორის, ან ხელს უშლის, რეალურად საფუძველი ჩაუყარონ ნამდვილ „მემარჯვენე ინტერნაციონალს“.

ევროპარლამენტში მემარჯვენე პარტიებმა ერთიანი ჯგუფი ვერ ჩამოაყალიბეს. შესაბამისად, ფუნქციონირებს ორი მემარჯვენე ფრაქცია, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან. ევროსკეპტიკოსი „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და ულტრამემარჯვენე „იდენტურობა და დემოკრატია“ (ID), ამას დაუმატეთ ათეულობით უნგრელი ევროპარლამენტარი პარტია „ფიდესიდან“ (Fidesz), რომლებიც მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიიდან“ (EPP) გარიცხეს. ყველა ეს პარტია ევროპული სუპერსახელმწიფოს ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება, რომელმაც ერი-სახელმწიფოები უნდა ჩაანაცვლოს. ყველა მათგანი ასევე ეწინააღმდეგება სოციალური ინჟინერიის ექსპერიმენტებს, რომელთა უკან მემარცხენეები დგანან.

თუ ეს პარტიები გაერთიანდებიან, მოკავშირე მემარჯვენეები ევროპარლამენტში (705 ადგილი) ადვილად მოიპოვებენ 150 ადგილს და „ევროპის სახალხო პარტიის“ (რომლის რიგებშიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ირიცხება) შემდეგ სიდიდით მეორე ფრაქცია გახდებიან. გაერთიანებულმა მემარჯვენეებმა შესაძლოა „სოციალისტები და დემოკრატების“ (S&D) ფრაქციაზე ბევრად დიდი ფრაქცია ჩამოაყალიბონ.

თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო მემარჯვენე ძალების გაერთიანება ნაკლებად სავარაუდოა. ევროს კრიზისის დროს ისინი ევროს, ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის, ფისკალური ტრანსფერებისა თუ სუბსიდიების შესახებ განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და რუსეთის შესახებ დიდი უთანხმოება ჩამოვარდა.

ზოგიერთი მემარჯვენე პარტია NATO-ს ერთგულია და მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. პოლონეთის კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინისთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდების აქტიური მომხრეა და ამ პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებს (შესაძლოა ირონიულად ჟღერს, თუმცა ფაქტია, რომ პოლონეთის ნაციონალურ-კონსერვატიული, „ვოუკიზმის“ მოწინააღმდეგე მთავრობა (PiS) საგარეო პოლიტიკაში ბევრ საერთოს პოულობს „ვოუკიზმის“ მომხრე ბაიდენის ადმინისტრაციასთან, რომელიც პოლონეთის მთავრობის ბევრ შეხედულებას არ იზიარებს და მის წინააღმდეგ ამხედრებულ ლგბტ-თემს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს).

უკრაინას სხვა მემარჯვენე ლიდერებიც უჭერენ მხარს. ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა ჯორჯა მელონიმ, რომელიც არც NATO-ს მხარდაჭერაზე ამბობს უარს. მეორე მხრივ, უკრაინის ომს მხარს არ უჭერს ვიქტორ ორბანი (რომელიც მელონისა და აბასკალის კარგი მეგობარია), ხოლო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მრავალი მემარჯვენე პარტია, მათ შორის „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ეწინააღმდეგება, რადგან შიშობენ, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს და რუსეთ-დასავლეთის ომის ტალღამ ცენტრალურ ევროპამდე მიაღწიოს.

მაგალითად, მემარცხენე „გერმანელი მწვანეები“ (Alliance 90/The Greens), რომლებიც ყოველთვის თავისი პაციფისტობით იწონებდნენ თავს, მოულოდნელად ომის მომხრეებად მოგვევლინნენ. მემარცხენეები, რომლებიც ჯარში მსახურებაზე უარს ამბობდნენ, ახლა ითხოვენ, რომ უკრაინას თანამედროვე ტანკები, ავიაგამანადგურებლები და შორი რადიუსის რაკეტები გადასცენ. შეიძლება ითქვას, რომ მათი პოზიცია ირაციონალური და არათანმიმდევრულია, რადგან ეს მათ ანტინაციონალისტურ დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება, ამ დროს კი უკრაინელები თავიანთი სამშობლოს დასაცავად იბრძვიან. რუსებთან მებრძოლი უკრაინელები „ცისარტყელას მეომრები“ კი არა, ნაციონალისტი პატრიოტები არიან, რომლებიც, როგორც წესი, მემარცხენეებში ზიზღს იწვევენ.

იმის გამო, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა, არაერთი ადამიანის აზრით, „ვოუკიზმის“ მიზნებს − მრავალფეროვნებას, ლგბტ-უფლებების დაცვასა თუ ბაიდენის ადმინისტრაციის გლობალისტურ დღის წესრიგს უკავშირდება, ზოგიერთი ევროპელი მემარჯვენე მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა „ვოუკიზმის“ იდეების დამცველი დასავლეთის საპირწონე აღმოჩნდეს. წლების განმავლობაში ზოგიერთ ევროპულ მემარჯვენე პარტიას, მაგალითად, „ავსტრიის თავისუფლების პარტიასა“ (FPO) და ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ (RN), მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პუტინის პარტიასთან. „ეროვნულმა გაერთიანებამ“ რუსეთთან აფილირებული ერთ-ერთი ბანკისგან დიდი რაოდენობით სესხიც კი მიიღო.

