ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასის და იარაღით ვაჭრობიდან მიღებული სარგებლის გამო ევროპელმა ჩინოვნიკებმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკეს. მათი თქმით, ვლადიმირ პუტინის წამოწყებული ომი დასავლეთის ერთიანობას ძირს უთხრის.უკრაინაში შეჭრიდან ცხრა თვის თავზე პუტინი დასავლეთის დაშლას იწყებს. ევროპელი მაღალჩინოსნები განრისხებულები არიან ბაიდენის ადმინისტრაციაზე და ოკეანისგაღმელებს ომიდან სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნები მწვავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.„ფაქტია, თუ გონივრულად შეხედავთ, ქვეყანა, რომელიც უკრაინაში გაჩაღებული ომიდან ყველაზე მეტ სარგებელს იღებს, არის შეერთებული შტატები, რადგან უფრო მეტ ბუნებრივ აირს, უფრო მაღალ ფასში ყიდის, ასევე ყიდის უფრო მეტ იარაღს,“ – განუცხადა „პოლიტიკოს“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.მკვეთრი კომენტარები, რომელსაც საჯარო თუ პირად საუბრებში მაღალჩინოსნები, დიპლომატები და მინისტრები უჭერენ მხარს, ევროპაში მზარდ უკმაყოფილებას მოჰყვა, მიზეზი კი ამერიკული სუბსიდიებია, რაც ევროპის მრეწველობას განადგურებით ემუქრება. ცხადია, კრემლი დასავლელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების ჩამოგდებას მიესალმება.„ჩვენ ნამდვილად ისტორიულ ეტაპზე ვიმყოფებით, – განაცხადა ევროპელმა მაღალჩინოსანმა. იგი ადასტურებს, რომ ამერიკული სუბსიდიებისა და ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების გამო ვაჭრობის შეფერხება ქმნის იმის წინაპირობას, რომ საზოგადოება ომისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ განეწყოს. „ამერიკამ უნდა გაიგოს, რომ საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში იცვლება“.ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, ვაშინგტონს ევროპელთა შეშფოთებაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. „ჩვენი მეგობარი ამერიკელების გადაწყვეტილებები ჩვენზე ეკონომიკურ გავლენას ახდენს“, – განაცხადა ევროპელმა მაღალჩინოსანმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში.შეერთებულმა შტატებმა ევროპელთა პრეტენზიებს ყურადღება არ დაუთმო. „ევროპაში გაზის ფასების ზრდა უკრაინაში პუტინის შეჭრამ და ევროპის წინააღმდეგ დაწყებულმა მისმა ენერგეტიკულმა ომმა განაპირობა“, – განაცხადა ბაიდენის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა. მისივე თქმით, შეერთებული შტატებიდან ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი „მკვეთრად გაიზარდა და ევროპას რუსეთისგან თავის დახსნის საშუალება მისცა“.ბრიუსელში განაცხადეს, რომ ბაიდენის პოლიტიკა ევროპული მრეწველობის დარგებს განადგურებით ემუქრება. ევროპის ოფიციალური პროტესტის მიუხედავად, ვაშინგტონში ჯერჯერობით პოზიცია არ შეუცვლიათ.
ამავდროულად, უკრაინაში პუტინის შეჭრით გამოწვეული განხეთქილება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ეკონომიკებს რეცესიაში აგდებს, იზრდება ინფლაცია და ენერგომომარაგების მნშივნელოვანი შემცირება, რაც თავის მხრივ, ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვისა და გრაფიკით მიწოდების საფრთხეს ქმნის.ევროკავშირის ქვეყნები რუსული ენერგომატარებლების ჩანაცვლებას ამერიკული ბუნებრივი აირით ცდილობენ, თუმცა ევროპელებისთვის ფასი თითქმის ოთხჯერ მაღალია, მაშინ, როცა იგივე საწვავი შეერთებულ შტატებში გაცილებით იაფი ღირს. გარდა ამისა, იმატებს შეკვეთები ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობაზე, რადგან უკრაინაში იარაღის გაგზავნის შემდეგ ევროპელებს შეიარაღება აღარ ჰყოფნით. ეს ყველაფერი მათზე მნიშვნელოვნად აისახება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ამერიკულ ბუნებრივ აირზე დაწესებული მაღალი ფასები „არამეგობრულია“, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა კი ვაშინგტონს მეტი „სოლიდარობის“ გამოჩენისა და ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებისკენ მოუწოდა.
ბაიდენის ადმინისტრაცია უგულებელყოფს ამერიკის შიდა ეკონომიკური პოლიტიკის გავლენას ევროპელ მოკავშირეებზე, რაც სხვა ევროპელი მაღალჩინოსნების იმედგაცრუებასაც იწვევს.
