ავტორი ფრენკ ჰევილენდი
ცნობილი ამერიკელი კალათბურთელისა და „ვოუკის“ (განმარტება 1) სიმბოლოს, ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებამ, მისი თაყვანისმცემლების დიდი ეიფორია გამოიწვია. გრაინერი 2022 წლის თებერვალში მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში დააკავეს და მოგვიანებით მარიხუანას უკანონო შენახვაში დასდეს ბრალი. შტატებში დაბრუნებულ კალათბურთელს, რომელმაც რუსეთის ციხეში 10 თვე გაატარა, BLM-ის, LGBT თემისა და ანტიამერიკულად განწყობილი აქტივისტების არმია დახვდა. გრაინერი, რომელიც მათ საქმეს ემსახურება და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, ითხოვს, რომ WNBA-ში (ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია) ეროვნული ჰიმნი არ შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკალათბურთო მოედანზე არ გავა. ბაიდენის ადმინისტრაცია კალათბურთელის სამშობლოში დაბრუნებას სიხარულით შეეგება, რასაც საყოველთაო მოწონება არ მოჰყოლია.
პირველი, ბევრ ამერიკელს მიაჩნია, რომ უპირატესობა უნდა მინიჭებოდა 2018 წელს რუსეთში დაპატიმრებულ ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უილანს ან სულ მცირე, ერთად უნდა გაეთავისუფლებინათ. გრაინერმა რუსეთის ციხეში 9 თვე გაატარა, უილანი კი უკვე ოთხი წელია, რაც საპატიმროშია. ომის ვეტერანს 2020 წელს „ჯაშუშობის“ ბრალდებით 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. უილანი და ამერიკის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ფარისევლობად მიიჩნევს. „რუსეთი ამბობს, რომ ჯაშუშური საქმიანობისას ჯეიმს ბონდი დაიჭირა. სინამდვილეში მათ შვებულებაში მყოფი მისტერ ბინი მოიტაცეს“, – განაცხადა უილანმა.
მეორე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გრაინერის გასათავისუფლებლად დიდი ფასი გადაიხადა, როდესაც სანაცვლოდ ციხიდან გაუშვა ცნობილი იარაღით მოვაჭრე და სავარაუდოდ, სამხედრო დაზვერვის აგენტი ვიქტორ ბუტი. ოპერატიული განყოფილების ყოფილი უფროსი მაიკ ბრაუნი ბუტს, რომელსაც აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) ‘სიკვდილით მოვაჭერე’ შეარქვა, ‘დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადამიანად მიიჩნევდა’.
პატიმრების გაცვლის პროცესი ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ Truth Social-ში მკაცრად გააკრიტიკა და უილანის საქმის ისტორიას მეტ-ნაკლებად ნათელი მოჰფინა: „უარი ვთქი რუსეთთან გარიგებაზე, რომელიც ე.წ. ‘სიკვდილით მოვაჭრის’ პოლ უილანზე გაცვლას ითვალისწინებდა. ას ადამიანსაც კი არ გავცვლიდი იმ ადამიანში, რომელმაც თავისი საქმიანობით უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა პოლს დავიხსნიდი, ისევე როგორც სხვა არაერთ მძევალს. გრაინერთან დაკავშირებული გარიგება გიჟურია და ცუდი. უილანს ჩემი პრეზიდენტობისას ვერ გაიტაცებდნენ, თუმცა ასეც რომ მომხდარიყო, მას მალევე დავიხსნიდი“.
პოლ უილანის საქმე სერიოზულია. პატრიოტი და ბედის ირონიით რუსოფილი უილანი მიიჩნევს, რომ იგი წინასწარ კარგად მოფიქრებული შეთქმულების მსხვერპლია. უილანისთვის სამწუხაროდ, მის საქმეს (მიუხედავად იმისა დამნაშვეა თუ არა) რუსეთი სერიოზულად აღიქვამს. ბრალდების არსი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი მომავალში მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ბერკეტების მოპოვებას ცდილობს. ფაქტია ვიქტორ ბუტი ამჟამად უკვე თავისუფალია, ხოლო კონსტანტინ იაროშენკო, რომელსაც შეერთებულ შტატებში კოკაინის შეტანის მცდელობის გამო 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცის, ტრევორ რიდის, სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ბ-ნი უილანის თავისუფლების ფასი შეიძლება ისეთივე მაღალი იყოს, როგორც აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება.
გრაინერისა და უილანის საქმეების მიმართ ადამიანთა დამოკიდებულებას ვერ უგულებელყოფ. მაგალითისთვის მოვიყვან ამერიკულ საზოგადოებაში წარმოქმნილ აშკარა უთანხმოებას: პატრიოტიზმი ანტიამერიკანიზმის, ხოლო ‘სელებრითები’ უბრალო ადამიანის წინააღმდეგ. ასევე მიზანშეწონილია მათი შედარება, რადგან ა) აშშ-ის მთავრობა ორივე მათგანის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევს, ბ) ორივე მათგანი მძევლების აყვანის საქმეზე მომუშავე მთავარი მომლაპარაკებლის ოფისში მოათავსეს, გ) გრაინერისა და უილანის საქმეები ერთმანეთთან იმდენად არის დაკავშირებული, რომ მათ ოჯახები ერთად ესტუმრნენ თეთრ სახლს. ბოლო დრომდე ფიქრობდნენ, რომ „ერთადერთი მისაღები გარიგება შეერთებული შტატებისთვის ის არის, რომ ორივე მათგანი ერთდროულად დააბრუნოს შინ“.
თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ცდილობდა ეთქვა, რომ მოლაპარაკებებისას რუსების ხისტი პოზიცია იმაზე მიუთითებდა, რომ „სამწუხაროდ, არჩევანი ან ბრიტნის შინ დაბრუნებაზე უნდა გაკეთებულიყო არ არავისზე“. თითქოს ვიღაც იძულებულია მტრის მტაცებლური ულტიმატუმები მიიღოს, ვიდრე უარი თქვას მათზე. პრესმდივანმა თითქმის ისიც აღიარა, რომ გრაინერის არჩევაზე ‘ვოუკმა’ მოახდინა გავლენა: „პირადად ბრიტნი უფრო მეტია, ვიდრე სპორტსმენი. იგი მილიონობით ამერიკელისთვის, განსაკუთრებით LGBTQI+ ამერიკელებისა და ფერადკანიანი ქალებისთვის მნიშვნელოვანად მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყაროა. იგი რუსეთში არ უნდა დაეპატიმრებინათ. ჩვენ, მე, ბრიტნის შინ დასაბრუნებლად პრეზიდენტის, ასევე ამ ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობით დიდად ვამაყობთ“.
თავის მხრივ, ბაიდენმა განაცხადა: „სამწუხაროდ, სრულიად არალეგიტიმური მიზეზების გამო რუსეთი პოლის საქმეს სხვაგვარ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ბრიტნის საქმეს. მართალია პოლი ჯერ კიდევ ვერ დავიხსენით პატიმრობიდან, თუმცა არ ვნებდნებით და არც არასოდეს დავნებდებით“.
თუ იმას ვაღიარებთ, რომ უილანის გათავისუფლების შესახებ ბაიდენის უუნარობა რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ფაქტს უკავშირდება და არა ‘ვოუკის’ ნაკლებ დაინტერესებას, ეს არგუმენტი ნაწილობრივ გაუფერულდება, როდესაც მარკ ფოგელის საქმეს გავეცნობით. ფოგელისა და გრაინერის სიტუაცია თითქმის იდენტურია (2021 წელს რუსეთში დაკავებულ ამერიკელ სკოლის მასწავლებელს სამკურნალო მარიხუანა აღმოუჩინეს, რომელსაც ზურგის ქორნიკული ტკივილების გამო მოიხმარდა). გარდა იმისა, რომ 61 წლის ფოგელი უკვე წელიწად-ნახევარია, რაც შრომით ბანაკში იმყოფება, იგი უილანის მსგავსად თეთრკანიანია, მამაკაცია და ჰეტეროსექსუალი. ამიტომ გასაკვირი არ არის თუ ყურადღების მიღმა დატოვეს.
ეს საკითხი რუსულ მედიას არ გამოპარვია. რუსეთში შეერთებული შტატების პრიორიტეტები მასხრად აიგდეს. Fox News Digital-ის ინფორმაციით, რუსებმა უილანისადმი გულგრილი დამოკიდებულება შემდეგნაირად განმარტეს: „მისი პირველი პრობლემა ის არის, რომ იგი თეთრკანიანია, მეორე პრობლემა ის არის, რომ მამაკაცია, მესამე პრობლემა კი ის არის, რომ ჰეტეროსექსუალია. ამას დღეს არ გაპატიებენ. ეს უბრალოდ კატასტროფაა. დიახ, გრაინერმა იგი ყველა ასპექტში დაჯაბნა“.
აქედან გამომდინარე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ‘ვოუკი’ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. როგორ გაუწევდა ბაიდენი წინააღმდეგობას ‘ვოუკს, რომლის წარმომადგენელიც ბრიტნი გრაინერია. უილანს მოუწევს, რომ ეს თეთრკანიანი მამაკაცის პრივილეგიას, ტოქსიკური მამაკაცურობის დისფუნქციას, მიაწეროს.
სამწუხარო ფაქტია, რომ დასავლეთში ბევრი ადამიანი, ბაიდენის ადმინისტრაციის მსგავსად, ლიბერალების მოთხოვნების შესრულებაზე ხარჯავს დროს, ამ დროს კი მათი მტრები რეალპოლიტიკით ხელმძღვანელობენ. იმ დროს, როცა ჩვენი მთავრობები ჩვენი ეკონომიკების მოშლით არიან დაკავებული და ნაცვალსახელების კრიმინალიზებასა და ჩვენი შვილების ტრანსგენდერებად გადაქცევას ცდილობენ, ჩინეთი და რუსეთი ვითარდებიან. ჩინეთი ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ყველაფერს აწარმოებს, რაზეც ახლა უარს ვამბობთ, რუსეთი კი ბედნიერია იმით, რომ ზიანს გვაყენებს ენერგომატარებლებზე დაწესებული მაღალი ფასებით, რაც ჩვენს ჯიბეს მძიმე ტვირთად აწვება.
მხოლოდ ერთს გირჩევთ, თუ უილანის მსგავსად საზღვარგარეთ დაგაპატიმრებენ, პირველივე შესაძლებლობისთანავე თავი ტრანსგენდერად წარმოაჩინეთ.
განმარტება 1 – სიტყვა woke თანამედროვე სლენგში აქტიურად დამკვიდრდა. ის გამოიყენება “პროგრესული” აქტივიზმის კრებსით დასახელებად, რაც დაკავშირებულია სოციალურ, გენდერულ(LGBT) და რასიზმის საკითხებთან.
წყარო: https://is.gd/8qBaC3