პოლიტიკასხვადასხვა

ექსპერტები ამბობენ, რომ 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, კრიზისების მოგვარების ნაცვლად, მათ ესკალაციას გამოიწვევს

0

შაბათს, აშშ-ის კონგრესმა, რესპუბლიკელთა მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა 95 მილიარდი დოლარის საკანონმდებლო პროექტი, რომელიც საგარეო დახმარების გაწევას უზრუნველყოფს უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის. ექსპერტები კვირას აცხადებდნენ, რომ გაზრდილი დახმარება, განეიტრალების ნაცვლად, კიდევ უფრო გაამწვავებს კრიზისებს მსოფლიოში, ხოლო აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც ცეცხლზე ნავთს ასხამს, კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს წარმოშობს.

კანონმდებლობა ახლა გადადის სენატში, რომელიც დემოკრატების უმრავლესობითაა წარმოდგენილი. სენატი სამშაბათს დაიწყებს კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის განხილვას, იმავე დღის მეორე ნახევარში რამდენიმე წინასწარი კენჭისყრით.

Reuters-ის ცნობით, კანონპროექტები ითვალისწინებს 60,84 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, მათ შორის 23 მილიარდი ამერიკული იარაღის, მარაგებისა და ობიექტების შესავსებადაა განსაზღვრული; 26 მილიარდი გამოიყოფა ისრაელისთვის, მათ შორის 9,1 მილიარდი ჰუმანიტარული საჭიროებისთვის, ხოლო 8,12 მილიარდი დოლარი − აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, კუნძულ ტაივანის ჩათვლით.
კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს საშინაო ფრონტზე, შიდა საზღვრების უსაფრთხოებასა და ქვეყნის მზარდ ვალზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ უზარმაზარი თანხები მიედინება ამერიკის თავდაცვის მწარმოებლებთან, საზღვარგარეთ გამოყენებული იარაღის წარმოებისთვის.
კონგრესის პროგრესული ჯგუფის ცხრამეტმა წევრმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის შემდგომ დახმარებას, შაბათს თქვეს, რომ „ჩვენ გავხდებით ამ ტრაგედიის თანამონაწილეები“, თუ კონგრესი გააგრძელებს სამხედრო დახმარების მიწოდებას ღაზისთვის, ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე. „ჩვენი ხმები ეწინააღმდეგება უფრო დიდი რაოდენობით შეტევითი იარაღის მიწოდებას, რამაც შესაძლოა ბევრად მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვიოს რაფაში ან სხვაგან“, − ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.
განცხადება ასევე მოითხოვს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას.

ანალიტიკოსებს სჯერათ, რომ ისრაელის დამატებითი დახმარება, დამშვიდების ნაცვლად, კიდევ უფრო გაამძაფრებს კრიზისს ახლო აღმოსავლეთში. რაც მეტი სამხედრო დახმარება გაიგზავნება ისრაელში, მით უფრო სავარაუდოა, რომ აშშ და ისრაელი ძალას გამოიყენებენ ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური საკითხების გადასაჭრელად, რაც ნამდვილად არ არის კონსტრუქციული ან ეფექტიანი გზა პრობლემების მოსაგვარებლად, − განუცხადა ლი ჰეიდონგმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის პროფესორმა, კვირას Global Times-ს.
პარასკევს ჩინეთმა გამოაქვეყნა მოხსენება, სახელწოდებით „ფარისევლობა და შეერთებული შტატების საგარეო დახმარება“. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, აშშ ყოველთვის ამაყობს იმით, რომ მსოფლიოში უცხოური დახმარების უდიდესი დონორია. თუმცა, აშშ-ის საგარეო დახმარება ყოველთვის უზრუნველყოფს აშშ-ის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას, დასაწყისითა და დასასრულით, მიმღები განვითარებადი ქვეყნების პრაქტიკულ ინტერესებსა და გრძელვადიან განვითარებას კი უგულებელყოფს.

აშშ-ს არ სურს სტატუს კვოს შენარჩუნება, იგი ცდილობს მსოფლიო შეცვალოს, − ამბობს ლი. აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი ზეგავლენის გამო, ამერიკის საგარეო პოლიტიკა შექმნილია იმისათვის, რათა კონკრეტული ინტერესების მქონე ჯგუფებს, განსაკუთრებით სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მოემსახუროს. ეს ამავდროულად მის საგარეო პოლიტიკას უფრო აგრესიულსა და მილიტარისტულს ხდის.

„ცეცხლზე ნავთის დასხმის“ ამერიკული პოლიტიკა მიზნად ისახავს სამყაროს ხელახალ ფორმირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ შექმნის უფრო მეტ კრიზისსა და კონფლიქტს მსოფლიოში, − ამბობენ ექსპერტები. სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე კონცენტრირებით, აშშ-ის მთავრობამ დაკარგა რაციონალური განსჯის უნარი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, − ხაზგასმით აღნიშნა ლიმ.

წყარო: US’ $95 billion aid package to escalate crises rather than cool them: experts – Global Times