ავტორი კონორ ფრიმენი
ვაშინგტონმა და ნატომ რუსეთთან ომის სწრაფი ესკალაცია მოახდინეს. როგორც ჩანს, „ჩრდილოეთის ნაკადი“ თეთრმა სახლმა ააფეთქა რუსეთთან ღია ომის ფარგლებში, გერმანიასა და სხვა ევროპელ მოკავშირეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დივერსიულ თავდასხმებს ახორციელებს. პენტაგონმა უსიტყვოდ დაუჭირა მხარი რუსეთის ტერიტორიაზე ასობით მილის სიღრმეში უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ მიტანილ იერიშებს.
ამერიკელი სამხედროები, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები და სპეცდანიშნულების რაზმები ნატოს კომანდოსებთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. თეთრმა სახლმა მწვანე შუქი აუნთო ბრძოლის ველზე „ბრედლის“ ჯავშანტექნიკის, შორი მანძილის რაკეტებისა და „აბრამსების“ – ამერიკული ძირითადი საბრძოლო ტანკების – გაგზავნას.
კიევი ასობით ტანკს ითხოვს. პარალელურად, ნატოს არაერთი ევროპელი წევრი ქვეყანა უკრაინას თავის ძირითად საბრძოლო ტანკებს უგზავნის. ყირიმს შეერთებული შტატების მხარდაჭერით მალე თავს დაესხმებიან.
მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონს, ბერლინსა და პარიზს ავია გამანადგურებლებს სთხოვს, მისმა ქვეყანამ უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა. ყოველ დღე დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში ასობით უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.
ბოლო თვეებში კიევის რეჟიმის ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინა – ნატოს „დე ფაქტო“ წევრი – „ნატოს მისიისთვის ღვრის სისხლს“. დასავლეთის მიზანია, რომ ალიანსს რუსეთის დასუსტებით, დესტაბილიზაციითა და დაშლით მოსკოვისგან საფრთხე აღარ ემუქრებოდეს.
ამავე დროს ნადგურდება უკრაინა, რომელიც ადამიანური ტარანის როლს ასრულებს. თუმცა იმპერიის პერსპექტივიდან მადლენ ოლბრაიტის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, „ფასი მისაღებია“.
რუსეთი უნდა დასუსტდეს მანამ, სანამ პენტაგონი ჩინეთის წინააღმდეგ მოახლოებულ ომს, „დიდ ომს“, დაიწყებს, რომელიც უმაღლესი სამხედრო მეთაურებისა და ოთხვარსკვლავიანი გენერლების განცხადებით, რამდენიმე წელიწადში დაიწყება.
ამავდროულად, ექსპერტები და ანალიტიკოსები მიუთითებენ – „თვით ნიუ იორკ თაიმსიც“ – რომ ჩვენ სისტემატურად ვუბიძგებთ „შეერთებულ შტატებსა და მის ნატოელ მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ“.
რა გამართლება მოეძებნება, როგორც ჩანს, ამ დაუსრულებელ ესკალაციას? შეერთებული შტატების ომის მანქანა ფიქრობს, რომ, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმის ბრძანება ჯერ კიდევ არ გაუცია ან ბირთვულ ღილაკზე თითი არ დაუჭერია, ვაშინგტონსა და მის ნატოელ ვასალებს თავისუფლად შეუძლიათ კიევს დიდი რაოდენობით თანამედროვე იარაღი მიაწოდონ და ყირიმის ნახევარკუნძულსა და თავად რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარი დაუჭირონ.
ზემოხსენებულ ტანკებს, სავარაუდოდ, ყირიმზე (წაიკითხეთ: რუსეთის ტერიტორიაზე) პოტენციური თავდასხმისთვის გამოიყენებენ, რასაც თეთრ სახლში ამჟამად განიხილავენ. ასეთმა ესკალაციამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე და ბირთვულ დარტყმამდე მიგვიყვანოს. სხვათა შორის, არაკომერციული ორგანიზაცია Bulletin of Atomic Scientists (BAS)-ი გვაფრთხილებს, რომ ბირთვული ომი ამჟამად უფრო შესაძლებელია, ვიდრე ცივი ომის ნებისმიერ დროს იყო.