ზემოთ ხსენებული მაღალჩინოსნით სიტყვით, გასულ კვირას ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გამართული დიდი ოცეულის შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები ბუნებრივ აირზე დაწესებული მაღალი ფასის გამო ბაიდენს დაუპირისპირდნენ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა.„ევროპელები აშკარად იმედგაცრუებული არიან წინასწარი ინფორმაციისა და კონსულტაციების სიმცირით“, – განაცხადა ბრეიგელის ინსტიტუტის წარმომადგენელმა დევიდ კლეიმანმა.
ატლანტიკური სივრცის ორივე მხარე აღიარებს, რომ დასავლური ქვეყნების ალიანსში შეიძლება უარყოფითი ატმოსფერო შეიქმნას. ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები თანხმდებიან, რომ მათ შორის წარმოქმნილი უთანხმოება სწორედ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.ბაიდენის „ინფლაციის შემცირების აქტით“ (IRA) – უზარმაზარი გადასახადების, კლიმატისა და ჯანდაცვის პაკეტი) გამოწვეულმა დისპუტმა, ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის დაწყების შიში გააჩინა. ევროკავშირის ქვეყნების ვაჭრობის მინისტრებმა ეს თემა პარასკევს უნდა განიხილონ, სანამ ევროპელი ჩინოვნიკები გაუთვალისწინებელი ომის სუბსიდირების თაობაზე გეგმებს ადგენენ, რათა ევროპის სამრეწველო დარგები კოლაფსისგან იხსნან.„ინფლაციის შემცირების აქტი’ ძალიან შემაშფოთებელია. ევროპის ეკონომიკაზე შესაძლო გავლენა ძალიან დიდია“, – განაცხადა ნიდერლანდების ვაჭრობის მინისტრმა ლისე შრეინემახერმა.
„შეერთებული შტატები მიჰყვება საშიანო დღის წესრიგს, რაც, სამწუხაროდ, მისი მოკავშირეების მიმართ პროტექციონისტული და დისკრიმინაციულია“, – ეს სიტყვები ევროპარლამენტის ერთ-ერთ ჩინოვნიკს, ტონინო პიცულას, ეკუთვნის.
ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელებისთვის ბუნებრივ აირზე ფასს კერძო ბაზარი აწესებს და არა შეერთებული შტატების მთავრობა. „ამერიკული კომპანიები ევროპისთვის ბუნებრივი აირის პატიოსანი და საიმედო მიმწოდებლები არიან“, – განაცხადა ამ მაღალჩინოსანმა. ექსპორტის მოცულობა ივნისში მომხდარმა ინციდენტმა შეზღუდა, რამაც ერთი წამყვანი ქარხნის დახურვა განაპირობა.
ზემოხსენებული მაღალჩინოსნის სიტყვით, მთელ რიგ შემთხვევაში, ექსპორტისა და იმპორტის ფასებს შორის განსხვავებას ადგენენ არა ამერიკელი თხევადი ბუნებივი აირის ექსპორტიორები, არამედ ის კომპანიები, რომლებიც ნაყიდ ბუნებრივ აირს ევროკავშირში ყიდიან მოგების მიზნით. მაგალითად, ამერიკული ბუნებრივი აირის გრძელვადიან კონტრაქტებს ფრანგული ნავთობკომპანია „თოთალენერჯისი“ (TotalEnergies) ფლობს.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა: „მთელ მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობის გაზრდა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, მოახლოებული ზამთრის წინ ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს საწყობების მნიშვნელოვან შევსებაში დაეხმარა. ევროკავშირთან, მის წევრებსა თუ ევროპის სხვა ქვეყნებთან მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ისინი ზამთარსა და წლის სხვა პერიოდში საკმარისი მარაგებით ვუზრუნველვყოთ“.
როგორც ჩანს, ეს არახალი არგუმენტი ევროპელთა დარწმუნებას ითვალისწინებს. „შეერთებული შტატებისგან ოთხჯერ გაძვირებულ ბუნებრივ აირს ვყიდულობთ, რომელიც ატლანტიკის ოკეანის მეშვეობით მოედინება. რა თქმა უნდა, ამერიკელები ჩვენი მოკავშირეები არიან… მაგრამ, როდესაც რაღაც არასწორად ხდება, მოკავშირეებმა ერთმანეთში აუცილებელად უნდა ისაუბრონ“, – ამის შესახებ ოთხშაბათს, ფრანგულ ტელევიზიაში, ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა, განაცხადა.
გაცილებით იაფმა ენერგომატარებლებმა ამერიკულ კომპანიებს კონკურენტული უპირატესობა მალევე მისცა. ბიზნესმენები შეერთებულ შტატები ახალი ინვესტიციების ჩადებას ან ევროპიდან ამერიკულ ქარხნებში ბიზნესების გადატანას გეგმავენ. ამ კვირაში ბელგიურმა ქიმიურმა კომპანია „სოლვეიმ“ (Solvay) განაცხადა, რომ აშშ-ში ახალი ინვესტიციების ჩადებას აპირებს. როგორც ჩანს, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის კვალს ევროკავშირის სხვა სამრეწველო გიგანტებიც მიჰყვებიან.