პოლიტიკასხვადასხვა

ევროპარლამენტში „კატარგეიტის” სკანდალი გრძელდება

0

ბელგიის სოციალისტური პარტიის წევრი მარი არენა, რომელიც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც “კატარგეიტის” სკანდალთან მის კავშირებს ფარდა აეხადა.
ბელგიელმა ევროპარლამენტარმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, როდესაც გაირკვა, რომ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მისი მგზავრობა და მაღალი კლასის სასტუმროში დაბინავება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ფინანსურად. კატარი ორი თვის წინ ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურანტია. ხსენებულმა სკანდალმა ევროკავშირი ძირფესვიანად შეარყია.

Politico Europe-ის ინფორმაციით, არენამ თანამდებოდა იმიტომ დატოვა, რომ საკუთარ რეპუტაციასა და სამსახურს ჩირქი არ მოსცხოს. ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, არენას გადადგომის შესახებ ინფორმირებულია.

„ხმამაღლა და გარკვევით ვაცხადებ, რომ ამ საქმეში ჩართული არ ვარ“, – წერს ბელგიელი ევროპარლამენტარი განცხადებაში და უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით თითქოს კატარგეიტის სკანდალში მონაწილეობდა.

„თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების თავდასხმების გამო, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჩემს იმიჯს, არამედ ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის საქმიანობას, გადავწყვიტე, რომ თავმჯდომარის თანამდებობა დავტოვო“, –  დასძინა არენამ.

ამჟამად ქვეკომიტეტს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ოთხი ეჭვმიტანილიდან სამი უკვე დაკავებულია ევროპარლამენტის კომიტეტთან კავშირის ბრალდებით. თუმცა ბელგიელი ევროპარლამენტარი ამ დროისთვის ეჭვმიტანილთა რიგებში არ ირიცხება.

არენას თქმით, ბელგიელ გამომძიებლებს, ევროპარლამენტში კორუფციისა და მექრთამეობის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, მისი სახლი ან ოფისები არ გაუჩხრიკავთ და ჯერჯერობით არც საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნიათ, რაც ოფიციალურად უნდა მომხდარიყო, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
ევროკავშირის წესებისა და ნორმების თანახმად, იმ შეთხვევაში თუ ევროპარლამენტარები განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებენ, ვალდებული არიან ამის თაობაზე სპეციალური გამჭვირვალობის რეესტრს აცნობონ.

ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რაც წვრილმან დანაშაულად ითვლება, მარი არენა შეიძლება დაახლოებით 10,000 ევროთი დააჯარიმონ.

წყარო: https://is.gd/YwmU2U