ეკონომიკასხვადასხვა

Ekonomický deník: 2023 წელს ჩეხეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გაზარდა

0

14 ივნისი, 2023 წ.

Ekonomický deník-ის ინფორმაციით, 2023 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული ნავთობის იმპორტი 56 პროცენტიდან 65 პროცენტამდე გაიზარდა.

„ჩეხეთი თითქმის მთლიანად გათავისუფლდა რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებისგან. ჩეხეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის მონაცემებით, ამჟამად რესპუბლიკა ბუნებრივი აირის 80 პროცენტზე მეტს ნორვეგიისგან ყიდულობს, 10 პროცენტზე ნაკლები კი რუსეთიდან იმპორტზე მოდის. თუმცა ნავთობთან მიმართებით საპირისპირო ტენდენცია შეინიშნება: ამა წლის პირველ ოთხ თვეში რუსული ნედლი ნავთობის წილი 56 პროცენტიდან 65 პროცენტამდე გაიზარდა“, − ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ჩეხური გაზეთი წერს, 2023 წელს რესპუბლიკაში შემოტანილი საწვავის ფასი გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პირველ ოთხ თვეში ჩეხეთის რესპუბლიკამ 8 პროცენტით მეტი ნავთობი შეიძინა, ვიდრე ერთი წლის წინ, ჯამში 2,31 მილიონი ტონა. თუმცა მომწოდებლებს 18,6 პროცენტით ნაკლები გადაუხადა, კერძოდ − 24,8 მილიარდი კრონა (დაახლოებით 1,12 მილიარდი აშშ დოლარი). ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება იანვრიდან აპრილამდე 48 პროცენტით შემცირდა, წლიური გამოანგარიშებით 29,7 მილიარდ კრონამდე (დაახლოებით 1,35 მილიარდი აშშ დოლარი).

სტატიაში ვკითხულობთ, რომ შეერთებული შტატებიდან ნავთობის იმპორტი სტატისტიკური მაჩვენებლებიდან გაქრა, თუმცა წინა წლებში იგი საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. მაგალითად, 2021 წელს აშშ-იდან „შავი ოქროს“ იმპორტი ერთ მეათედზე მეტს შეადგენდა. წელს ჩეხეთში მოქმედი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები ნედლეულს მხოლოდ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან იღებენ.

ჩეხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ისტორიულად რუსულ „დრუჟბას“ ნავთობსადენთან არის დაკავშირებული. ამიტომ პრაღამ ევროკავშირს თხოვნით მიმართა, რომ გამონაკლისის სახით ამ მილსადენით რუსული ნავთობის იმპორტი არ აეკრძალა. ევროკავშირმა ჩეხეთისთვის ასეთი გამონაკლისი დაუშვა.

წყარო: https://www.oreanda-news.com/en/v_mire/russia-s-share-in-czech-oil-imports-has-increased-the-media-writes/article1477872/