პოლიტიკასხვადასხვა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სამშაბათს დააპატიმრებენ, ყოფილი პრეზიდენტი “ქვეყნის დაბრუნების მიზნით“ საპროტესტო აქციების დაწყების მოწოდებით გამოდის

0

ტრამპმა მანჰეტენის პროკურორს „კორუმპირებული და  პოლიტიზირებული“ უწოდა
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას მომავალ სამშაბათს დააპატიმრებენ და „ქვეყნის დაბრუნების მიზნით“ საპროტესტო აქციების დაწყების მოწოდებით გამოვიდა.
ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის საკუთარ გვერდზე პროკურორი მკაცრად გააკრიტიკა.
ტრამპმა ზემოხსენებული სოციალური მედიაპლატფორმის საკუთარ გვერდზე დიდი ასოებით დაწერილი პოსტი გამოაქვეყნა: „ინფორმაციამ გაჟონა კორუმპირებული და ძალიან პოლიტიზირებული მანჰეტენის საოლქო პროკურატურის ოფისიდან, რომელმაც ნება დართო გამოქვეყნდეს ახალი ჩანაწერები, რათა დადგინდეს ძალადობრივი დანაშაული და რომლის ლიდერსაც ჯორჯ სოროსი აფინანსებს, მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულის დადასტურება შეუძლებელია და ეფუძნება ძველ და სრულიად გამოგონილ ზღაპარს, უდავოდ წამყვან რესპუბლიკელ კანდიდატსა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს მომავალ სამშაბათს დააპატიმრებენ. გააპროტესტეთ, დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა!“
ყოფილმა პრეზიდენტმა, რომლის თანამდებობიდან ჩამოცილებას ორჯერ შეეცადნენ, შესაძლო დაპატიმრების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ნიუ იორკის სამართალდამცავი ორგანოები ფარულად ემზადებიან იმ სავარაუდო სცენარისთვის, რომ ბატონი ტრამპი სამოქალაქო არეულობას წაახალისებს თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნებისმიერ ფორმას დაექვემდებარება.
დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა წინასწარ განაცხადა, რომ რაიმე სახის საბრალდებო დასკვნის ზუსტი დროის შესახებ არანაირი ნიშანი არ არსებობს.
„არანაირი განცხადება არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ NBC-სა და სხვა ყალბი ახალი ამბების სააგენტოებს ხელში ჩაუვარდათ იუსტიციის დეპარტამენტისა და საოლქო პროკურატურის ოფისიდან არალეგალურად გაჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯორჯ სოროსის დაფინანსებულმა მანჰეტენის რადიკალ მემარცხენე დემოკრატმა პროკურორმა გადაწყვიტა, რომ მოჩვენებებზე ნადირობა ახალ ეტაპზე აიყვანოს. პრეზიდენტი ტრამპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავის უდანაშაულობას და ჩვენი უსამართლო სისტემის იარაღად გამოყენების ფაქტს. მომავალ უქმეებზე იგი ტეხასში  უზარმაზარ მიტინგს გამართავს. “დავუბრუნოთ ამერიკას დიდება!” – ნათქვამია პრესსპიკერის განცხადებაში.
მანჰეტენის ოლქის პროკურატურას ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ბატონ ტრამპს დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის ან სხვა საქმის გამო ბრალი წაუყენეს. თუმცა ნიუ იორკში დაწყებული გამოძიების გარდა ყოფილ პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვა რამდენიმე შესაძლო საქმეზეც ეკისრება.
დონალდ ტრამპს ბრალი შეიძლება ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის პროკურატურამაც წაუყენოს, ასევე მიმდინარეობს ორი სხვა ფედერალური გამოძიება, რომელსაც ამჟამად იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველი ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობს.
წყარო: https://is.gd/3k2eZp