10 მაისი, 2023 წ.
2 მაისს შვედმა ულტრამემარცხენე ევროპარლამენტარმა, მალინ ბიორკმა, ევროპარლამენტში პროვოკაციული ფოტოგამოფენის საზეიმო გახსნით გამოიჩინა თავი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აშკარად პროვოკაციული და ანტიქრისტიანული სურათები – ქრისტეს გამოსახულება, რომელიც ხან შავკანიანია, ხანაც ჰომოსექსუალი და გარშემორტყმულია მოციქულებით, რომლებიც ლგბტ მებრძოლები გახდნენ. სხვადასხვა ეროვნების რამდენიმე კონსერვატორმა ევროპარლამენტარმა ამ პროვოკაციის დასაგმობად სკანდალი ატეხა.
ევროპარლამენტში გამართული გამოფენის ავტორი შვედი ლესბოსელი ფოტოგრაფი ელიზაბეტ ოლსონია, რომელიც თავის ორიენტაციასა თუ ლგბტ აქტიურობას არ მალავს. შვედმა „ხელოვანმა“ არაერთხელ მოაწყო აშკარად პროვოკაციული გამოფენები. ქრისტეს პიროვნების ამგვარი გამოსახულებით ოლსონი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ღვთის ძე, რომელსაც ქრისტიანები თაყვანს სცემენ, „გეების უფლებებს უჭერს მხარს“. ოლსონმა ‘ტვიტერზე’ (Twitter) განმარტა, რომ ხელოვნების ისტორია სავსეა ქრისტეს გამოსახულებებით, რომლებზეც იგი ჰეტეროსექსუალებით არის გარშემორტყმული და არ ღირს ნერვიულობა თორმეტ არასასიამოვნო კლიშეზე.
ევროპარლამეტში გამართულ გამოფენას ევროპის კონსერვატიული პოლიტიკური კლასის პროტესტი მოჰყვა. იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ, უკმაყოფილება ‘ფეისბუქის’ საკუთარ გვერდზე გამოთქვა: „ხელოვნება?“ „არა, უბრალოდ ვულგარულობა და უპატივცემულობა“. მისი პათოსი ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ხორხე ბუქსადემაც (პარტია VOX-ის წევრი), გაიზიარა, რომელმაც ‘ტვიტერზე’ ოლსონის ე.წ. ხელოვნების ნიმუშებს „ამაზრზენი და საზიზღარი“ უწოდა.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნიკოლია ბემ, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას წერილი მისწერა და ფოტოების ამოღება მოსთხოვა. ფრანგი პოლიტიკოსის განმარტებით, „ზოგიერთი სურათი ქრისტიანული რელიგიისა და ქრისტეს მიმართ შეურაცხმყოფელ გზავნილს შეიცავს, რაც მრავალმა მორწმუნემ შეიძლება ღვთის გმობად ჩათვალოს“.
„ცხადია, მალინ ბიორკი ვერასოდეს გაბედავს ისეთი მხატვრის მოწვევას, რომელიც მუჰამედის, ისლამის წინასწარმეტყველის, კარიკატურას შექმნის ან ყურანს შერყვნის ასეთი შეურაცხმყოფელი გზავნილებით. ევროპაში ადამიანები დაიღუპნენ, რადგან ამის გაკეთება გაბედეს“, – დაწერა ‘ეროვნული გაერთიანების’ (Rassemblement National) ყოფილმა წევრმა.
ნიკოლია ბეს შედგენილ წერილს 35-მა ევროპარლამენტარმა მოაწერა ხელი. ‘ეროვნული გაერთიანების’ დელეგაციამ დამოუკიდებლად წერილი გაუგზავნა ევროპარლამენტის კვესტორს, რომელსაც დელეგაციის ხელმძღვანელი ჟან-პოლ გარო აწერდა ხელს. წერილში ფრანგი ევროპარლამენტარი ასეთი გამოფენით წახალისებულ ქრისტიანოფობიას გმობს: „იმ დროს, როცა ევროპაში ეკლესიებს წვავენ ან აოხრებენ, კათოლიკური რელიგიის შეურაცხმყოფელი გამოფენის პოპულარიზაცია განსაკუთრებით უადგილოა“.
ჟურნალ ‘კათოლიკ უორლდ რეპორტის’ (Catholic World Report) ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტში ამ გამოფენის მოწყობა სიჯიუტედ უნდა განვიხილოთ, რადგან წლების განმავლობაში ევროპარლამენტი სწორედ ასეთი სიჯიუტით ამბობს უარს შობის პერიოდში შობის ამსახველი დეკორაციების განთავსებაზე, რასაც იმ ფაქტით ხსნის, რომ ეს შეიძლება „პოტენციურად შეურაცხმყოფელი“ იყოს.
გამოფენა 5 მაისს დასრულდა, თუმცა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ევროპული ინსტიტუტების თვითკმაყოფილებას, რაც პროგრესული იდეოლოგიის ბევრიდან ერთ-ერთ ასპექტს უკავშირდება და ასეთ თავდასხმაზე კონსერვატორების (უმცირესობის) რეაგირების სისუსტეს.