პოლიტიკასხვადასხვა

ევროკავშირში სანქციების პაკეტზე ვერ თანხმდებიან

0

18 მაისი, 2023 წ.

ევროკომისია ჯერ კიდევ ცდილობს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერონ რუსეთის წინააღმდეგ მე-11 სანქციების პაკეტს, რადგან სამშაბათს ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამის შესახებ გაზეთი ‘პოლიტიკო’ (Politico) იტყობინება.
კერძოდ, ევროკავშირის წევრებს შორის მესამე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. იგულისხმება ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, ასევე ეწინააღმდეგებიან გაზსადენების ხანგრძლივ დაკეტვას და საზღვაო ზომების მიღებას, რომლებიც მოსკოვის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერირებას შეაჩერებენ.
რუსეთისა და ევროპის ბაზრებზე სანქცირებული საქონლის გადაყიდვის გამო უჩვეულოდ გაბედული ნაბიჯი ჩინეთის, ინდოეთის, ირანის ან თურქეთის წინააღმდეგაც კი მზადდება, რასაც უკვე მოჰყვა პეკინის მუქარა. თუმცა ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას აწუხებს ის ფაქტი, რომ ამის გამო ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს ზოგიერთი უძლიერესი სახელმწიფოსგან შესაბამის პასუხს მიიღებენ.
ამიტომ ევროკომისიის გადამუშავებულ ვერსიაში, რომელიც სამშაბათს წარადგინეს, ჩაამატეს, რომ სანამ მესამე ქვეყანის წინააღმდეგ ვა-ბანკზე წავლენ, „ალტერნატიული ღონისძიებებიც უნდა განიხილონ“, მაგალითად, სანქციები დაუწესონ ცალკეულ კომპანიებს ან ორგანიზაციებს.
შეიძლება ეს ცვლილება ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდეს, მაგალითად, გერმანიისთვის. განსაკუთრებით თუ გათვალისწინებით გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განის, გაკეთებულ „გამაფრთხილებელ“ განცხადებას, რომელიც ჩინური კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა. პეკინი ამ ნაბიჯს თავისი იურისდიქციის დარღვევად აღიქვამს და „შესაბამისი ზომებით უპასუხებს“.
კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც სანქციებს უკავშირდება, არის რუსული გაზსადენების დიდი ხნით დაკეტვასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ჩანართი. ევროკომისია ელოდება, რომ ამ საკითხს ‘დიდი შვიდეულის’ (G7) ქვეყნები ჰიროსიმას სამიტზე (19-21 მაისი) განიხილავენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ G7 დიდი ხნით დაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ღონისძიება ევროკავშირის მე-11 სანქციების პაკეტშიც აისახოს.
„ბუნებრივ აირზე დამოკიდებული ქვეყნებისგან ძალიან დიდი წინააღმდეგობაა“, – განუცხადა Politico-ს ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. „მე-11 სანქციების პაკეტი თითქმის დასრულებულია და ამ მომენტში ამ უზარმაზარი ღონისძიების ასახვა უშედეგო იქნება“.
თუმცა კიევში იმედოვნებენ, რომ G7-ის სამიტზე მიღებულმა პოზიტიურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ევროკავშირი აიძულოს, რომ გაზსადენის დაკეტვის საკითხი სანქციების მე-12 პაკეტში შეიტანოს.
კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ყველაზე მეტად საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგება, რაც გასაკვირი არ არის, თუ გათვალისწინებით, რომ S&P Global-ის ანგარიშის მიხედვით, გემების უმეტესობა, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტში ოპერირებენ, საბერძნეთის საკუთრებაშია და ლიბერისა და პანამის დროშის ქვეშ დაცურავენ.
ყველა ეს საკითხი ევროკავშირის ელჩების მორიგ შეხვედრამდე (24 მაისი) უნდა განიხილონ და მოსალოდნელია, რომ ევროკომისია კონსენსუსის მისაღწევად ამ ქვეყნებთან მიმართებით კიდევ უფრო მეტ დათმობაზე წავა.

წყარო: https://europeanconservative.com/articles/news/still-no-agreement-on-eu-sanctions-package/