ორშაბათს ევროკავშირის პროკურატურამ განაცხადა, რომ იტალიის პოლიციამ ქალაქ ბრეშიაში 170 ათას ევროზე მეტი ჩამოართვა ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარ სტეფანია ძამბელის. ცნობილი გახდა, რომ იგი თანაშემწეებისთვის გამოყოფილ თანხებს ბოროტად იყენებდა.
გასულ ხუთშაბათს სახელისუფლო ორგანოებმა გამოძიების ფარგლებში საბანკო ანგარიშები და ძვირადღირებული მანქანები დააყადაღეს. გამოძიებას ევროკავშირის პროკურატურის მილანის ოფისი ხელმძღვანელობს.
გამოძიება ეყრდნობა ძამბელის ოთხ თანაშემწეს, რომლებიც იტალიაში მუშაობენ. სტეფანია ძამბელი, რომელიც ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენა პარტია ‘ლიგადან’ მოხვდა, ევროპარლამენტის დასაქმების კომიტეტის წევრია. ძამბელიმ პოლიტიკური კარიერის დიდი ნაწილი ლომბარდიის ქალაქ სალოში გაატარა, სადაც მერის მოადგილედ მუშაობდა.
„პერსონალის ოთხი წევრი არ ახორციელებდა იმ საქმიანობას, რისთვისაც დაიქირავეს, ან მხოლოდ ნაწილობრივ ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას ევროპარლამენტში ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით“, – ნათქვამია ევროკავშირის პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურაში ისიც განაცხადეს, რომ ძამბელი „მჭიდროდ არის დაკავშირებული“ ამ ოთხი ადამიანიდან მინიმუმ ერთთან, რომელიც ევროპალრამენტარმა დაიქირავა და იგი ამტკიცებს, რომ ძამბელი თაღლითობით პირად სარგებელს ნახულობდა.
‘ფეისბუქზე’ გამოქვეყნებულ განცხადებაში იტალიელი ევროპარლამენტარი წერს: „მინდა აღვნიშნო, რომ არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს უკანონო არაფერი ჩაგვიდენია. ინსტიტუტებსა და კოლექტივს ყოველთვის უდიდესი ერთგულებითა და გამჭვირვალობით ვემსახურებოდით“.
ევროპარლამენტის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ევა კაილიმ, რომელსაც ყატარისგან ნაღი ფულით ქრთამის აღება ედება ბრალად, ახლახან ევროკავშირის პროკურატურის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რომელმაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა, რაც რამდენიმე წლის წინ თანაშემწეების ჩადენილ სავარაუდო დარღვევებს უკავშირდება.
წყარო: https://is.gd/FI2MbP