პოლიტიკასხვადასხვა

ევროკავშირის წევრები ბრიუსელს მოუწოდებენ მოთოკოს უკრაინის „არარეალისტური“ იმედები

0

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბრიუსელი გააფრთხილეს, რომ უკრაინას ბლოკში სწრაფი გაწევრიანების არარეალური მოლოდინი არ შეუქმნან.
ამ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენსა და შარლ მიშელს უმასპინძლებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით – ევროკავშირში გაწევრიანება, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენება და რუსი სამხედრო დამნაშავეების დევნის იურიდიული მექანიზმები – მათ დაყოლიებას შეეცდება.
მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა დედაქალაქიდან, შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ბრიუსელელი მაღალჩინოსნები უკრაინას მიუღწეველ მოლოდინებს უქმნიან, მათ შორის 2026 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ უფრო მოზომილი წინადადებებით გამოვიდნენ.
„არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ სურს, ისტორიის არასწორ მხარეზე იყოს. არავის სურს, მას დააბრალონ, რომ საკმარისი არ გააკეთა, ამიტომ ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია„ – ამბობს ერთ-ერთ დიპლომატი.
გასული წლის 24 თებერვალის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირი უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური პაკეტებით ეხმარებოდა. ევროპელებმა რუსეთს სანქციებიც კი დაუწესეს, თუმცა ამ ქმედებამ თავად ევროპის ეკონომიკები დააზარალა.
ევროკავშირმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როდესაც უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ კიევი სტანდარტულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
„უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის მინიჭების საკითხში სწრაფი გზა არ იქნება. არსებობს რისკი, რომ რიტორიკა რეალობას არ დაემთხვეს“, – აცხადებს კიდევ ერთი ევროპელი დიპლომატი.
არაერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ევროკომისიამ უფრო ნათლად უნდა განუცხადოს უკრაინას, რომ გაწევრიანების შესახებ ფორმალური მოლაპარაკებების დასაწყებად უზარმაზარი ბარიერები არსებობს, რომელთა გადალახვასაც ათი ან მეტიც წელი შეიძლება დასჭირდეს.
„დაპირებებსა და რეალობას შორის შუალედი იზრდება. მივედით ისეთ მომენტამდე, როდესაც ეს შუალედი ძალიან დიდი გახდა. როგორც ჩანს, მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ ხვალვე ევროკავშირის წევრები გახდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ასე არაა“, – აცხადებს გამოცემასთან საუბარში მესამე ევროპელი დიპლომატი“, – ვკითხულობთ სტატიაში.

წყარო: https://is.gd/Bq2q4l