დავით ზარდიაშვილი
პრიგოჟინის ფენომენი თავისთავადაც მიუთითებს, რომ პოსტ-მოდერნული, ე.წ. დიფუზიური ომის მოწმენი ვართ; ამ დროს ინფორმაციასა და დეზინფორმაციას შორის ზღვარი იშლება და არც “კლასიკური” ომის დროს აპრობირებული მარტივი სქემა მუშაობს, როცა ინფორმაციის სელექცია ხდება ე.წ. ხაზობრივი, “ჰო-არას” პრინციპით – მტერი დეზინფორმაციას ავრცელებს და მის მიერ ნათქვამი თუნდაც ფაქტობრივი “სიმართლეც” შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
პრიგოჟინის ფენომენის ასახსნელად აუცილებელია ორი გარემოების გათვალისწინება: პირველი, იგი კერძო არმიის პატრონია და მას “კომერციული” ბიზნეს-ინტერესები აქვს – მეტი მოგება; “მოგებაში“, ცხადია, იგულისხმება ყველაფერი არამატერიალურიც, რისი მატერიალიზებაც კი შესაძლებელია და რაც ყოველთვის ლიკვიდურია; ესეც ნიშანდობლივიაა – მისი არმია მნიშვნელოვანწილად მსჯავრდებულებისგან შედგება, რომელთა თავგანწირულობის, ზოგჯერ – თავზეხელაღებულობისაც, მოტივაცია სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი მატერიალური სარგებელია; ბუნებრივია, პრიგოჟინი ცდილობს ამ თავისი მოგების მაქსიმალიზაციას, ანუ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მეტი შემოსავლის მიღებას;
მეორე გარემოება, რაც ასევე მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, რომ იგი რუსეთის სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებს ბიზნეს-კონკურენტებად მიიჩნევს და ამდენად, მუშაობს რათა ისინი საკუთარი „კომერციული წარმატების“ გზიდან ჩამოიცილოს; მისი ეს ბოლო გამოსვლები სწორედ ამას ადასტურებს – იგი უპირისპირდება თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენშტაბის უფროს გენერალ გერასიმოვს, რათა “ვაგნერმა” მეტი დივიდენდი მიიღოს და სამომავლო ბრძოლებშიც “კონკურენტული უპირატესობები” და ბიზნეს-პრივილეგიები შეინარჩუნოს; ცხადია, ომში და ომის ბიზნესში, რასაც პრიგოჟინი ეწევა “კომერციული მოგებაა” სახელი, რაც მატერიალურ სარგებელში უდიდეს ფასად კონვერტირდება და რაც პრიგოჟინის ჯარისკაცების სისხლით არის ნაყიდი; მისი გამოსვლები ერთის მხრივ, ამ სისხლის გამოსყიდვის ფასია – პრიგოჟინი ხელს კონკურენტებისკენ, შოიგუსა და გერასიმოვისკენ, ზოგადად – რუსეთის შეიარაღებული ძალებისკენ იშვერს.
ცხადია, ეს ინტერესთა იმგვარი კონფლიქტია, რაც მოწესრიგებულ სახელმწიფოში სრულიად დაუშვებელია და მხოლოდ პოსტ-მოდერნულ ქვეყნებში, მაგ. რუსეთშია შესაძლებელი: რუსული იმპერიის პოსტ-მოდერნულობა კი, პოსტ-იმპერატორ პუტინის – როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, პოსტ-იმპერიის დამფუძნებელი კანონმდებლის, უზენაესი მოსამართლის და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – უმილიარდერესი ბიზნესმენის სტატუსია; პუტინი არის როგორც შოიგუ-გერასიმოვის სამხედრო, ასევე პრიგოჟინის ომის ბიზნეს-სტრატეგიათა თავში; აქ გასახსენებელია, რომ პრიგოჟინი თავის დროზე პუტინის მზარეული იყო და მას კერძებს უმზადებდა; ახლა იგი პუტინის „ომის ბიზნეს-სამზარეულოს“ განაგებს, თუმცა მის შესაკავებლად, გაწონასწორებისა და ბალანსისათვის შოიგუ-გერასიმოვი გამოიყენება და პირიქით; ინტერესთა კონფლიქტი, რაც ნებისმიერ ერი-სახელმწიფოს დაანგრევდა, პოსტ-მოდერნულ იმპერატორ პუტინს და მის პოსტ-იმპერიას, პირიქით, აძლიერებს; რასაკვირველია, ეს – როგორ მუშაობს პუტინის პოსტ-ომის პოლიტიკური, სამხედრო, თუ ბიზნეს-სისტემა, დიდწილად ბნელით მოცულია და რჩეულების გარდა, ყველა დამკვირვებელი, ექსპერტი თუ მეცნიერი, „უვიცობის საბურველშია“ გახვეული; მაგალითად – რაც არ უნდა ეძებოთ, ვერსად ნახავთ ვერც ერთ ბაიტ ინფორმაციას, თუ რა კურსით ხდება პრიგოჟინის მიერ ეს სისხლით ნაყიდი სახელის მატერიალურ თუ პოლიტიკურ სარგებელში კონვერტაცია- რადგან ყოველივე მკაცრად გასაიდუმლოებულია; იგი ერთდროულად პრიგოჟინის კომერციული საიდუმლოებაც არის და რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებაც.
