ევროპარლამენტმა გასულ კვირას ორ ევროპელ კანონმდებელს იმუნიტეტი მოუხსნა.
პარასკევს ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტარი და სოციალისტური პარტიის უკვე ყოფილი წევრი მარკ ტარაბელა დააკავა. ბელგიელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტში აგორებულ სავარაუდო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებაში ფიგურირებს.
ბელგიის პროკურატურის პრესმდივანმა დაკავების ფაქტი მას შემდეგ დაადასტურა, რაც ფლამანდიურმა ტელეკომპანია VRT-მა ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ტარაბელას ადვოკატმა, მაქსიმ ტოლერმა, ‘პოლიტიკოს’ (POLITICO) განუცხადა, რომ მისი კლიენტი გამომძიებელი მოსამართლის წინაშე ჯერ არ წარმდგარა.
შემდგომ პრესრელიზში პროკურორმა ასევე დაადასტურა, რომ პარასკევს დილით რამდენიმე ადგილას ჩხრეკა ჩაატარეს. ლიეჟის ბანკში გაჩხრიკეს ტარაბელას სეიფი, ასევე რამდენიმე ოფისი ქალაქ ანტინში (ვალონიას კომუნა), რომლის მერი დღემდე მარკ ტარაბელაა.
გასულ ხუთშაბათს გამართულ პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტმა ტარაბელასა და მის მეგობარ ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა, რაც ბელგიელ გამომძიებლებს მათი დაკითხვის საშუალებას მისცემს. სხვა სამი ეჭვმიტანილი დღემდე ციხეში ზის.
პროკურორს კომენტარი არ გაუკეთებია იმის შესახებ თუ რა ბრალდებები შეიძლება წარუდგინონ ბელგიელ პოლიტიკოსს.
ბელგიის პოლიციამ იკსელში (ერთ-ერთი კომუნა ბელგიაში) მდებარე ანდრეა კოცოლინოს სახლიც გაჩხრიკა. მისი ოფისი ევროპარლამენტში დალუქეს, მაგრამ არ გაჩხრეკიათ, განაცხადა ბელგიის პროკურატურის პრესმდივანმა, რაც ‘პოლიტიკომ’ დაადასტურა.
ევროპარლამენტის პრესმდივნის მოადგილე დელფინ კოლარდმა განაცხადა: „მიმდინარე სასამართლო პროცედურებთან დაკავშირებით კომენტარს არასდროს ვაკეთებთ. ევროპარლამენტი ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობს ხელისუფლებებთან“.
საპარლამენტო მოხსენებების თანახმად, ბელგიის კანონები, რომლებიც ტარაბელამ და კოცოლინომ დაარღვიეს, შეიძლება უკავშირდებოდეს კორუფციას, კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებას.
გასული კვირის მიწურულს ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ, რომელიც საქმეს ხელმძღვანელობს, ციხიდან გაათავისუფლა არასამთავრობო ორგანიზაცია No Peace Without Justice-ის გენერალური მდივანი ნიკოლო ფიგა-ტალამანკა (დანაშაულში ეჭვმიტანილი ოთხი დაკავებული პირიდან ერთ-ერთი). ეს ორგანიზაცია კორუფციულ სკანდალთან არის დაკავშირებული.
დანარჩენი სამი ეჭვმიტანილი: ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი, მისი პარტნიორი ფრანჩესკო ჯორჯი და ყოფილი ევროპარლამენტარი პიერ ანტონიო პანცერი – დღემდე ციხეში ზიან. იანვარში ეს უკანასკნელი გამომძიებლებთან თანამშრომლობას დათანხმდა.
მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას უარყოფენ.
წყარო: https://is.gd/yu3nDs