14 ივნისი, 2023 წ.
ერთ-ერთი პოლონელი ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკავშირი ზემდგომთა დასაცავად „კატარგეიტის“ სახელით ცნობილი კორუფციული სკანდალის მიჩქმალვას ცდილობს…
„კატარგეიტის“ კორუფციული სკანდალში მონაწილე ბერძენი ევროპარლამენტარის, ევა კაილის (მემარცხენე), დაპატიმრების შემდეგ ევროკომისია, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი (ცენტრისტი) ხელმძღვანელობს, ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მზის სინათლეზე გამოვიდა ახალი მამხილებელი ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირის ყოფილ კომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს (მემარჯვენე), უკავშირდება.
პოლონელ ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტი „კატარგეიტის“ კორუფციული სკანდალის მიჩქმალვას ცდილობს, მასში მონაწილე პირები კი თავიანთ საპარლამენტო მოვალეობებს უბრუნდებიან, ვითომც არაფერი მომხდარა.
„სკანდალის მიჩქმალვის მოწმენი ვართ“, − განაცხადა კონსერვატიული პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ (PiS) წევრმა (ევროპარლამენტარმა) სარიუშ-ვოლსკიმ და დასძინა, რომ „სკანდალი რეალური იყო, მტკიცებულებები კი ძალიან შესამჩნევი“.
ვოლსკის ინფორმაციით, სკანდალის მონაწილე პირები თავიანთ საპარლამენტო მოვალეობებს უბრუნდებიან, ვითომც არაფერი მომხდარა, მათ შორის ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი, რომელსაც PAP-ის ცნობით, ევროპარლამენტარის მანდატს აღუდგენენ.
როგორც Remix News-ი იტყობინება, ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი ევა კაილის ბინის ჩხრეკისას ბელგიის პოლიციამ ქაღალდის პარკებსა და ჩემოდნებში 100 ათას ევროზე მეტი თანხა აღმოაჩინა. პროკურორების მტკიცებით, ეს ფული ბერძენ ევროპარლამენტარს კატარელებმა გადაუხადეს. ცნობილია, რომ ევა კაილის მდიდრული ცხოვრება უყვარს. საინტერესოა, რა სახსრებით შეიძინა ევროპარლამენტის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ძვირადღირებული უძრავი ქონება.
გარდა ამისა, ბრალი კიდევ ორ ევროპარლამენტარს − მარკ ტარაბელასა და ანდრეა კოცოლინოს, წაუყენეს. გამოძიების მსვლელობისას ევროპარლამენტმა ორივე მათგანს იმუნიტეტი მოუხსნა.
ახლა შიშობენ, რომ გამოძიების რეზონანსიდან გამომდინარე, ევროკავშირი გამოძიების წინსვლას არ დაუშვებს, რადგან საქმე ლიბერალ ევროპარლამენტარებს უკავშირდება. იმასაც ამბობდნენ, რომ კატარგეიტის სკანდალში შესაძლოა 100-მდე ევროპარლამენტარი ყოფილიყო ჩართული, რასაც ევროპის მთავარი პარტიებისთვის შორს მიმავალი შედეგები მოჰყვებოდა.
„ეს არის დაუსჯელობის მაგალითი იმ კორუფციულ სკანდალთან მიმართებით, რომელშიც ეს ადამიანები იყვნენ ჩართულნი“, − აღნიშნა ვოლსკიმ. მისი აზრით, ამ საქმეს იმიტომ ჩქმალავენ, რომ სკანდალში სოციალისტების გარდა, შესაძლოა ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები და სხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიც იყვნენ გარეულნი.
ფულის გათეთრების ბრალდებით ევა კაილის წინააღმდეგ გამოძიება საბერძნეთშიც მიმდინარეობს. კაილი და მისი ოჯახის წევრები ეჭვმიტანილი არიან იმაში, რომ არადეკლარირებული შემოსავალი უძრავ ქონებაში დააბანდეს. თუ კაილის დამნაშავედ ცნობენ, სავარაუდოდ, საბერძნეთის სასამართლოები უფრო მძიმე სასჯელს გამოიტანენ, ვიდრე ბელგიური.
მაისის მიწურულს კაილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ თუ მათი კლიენტი ბელგიას არ დატოვებს, შეიძლება საპარლამენტო უფლებამოსილება აღუდგინონ. ევა კაილის სტრასბურგში ევროპარლამენტის მომავალ სესიაზე დასწრების უფლება მისცეს.
წყარო: https://www.zerohedge.com/political/eu-trying-cover-biggest-corruption-scandal-its-history