მთავარი ამბავი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ევროპარლამენტარებს „იდიოტებს“ უწოდებს

0

სტრასბურგი – ვალენტინობა ევროპარლამენტში არასასიამოვნოდ განვითარდა.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეიძლება თანამდებობა დაატოვებინონ, რადგან სამშაბათს დასავლეთ ბალკანეთის საკითხის შესახებ გამართულ სესიაზე ევროპარლამენტის მიკროფონმა მისი ხმა მაშინ დააფიქსირა, როდესაც უნგრელმა დიპლომატმა ევროპარლამენტარებს ჩურჩულით „იდიოტები“ უწოდა.
„კიდევ რამდენი იდიოტი დარჩა?“ გაისმა ვარჰეის ხმა მიკროფონში.
ოლივერ ვარჰეი, რომელიც სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას იკავებს, თანამშრომლების მიმართ უხეში და აგრესიული მოპყრობით გამოირჩევა. გასულ თვეს ევროპარლამენტარებმა ევროკომისიას სერბ ნაციონალისტებთან მისი კავშირების დადგენისკენ მოუწოდეს.
ვარჰეის კომენტარებით აღშფოთებულმა ევროპარლამენტარება მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენის კი, რომელიც ვარჰეის უფროსია, მკაცრი რეაქციის გამოხატვისკენ მოუწოდეს.
„მან თანამდებობა უნდა დატოვოს“, – განუცხადა ‘პოლიტიკოს’ (POLITICO) გერმანელმა ევროპარლამენტარმა დანიელ ფროინდმა (Alliance 90/The Greens).

ბოდიში, ბოდიშის გარეშე
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში უნგრელმა დიპლომატმა ბოდიში არ მოიხადა, თუმცა დაწერა: „გულწრფელად ვწუხვარ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც ჩემი შენიშვნის გარშემო წარმოიშვა. დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს, მათ შორის ევროპარლამენტსა და მის პატივცემულ წევრებს“.
ვარჰეის თქმით, მისი სიტყვები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რადგან დებატებისას მის გვერდით მჯდომ პირს ესაუბრებოდა და ეს კომენტარიც ამ საუბრის ნაწილია.
„ვარჰეის ბოდიშის მოხდის შანსი ჰქონდა და მან ეს ხელიდან გაუშვა. მას არ შეუძლია, რომ უბრალოდ უთხრას ევროპარლამენტარებს: „თქვენ არასწორად გაიგეთ“ და გააგრძელოს. შედეგები უნდა დადგეს“, – განაცხადა ფროინდმა.
სანამ ვარჰეი პლენარულ სესიაზე გამოვიდოდა, ხორვატმა მემარჯვენე-ცენტრისტმა ევროპარლამენტარმა, ტომისლავ სოკოლმა, უნგრელ დიპლომატს დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნებში სერბების ინტერვენციისა და რუსეთთან მისი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ კითხვები დაუსვა.
სანამ ოთხშაბათს უნგრელი ევროკომისარი განცხადებას გამოაქვეყნებდა, სოკოლმა ‘პოლიტიკოს’ განუცხადა: „სწორედ ამან გააბრაზა ევროკომისარი. მან არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ევროპარლამენტარი შეურაცხყო, რომლებიც დისკუსიაში მონაწილეობდნენ“.
„მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია, მე და ევროპარლამენტის ყველა წევრს საჯაროდ ბოდიში უნდა მოგვიხადოს. ასევე ვისურვებდი, რომ მან სერბეთის მიმართ მკაფიო და მიუკერძოებელი პოზიცია დაიკავოს“, – დასძინა სოკოლმა.
სხვა ევროპარლამენტარები უფრო შორს წავიდნენ და უნგრელი დიპლომატის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას, პრესმდივანმა ‘პოლიტიკოს’ განუცხადა: „სახელმწიფო სამსახურებს ამ საკითხის გამოძიება ვთხოვეთ“.

გამოძიება? არა.
უნგრელი ევროკომისარი უკვე იმყოფებოდა ევროპარლამენტის ზეწოლის ქვეშ. იანვარში ევროკავშირის საკანონმდებლო და წარმომადგენლობითმა ორგანომ ვარჰეის მიმართ „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების“ შესახებ განაცხადა. ამის მიზეზის კი ის იყო, რომ იგი ბოსნია- ჰერცეგოვინაში სერბ ნაციონალისტებს უჭერდა მხარს.
„სერბეთთან დაკავშირებით გამოძიების გეგმა არ არსებობს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენის პრესმდივანმა ერიკ მამერმა.
„იდიოტების“ შესახებ შენიშვნაზე მამერმა დასძინა: „პრეზიდენტი, როგორც მოგეხსენებათ, ფიქრობს, რომ ‘კოლეგიის’ ყველა წევრმა უდიდესი პატივისცემა უნდა გამოჩინოს ინსტიტუტებისა და მათი წევრების მიმართ და, შესაბამისად, იგი ითვალისწინებს ევროკომისრის სათანდო ბოდიშსა და ახსნა-განმარტებას“.
ოლივერ ვარჰეი ამ თანამდებობაზე 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა, იგი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, წარადგინა. სანამ ფონ დერ ლეიენის ‘კომისართა კოლეგიის’ წევრი გახდებოდა, ევროკავშირში უნგრეთის ელჩად მსახურობდა.

წყარო: https://is.gd/XSHgIC