ამის გამო პარტიის ბევრმა წევრმა სინანულიც კი გამოთქვა. „ეროვნული გაერთიანების“ ახალგაზრდა თავმჯდომარე ჟორდან ბარდელამ აღიარა, რომ პუტინის ზრახვებთან დაკავშირებით პარტიამ „კოლექტიური გულუბრყვილობა“ გამოიჩინა. მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლე პენის პარტიამ გარკვეულწილად ტრადიციული პრორუსული კურსი შეცვალა და პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა უკრაინას, თუმცა ამავდროულად „ქორების“ აგრესიულ რიტორიკას არ დაემორჩილა.

თუმცა სხვა მემარჯვენე მოძრაობების წევრებში უფრო მეტი დაბნეულობა შეიმჩნევა. ზოგიერთი ევროპელი მემარჯვენე ნეონეიტრალურ იდეებს ქადაგებს და აბსურდული, გულუბრყვილო პაციფისტური აზროვნებით გამოირჩევა. ზოგიერთი მათგანი „ევრაზიულ“ კონცეფციებს უჭერს მხარს, ზოგიც NATO-ს დაშლაზე ოცნებობს, თუმცა რეალურ პასუხს ვერ იძლევა, რამ შეიძლება ჩაანაცვლოს ეს სამხედრო ალიანსი. ასე მარგინალები ფიქრობენ და დისკუსიას აზრს უკარგავენ, თუმცა ამავდროულად ხაზს უსვამენ საერთო ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის ავთენტური და რეალისტური კონცეფციის აუცილებლობას.

ევროპაში მემარჯვენეებს სერიოზული ანალიტიკური ცენტრები არ აქვთ და არც უსაფრთხოების პოლიტიკაზე მომუშავე მოაზროვნეები ჰყავთ, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ისაუბრებენ, მაგალითად, თუ როგორ გახდეს ევროპა ვაშინგტონზე ნაკლებად დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ამერიკის კულტურული და სამხედრო ჰეგემონია მცირდება, როგორც ჩანს, ევროკავშირს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება არ ძალუძს, რომელსაც თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების განსაზღვრა და განხორციელება შეუძლია. პირველი − ევროკავშირს სათანადო შეიარაღებული ძალები არ ჰყავს; მეორე − ბრიუსელს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების შესახებ მკაფიო წარმოდგენა არ აქვს.

მაგალითისთვის მოვიყვანთ გერმანიას, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფოა, რასაც ვერ ვიტყვით მის სამხედრო პოტენციალზე. გერმანია ევროპის ინდუსტრიული ცენტრია, თუმცა ურთიერთობაში ძალიან არასაიმედო ქვეყანაა. ბერლინი დიდი ხანია, რაც მეზობელ ქვეყნებში უკმაყოფილებას იწვევს, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არიან და ცდილობენ, რომ იგი ევროკავშირის „მეწველ ძროხად“ აქციონ. ამავდროულად, გერმანიამ ყველაზე მეტი (არალეგალი) მიგრანტი მიიზიდა და ირაციონალური ღია საზღვრების პოლიტიკით „ბებერი კონტინენტის“ დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი. გულუხვი სოციალური ბენეფიტების (Germoney) გამო, გერმანია მიგრანტების საყვარელი ადგილია. ბერლინის პოლიტიკის მიზეზით, საზღვრების დასაცავად დიდი ძალისხმევის გაღება სამხრეთი ევროპის ქვეყნებს უწევთ, ამავდროულად კი გერმანელები მათ რასიზმში ადანაშაულებენ.

ათწლეულების განმავლობაში გერმანელებს გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ მათ არც საზღვრები სჭირდებოდათ და არც შეიარაღებული ძალები. ბუნდესვერი (გერმანიის შეიარაღებული ძალები), რომელსაც 30 წელი არ აფინანსებდნენ, სავალალო მდგომარეობაშია. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალი იყო, როდესაც ევროპელებს, განსაკუთრებით კი გერმანელებს, თავდაცვის საკითხების უგულებელყოფაში ადანაშაულებდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კანცლერმა შოლცმა zeitenwende – „გარდამტეხი მომენტი ისტორიაში“ − გამოაცხადა. პირობა დადეს, რომ უსაფრთხოებასა და არმიაში უფრო მეტ ინვესტიციას დააბანდებდნენ, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ძველებურადაა. იმედოვნებდნენ, რომ გერმანია უფრო რეალისტურ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა, თუმცა ეს იმედიც მალე გაქარწყლდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი (მწვანეთა პარტია), რომელიც შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკოსია, ამაყობს, რომ „ფენისიტია“. სამწუხაროდ, ბერბოკიც ძალიან გამოუცდელია, რომელიც ხშირად უშვებს შეცდომებს.