მაგრამ, მეორეს მხრივ: პრიგოჟინის, როგორც “დამოუკიდებელი, არასახელმწიფო წყაროს” სკანდალური ინფორმაცია, რაც ძალიან იოლად იყიდება როგორც “ობიექტური სიმართლე”, ხომ მოწინააღმდეგეს აძლიერებს?! დიახ, თითქოსდა ერთი შეხედვით ასეა, მაგრამ სინამდვილეში – გენერალმა გერასიმოვმა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინის ავტორად, რასაც “ჰიბრიდული ომის” დოქტრინა უწოდეს, მოგვევლინა, შესანიშნავად იცის ასევე ზე-ახალი “დიფუზიური ომის” სტრატეგია და ტაქტიკა. როგორც ჩანს, დიფუზიური ომის დოქტრინა – ჰიბრიდული ომის დოქტრინის ევოლუციაა და იგი, განსხვავებით გერასიმოვის 2014 წლის დოქტრინისგან ჯერ არ გამოქვეყნებულა. ცხადია, ამ პოსტ-ომის მიმდინარეობისას არც გამოქვეყნდება.
ანალოგია თვალსაჩინოა: გერასიმოვის დოქტრინა 2014-ში იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ იგი არავისთვის აღარ იყო საიდუმლო და ჰიბრიდული რუსული ომის ტაქტიკა და სტრატეგია პრაქტიკაში ვნახეთ საქართველოს ორი რეგიონისა და უკრაინული ყირიმ-დონბასის ოკუპაციის სახით. ამიტომ: რა ამოძრავებს ამჟამად რუსეთის გენშტაბს, როცა იმპერატორ პუტინის ნებით პრიგოჟინს უაღრესად სკანდალური გამოსვლების სრულ თავისუფლებას აძლევს, ამ პოსტ-ომის მაყურებელი პირდაფჩენილი პუბლიკისათვის, მათ შორის, ვეჭვობ – ისეთი ამერიკელი „სახელოვანი“ გენერლებისათვის, როგორიც მაგ. ბენ ჰოჯესია, აბსოლუტურად შეუცნობელია.
პოსტ-მოდერნული ომის „ბიზნეს- მზარეულ“ პრიგოჟინს სრული თავისუფლება აქვს და რაც სურს, ან ვიმეს ჰგონია, რომ ეს სურს – იმას ლაპარაკობს. ცხადია, “კლასიკურ” ომში ეს სრულიად წარმოუდგენელია: იმ სალანძღავი სიტყვებისთვის, რაც ცალსახად გენშტაბის უფროსსა და თავდაცვის მინისტრზე ომის პირობებში თავდასხმაა, განსაკუთრებით კი – მოწინააღმდეგის სამხედრო შესაძლებლობებისათვის რუსეთის დაძაბუნების დემონსტრირების ფონზე, ხოტბა-დიდების შესხმისთვის, მას აუცილებლად დახვრეტდნენ ნებისმიერ “კლასიკურ” ომში. პრიგოჟინს არათუ არ ხვრეტენ, არამედ მას, როგორც “არასახელმწიფო, დამოუკიდებელ საინფორმაციო წყაროს” სწორედ დიფუზიური ბოლის – როცა ტყუილ-მართალის გარჩევა პრინციპულად შეუძლებელი უნდა გახდეს, გასაშვებ მძლავრ აგრეგატად იყენებენ.
რა მიზნით? აი ეგ, გენერალ გერასიმოვს კითხეთ….ანდა პოსტ-იმპერატორ პუტინს. სულაც ჯიჯის, ალფაიძეს. იმას ემახსოვრება, თოფები რომ გამოილევა, ტყვია როგორ უნდა ისროლო!. რუსეთსაც მალე გამოელევა ზარბაზნები. მაგრამ იმიტომ, რომ უკრაინას მეზარბაზნეები უჭირს. ჩვეულებრივ, „კლასიკურ“ ომში ყველაფერი არ ხდება. პოსტ- ომში კი მართლაც ყველაფერი: რადგან ამ დროს რაც სიმართლეა – ის ტყუილია და პირიქით. პრიგოჟინის ფენომენი სწორედ ამას – დიფუზიას, ისეთ გაუგონარ არევ-დარევას, რაც ადამიანის წარმოსახვას სცდება, ნიშნავს. ესეც კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „დიფუზიონერი“ ადამიანი არც არის. აბა, ვინ ეშმაკია? არ ვიცი, და ეგებ, ხელოვნური ინტელექტი?…