პოლიტიკასხვადასხვა

ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავრობო ჯგუფებს, ევროკავშირის საზღვრებს გარედან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობას ავალდებულებს

0

ევროკავშირის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს აშინებს

მსგავს კანონპროექტზე ქართველებმა უარი თქვეს, რადგან მას ამ კავკასიურ ქვეყანაზე რუსეთის კონტროლის გასამტკიცებლად მიიჩნევდნენ

ბრიუსელი – „პოლიტიკოს“ (POLITICO) სამმა წყარომ დაუდასტურა, რომ  ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო და აკადემიურ ინსტიტუტებს ევროკავშირის საზღვრებს გარედან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობას აიძულებს, რასაც ევროკავშირში უცხოური გავლენის ზეწოლის ნაწილად მიიჩნევენ.
დაგეგმილი კანონპროექტი, რომელიც ძალიან ადრეულ ეტაპზეა, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში მიღებულ ანალოგიურ კანონებს ეხმიანება. 1938 წელს აშშ-ში მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ უცხოური მთავრობების სახელით მომუშავე ლობისტებს ფედერალურ მთავრობაში დარეგისტრირებას ავალდებულებს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ვერსია ცალკეულ პირებზე იყოს მიმართული, თუმცა ევროკავშირში მოქმედ კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს ევროკავშირის საზღვრებს გარედან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობას აიძულებს, რომელიც ეხება ისეთ ტრანზაქციებს, როგორიცაა აკადემიური კვლევის დაფინანსება. ამის შესახებ ევროკომისიის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რათა განიხილონ წინასწარი მოსაზრებები ხსენებული კანონის შესახებ, რომელსაც მაისის მიწურულს უნდა მოეწეროს ხელი.
ბოლო წლებში ევროპა უცხოურ გავლენებს ებრძოდა – იქნება ეს არჩევნების შედეგების შესაცვლელად განხორციელებული რუსული ჰაკერული თავდასხმები, ჩინური გრანტებით უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებების შესახებ რიტორიკის ჩამოყალიბებას ისახავენ მიზნად თუ ბოლოდროინდელი კატარგეიტის კორუფციული სკანდალი, რომელმაც მთელი ევროპარლამენტი შეარყია.
გასული წლის სექტემბერში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტის შესახებ განაცხადა, რამაც  უცხოური გავლენის კანონპროექტზე მუშაობა განაახლა, რომელსაც  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი იუსტიციის საკითხებში, ვერა იუროვა, ხელმძღვანელობდა.
თუმცა კრიტიკოსების აზრით, ამ კანონის მისაღებად შესაფერისი დრო არ არის. ევროკავშირმა ზუსტად მაშინ გააძლიერა ამ წინადადებაზე მუშაობა, როდესაც მსგავსმა კანონპროექტმა საქართველოში პროტესტი გამოიწვია. ამ კანონპროექტის თანახმად, ორგანიზაციები იმ შემთხვევაში უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური გავლენის აგენტებად“ თუ დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ.
საკითხის სენსიტიურობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ევროკომისიის სახელით გაგზავნილმა კითხვარმა არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია.
გამოკითხვის ასლის თანახმად, რომელიც „პოლიტიკოს“ ჩაუვარდა ხელში, რესპონდენტებს სთხოვენ, რომ დაწვრილებით მიუთითონ დაფინანსების წყაროებზე, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მოქმედებენ.
კითხვამ დაფინანსების შესახებ „მრავალი ადამიანი შეაცბუნა“, განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ პოლიტიკისა და ინტერესთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკ აიოსამ.
ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა, რომ თუ ევროპა ამერიკული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ საკუთარ ვერსიას მიიღებს, ვიქტორ ორბანმა და სხვა გავლენიანმა პირებმა ეს კანონი შეიძლება თავიანთ ქვეყანებში პროდემოკრატიული ძალების დასათრგუნად გამოიყენონ.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, აღშფოთებულთა დასამშვიდებლად იუროვა ამ კვირის მიწურულს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს.

წყარო: https://is.gd/FvStnP