იანვარში ბერბოკმა უაზრო განცხადება გააკეთა: „ჩვენ რუსეთს ვებრძვით“. მისმა თანაშემწეებმა სწრაფად უარყვეს მინისტრის ეს განცხადება, რომელსაც „თარგმანში დაკარგული“ უწოდეს. საბედნიეროდ, მის სიტყვებს ბევრი სერიოზულად არ იღებს. გერმანიაში ბერბოკს მნიშვნელოვან ფიგურად არ მიიჩნევენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ინგლისურად საუბრის დროს დაშვებული შეცდომების გამოც ხშირად დასცინიან. ორი კვირის წინ ქალაქ პრეტორიაში სამხრეთ აფრიკას მიულოცა, რომ იგი „იმედის ბეკონი“ (!) გახდა. გერმანიის მწვანეთა პარტია უმეცრებისა და ქედმაღლობის უხერხული ნაზავია, რომელიც სხვებს ჭკუას ასწავლის, გახდნენ უფრო განათლებული, თანამედროვე, მრავალფეროვანი და პოსტეროვნული მსოფლიოს მოქალაქეები.

ათწლეულების განმავლობაში გერმანიის მემარცხენე-ლიბერალური ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტები შემწყნარებლობას იჩენდნენ პაციფისტური, მულტიკულტურული და პოსტეროვნული იდენტობის მიმართ, რასაც მხარს უჭერდა ფილოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი. ვინც ამ იდეებს არ იზიარებდა (მაგ. უნგრეთი და პოლონეთი), ასევე მასობრივი მიგრაციისა და „ვოუკიზმის“ პროგრესული დღის წესრიგის წინააღმდეგი იყო, გერმანია მათ ქედმაღლურად ეპყრობოდა და ავიწროებდა. ბერლინის პოზიციამ უკუშედეგი გამოიწვია და, საბოლოო ჯამში, გერმანიის მიმართ უკმაყოფილების ზრდას შეუწყო ხელი.

გერმანიის მთავარი პრობლემა დასუსტებული ეროვნული იდენტობაა. გერმანელები საკუთარი ეროვნული ინტერესების მქონე „ნორმალურ ერად“ ვეღარ აღიქვამენ თავს. აქედან გამომდინარე, გერმანია იმასაც ვეღარ აცნობიერებს, თუ რატომ სურთ სხვა ერებს − აღმოსავლეთევროპელებს, იტალიელებს, ესპანელებს, ფრანგებს და ა.შ. − თავიანთი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა თუ თვითმმართველობის შენარჩუნება. გერმანიის ელიტები შიშით ადევნებენ თვალყურს იმ მოვლენებს, რომ რამდენიმე მეზობელი ქვეყნის სათავეში მემარჯვენეები მოდიან. გერმანია საკუთარ იდენტობას უნდა შეეგუოს და რეალობას არ უნდა გაექცეს.

ევროპა შეიცვლება, თუ პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი უფრო კონსერვატიულ, რეალისტურ პოზიციებს დაიკავებს. ამავე დროს, მსოფლიო უნიპოლარული (ამერიკული) გეოპოლიტიკური წყობიდან მულტიპოლარულ გეოპოლიტიკურ წყობაზე გადადის, როდესაც შეერთებულ შტატებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უპირისპირდება. ასეთი ცვლილება უზარმაზარ პრობლემებს უქადის ევროპას, განსაკუთრებით კი გერმანიას, რომლის სამრეწველო დარგები, ისევე როგორც ავტომწარმოებლები, უკვე ჩინეთის ბაზარზე არიან დიდწილად დამოკიდებულნი. ევროპამ უსაფრთხოების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენციას, ინოვაციებსა და მოქნილობას. ამავდროულად, უნდა შეამციროს დამოკიდებულება ჩინურ ბაზრებსა და მნიშვნელოვან ნედლეულზე.

ევროპამ უარი არ უნდა თქვას შეერთებულ შტატებთან ალიანსზე, რადგან ეს მის სამხედრო და ეკონომიკურ სისუსტეებს გამოააშკარავებს და შესაძლებელია, რომ შიდა დაპირისპირება ან უპირატესობისთვის ბრძოლა გამწვავდეს. ამის მიუხედავად, ევროპამ აშშ-ის უგუნურ, ინტერვენციულ სამხედრო ავანტიურებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. უფრო თავშეკავებულნი უნდა გავხდეთ და ჩვენი პრობლემების გადაჭრას უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ − მათ შორის ამერიკამ.

დიტერ შტაინი გერმანელი ჟურნალისტი და გამომცემელია. იგი ბერლინში ბაზირებული უდიდესი კონსერვატიული ყოველკვირეული გაზეთის, Junge Freiheit-ის, მთავარი რედაქტორია.

https://www.theamericanconservative.com/the-rise-of-the-european-right/