პოლიტიკასხვადასხვა

Discord-ზე გამოქვეყნებულმა მასალებმა აშშ-სა და უკრაინას შორის დაძაბულობა, იმედგაცრუება გამოიწვია

0

5 მაისი, 2023 წ.

როგორც ჩანს, გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნების გამო კიევი თეთრი სახლით იმედგაცრუებულია. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, თქმით, მასალების გაჟონვის შესახებ მედიით შეიტყო და ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ჯერ არ უსაუბრია.
„თეთრი სახლიდან ან პენტაგონიდან წინასწარ ინფორმაცია არ მიმიღია. ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა. პირადად მე არაფერი ვიცოდი. ნამდვილად ცუდი ამბავია“, – განაცხადა ზელენსკიმ. „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) ცნობით, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ დმიტრო კულებამ ისაუბრეს.
დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, მასაჩუსეტსის საჰაერო ეროვნული გვარდიის ჯარისკაცმა, ჯეკ ტეიშეირამ, გამოაქვეყნა, უკრაინის ომთან დაკავშირებით მძიმე სურათზე მიუთითებენ. დოკუმენტების თანახმად, მოსალოდნელი კონტრშეტევა შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. დოკუმენტებით ასევე ნათელი ხდება, რომ რუსულ შეიარაღებულ ძალებს მწყობრიდან გამოჰყავთ ამერიკული წარმოების ჭკვიანი ბომბები, კიევს საჰაერო თავდაცვის განკუთვნილი მასალები ეწურება და თეთრი სახლი ზელენსკის ადმინისტრაციას თვალყურს ადევნებს.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტების შესახებ თავისუფლად ვერ ისაუბრებდა. „ჩვენს სახელმწიფოს საფრთხეს ვერ შევუქმნი. როდესაც გულწრფელად ლაპარაკი შემიძლია, ვლაპარაკობ. მაგრამ არსებობს მაღალი რისკები… ყველას ვეტყოდი რასაც მათზე ვფიქრობ, თუმცა ეს შემთხვევა ცოტა განსხვავებულია. ჩვენ ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა“, – დასძინა ზელენსკიმ.
ამის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებთან ერთსაათიანი პირადი ინტერვიუს დროს გარკვეული პრეტენზიები გამოთქვა. „ეს ჩვენთვის წამგებიანია… ეს თეთრი სახლის რეპუტაციაზე დადებითად არ აისახება და მჯერა, რომ ეს არც შეერთებული შტატების რეპუტაციას წაადგება“.
საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვამ ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობაში გარკვეული სახის ბზარი გააჩინა. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადეს, რომ „თუ ვაშინგტონი სენსიტიურ ინფორმაციას ვერ დაიცავს, კიევმა შეიძლება შეერთებულ შტატებს ნაკლები ინფორმაცია გაუზიაროს“.
ზელენსკიმ დოკუმენტების ავთენტურობა არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მათი გამოქვეყნება რუსეთისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. „ჩვენთვის, ყველაფერი, რაც ამა თუ იმ სახით ჩვენს მტერს წინასწარ საქმის კურსში ჩააყენებს, ნამდვილად წამგებიანია. ამაში ვერანაირ უპირატესობას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო: https://is.gd/cYs4HJ