BAS-ის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რეიჩელ ბრონსონმა, განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების მთავრობას, მის ნატოელ მოკავშირეებსა და უკრაინას დიალოგისთვის უამრავი არხი აქვთ; მოვუწოდებთ ლიდერებს, რომ ბოლომდე შეისწავლონ ყველა მათგანი, რათა არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდნენ“.
გასული წლის შემოდგომაზე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარკ მილი კიევსა და მოსკოვს შორის არსებული კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებით დარეგულირებას უჭერდა მხარს. თუმცა ენტონი ბლინკენის მიერ მართული სახელმწიფო დეპარტამენტის ე.წ. დიპლომატებმა ამაზე უარი განაცხადეს.
ცოტა ხნის წინ ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა, ისაუბრა თუ როგორ ცდილობდა 2022 წლის მარტის დასაწყისში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაში შუამავლობა ეკისრა. ბენეტის თქმით, ორივე მხარე დიდ დათმობებზე წავიდა და „ცეცხლის შეწყვეტის კარგი შესაძლებლობა გაჩნდა“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს ძალისხმევა უარყვეს და საბოლოოდ „დაბლოკეს“ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
„არაერთი ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნის“ სიტყვით, იმავე თვეს ქალაქ სტამბულში თურქეთის შუამავლობით გამართულმა მოლაპარაკებებმა მეომარ მხარეებს შორის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ასევე რეალური საფუძველი შექმნა. თუმცა ეს წამოწყება კვლავ ჯონსონმა გაანადგურა, რომელიც „კოლექტიური დასავლეთის“ სახელით მოქმედებდა.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა წუხილს გამოთქვამს ომის ტრაექტორიის, დასავლური წარმოების მძიმე ტანკების მიწოდების ან უკრაინის არმიის აშკარა უუნარობის გამო დაიბრუნონ რუსეთის დაპყრობილი ტერიტორიები, კონფლიქტის ესკალაცია მაინც გრძელდება.
თავად ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც სამხედრო ძალის გამოყენებას უჭერს მხარს, განაცხადა: „მეშინია, რომ უკრაინის ომი კონტროლიდან გამოვა და ნატოსა და რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზარდება“.
გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმაც: „მეშინია, რომ მსოფლიო უფრო მასშტაბურ ომში არ ჩაიძიროს. მეშინია, რომ ეს ფართოდ გახელილი თვალებით კეთდება“.
ამერიკელმა ხალხმა ახლავე უნდა გაავლოს წითელი ხაზები და შეაჩეროს მათი კონტროლიდან გასული მმართველი კლასი, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოებთან ომებს აწარმოებს. როგორც ცნობილი ინგლისელი როკმუსიკოსი როჯერ უოტერსი ამბობს, ეს ვარჯიში არ არის. ჩვენი თანამემამულეები ვეღარ აცნობიერებენ პირდაპირი კონფლიქტის აზრს როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან.
სამწუხაროდ, დიდი ხანია, რაც ჩვენი ხალხი დამუნჯდა. ისინი ჯერ კიდევ ვერ ითვალისწინებენ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი მთავრობის ჩადენილი მასიური მკვლელობების მარათონს. ერაყში ერთი მილიონი ერაყელი დაიღუპა, სირიაში ნახევარი მილიონი სირიელი, ასევე ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში, ლიბიაში, პაკისტანში, იემენსა და სომალიში.
ვაშინგტონში მოკალათებულ ჩვენს მტრებს აშკარად სურთ, რომ მათი უგუნური, სისხლისმღვრელი პოლიტიკის გარდაუვალ შედეგებზე ხმა არ ამოვიღოთ.
„ქორები“ პროქსი ომის სტრატეგის გამოყენებას ტაივანშიც შეეცდებიან, წითელი ხაზების გავლების კიდევ ერთი შანსი აღარ გვექნება.
უნდა მოვითხოვოთ სამხედრო დახმარების შეწყვეტა, ასევე თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირონ ან, სულა ცოტა, მოლაპარაკებებში არ ჩაერიონ.
ახლავე უნდა მოვითხოვოთ ამ ომის დაუყოვნებელი დასრულება.
წყარო: https://is.gd/6rDGpE