პოლიტიკასხვადასხვა

ევროკავშირის იმპერია ინგრევა – ერდოღანის ხელახალი არჩევა ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ბრიუსელს რაიმე გეოპოლიტიკური გავლენა აქვს

0

31 მაისი, 2023 წ.

თურქეთის პრეზიდენტად რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ხელახლა არჩევამ ცხადყო, რომ ევროკავშირს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ მსოფლიოში მსხვილი მოთამაშეა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბრიუსელი თურქეთს ატყუებდა, რომ ევროკავშირის წევრი გახდებოდა. მართლაც, ქვეყანა ჯერ კიდევ ფორმალურად ითვლება გაწევრიანების კანდიდატად, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის შემდეგ ანკარას აუცილებელი ინსტიტუციონალური რეფორმები თითქმის არ განუხორციელებია.
ერდოღანის თქმით, თურქეთს კვლავ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. გასულ წელს ანკარაში ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბლოკში გაწევრიანება „ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება“. რეალობა კი ის გახლავთ, რომ სანამ ერდოღანი ხელისუფლებაშია, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების დაახლოებით ისეთივე შანსი აქვს, როგორც რუსეთს, სანამ მისი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იქნება.
ეს არ უკავშირდება ერდოღანის მმართველობის მზარდ ავტოკრატიულ სტილს, რომელსაც ხელისუფლებაში ოცწლიანი ყოფნის განმავლობაში ნერგავს. ეს არ უკავშირდება პარლამენტისთვის, სასამართლო სისტემისა თუ პრესისთვის დაწესებულ მკვეთრ შეზღუდვებს, რაც მას პარიად აქცევს. ეს უკავშიერდება იმას, რომ იგი ისლამისტურ მსოფლმხედველობას ემხრობა, რომელიც სრულიად უარყოფს ლიბერალურ თავისუფლებას, რასაც დასავლეთი უჭერს მხარს. ბოლოს და ბოლოს, ეს არის პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო საპრეზიდენტო კამპანია 1453 წელს ოსმალეთის მიერ ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის მოგონებით დაიწყო.
არჩევნებში ერდოღანის გამარჯვება, რომელშიც ხმების 52 პროცენტზე მეტი მიიღო და სეკულარისტი ოპონენტი ქემალ კილიჩდაროღლუ დაამარცხა, იმას მანიშნებელია, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციები ხორცს ვერ შეისხამს.
ერდოღანის კიდევ ხუთი წლით არჩევა, რომლის დროსაც იგი, სავარაუდოდ, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ხარჯზე ავტოკრატიულ მიდრეკილებებს გააძლიერებს, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, რაც მის ამბიციებს – იყოს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მსგავსი რბილი ძალის მქონე ზესახელმწიფო – სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს.
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ბრიუსელის არადამაჯერებელი რეაქციის გამო, ევროკავშირის მიმართ ნდობის საკითხი სერიოზული განხილვის საგნად იქცა. გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და პოლონეთს შორის დიდი უთანხმოებაა. დასავლეთევროპელები მოსკოვის მიმართ ნაკლებად კონფრონტაციული პოზიციის დაკავებას ცდილობენ, აღმოსავლეთევროპელები კი ამტკიცებენ, რომ კონტინენტის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის რუსეთი უკრაინაში ბოლომდე უნდა დამარცხდეს.
ევროკავშირი თურქეთის მიმართ ორაზროვან პოლიტიკას ვეღარ გაატარებს. ერთი მხრივ, ევროპისკენ წამოსული არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ბრიუსელი ანკარას დიდ ქრთამს სთავაზობს, მეორე მხრივ, კი რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო აკრიტიკებს. ცოტა ხნის წინ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, აღიარა, რომ მოსკოვისა და ანკარას ალიანსი „შეშფოთების მიზეზს“ იძლეოდა.
რა თქმა უნდა, ერდოგანმა კარგად უწყის, რომ კრემლთან მეგობრული ურთიერთობა ქვეყნის ეკონომიკას სირთულეებისგან იხსნის. თურქეთში ეკონომიკური კრიზისია, ინფლაცია 40 პროცენტს აღემატება, რომ არა რუსი ტურისტები, რომლებიც ევროკავშირის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად თურქეთს მიაწყდნენ, მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი იქნებოდა.
თუ ერდოღანთან მიმართებით ევროკავშირის უიღბლო წარსულს გავითვალისწინებთ, ზოგიერთი ევროპელი დარწმუნდება, რომ ბრიუსელი ანკარას დაიყოლიებს უარი თქვას რუსეთთან ურთიერთობაზე და ბლოკთან უფრო მჭიდრო კავშირები დაამყაროს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/05/29/the-eu-empire-is-crumbling/?fbclid=IwAR2U7XaP2Qawku0bH40dL6BzvsBqew6-6mLqvVyYZDpyPrc7pBuGILcIkk8