18 მაისი, 2023 წ.
არაბული ქვეყნების ლიგის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა The Cradle-ს ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ ამჟამად შეერთებული შტატებისა და სიირის მთავრობებს შორის საიდუმლო, პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დიპლომატმა, რომელმაც ეს ინფორმაცია ანონიმურობის დაცვის პირობით გაასაჯაროა, განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართა, რომელიც ვაშინგტონსა და დასავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანას შორის ‘ფარული მოლაპარაკებების ქალაქია’“. დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ „შეხვედრებს ორივე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“.
მოლაპარაკებებისას სირიელი ოფიციალური პირები ქვეყნიდან აშშ-ის საოკუპაციო ჯარების სრულ გაყვანას დაჟინებით მოითხოვდნენ. იმ ინფორმატორების თქმით, რომლებიც The Cradle-ს ესაუბრნენ, სირიის ტერიტორიაზე განლაგებულ 22 ამერიკულ ბაზაზე დაახლოებით 2,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რაც პენტაგონის ოფიციალურ მონაცემებს (900 ჯარისკაცი) აშკარად აღემატება.
ინფორმატორების განცხადებით, ვაშინგტონმა და დამასკომ საიდუმლო ურთიერთობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიწყეს. თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, „მოკვლას“ აპირებდა, კომუნიკაცია ორ სახელმწიფოს შორის ჩიხში შევიდა.
დიპლომატმა ისიც დასძინა, რომ „ფარული მოლაპარაკებები დამასკოსა და ვაშინგტონს შორის წინა წლებშიც გაიმართა, თუმცა მათი უმეტესობა შუამავლების მეშვეობით წარიმართა. ერთ-ერთი ასეთი შუამავალი ლიბანის საერთო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილი გენერალური დირექტორი აბას იბრაჰიმი იყო. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი შეხვედრები უკვე გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა სირიის დედაქალაქ დამასკოში შედგა“.
ამერიკულ-სირიული კულუარული ურთიერთობების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თეთრმა სახლმა არაბული ქვეყნები სირიასთან კავშირების აღდგენის გამო გააკრიტიკა. შეერთებული შტატების ხელისუფლება განსაკუთრებით მას შემდეგ გაბრაზდა, რაც გასულ კვირას არაბული ქვეყნების ლიგა ორგანიზაციაში დამასკოს დაბრუნებას მიესალმა.
ლიგაში სირიის დაბრუნების შესახებ შეშფოთება გამოთქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, „უოლ სტრით ჯურნალმა“ (The Wall Street Journal (WSJ) და „ნიუ იორკ თაიმსმა“ (The New York Times (NYT).
ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ინტერვენციებისა თუ ეკონომიკური ძალადობის გამო დასავლეთ აზიაში ბოლო წლებში შეერთებული შტატების რეპუტაცია ძალზე შეილახა. ვაშინგტონის ყოფილმა მოკავშირეებმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თავის თავზე აიღეს ინიციატივა და რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროებში მჭიდრო კავშირების დამყარება დაიწყეს.
თეირანსა და ერ რიადს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებაში პეკინმა შუამავლის ფუნქცია იტვირთა, რითაც შეერთებული შტატების დატოვებული ვაკუუმი შეავსო. ამ ნაბიჯმა გზა გაუხსნა იემენში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და რეგიონში სირიის იზოლაციას ბოლო მოუღო.
რუსეთმა სირიის კრიზისის მოსაგვარებლად სირიისა და თურქეთის ოფიციალური პირების მონაწილეობით რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა. მოსკოვი ანკარას მიერ ჩრდილოეთი სირიის ოკუპაციის დასრულებას ცდილობს.
წყარო: https://thecradle.co/article-view/24879/exclusive-us-and-syria-holding-secret-talks-in-oman