დავით ქართველიშვილი
სანამ დასავლეთი უკრაინაში ემზადება რუსეთზე კონტრშეტევების განხორციელებისაკენ, რაც ენტონი ბლინკენის განცხადებით „უახლოეს მომავალში“ მოხდება, რაც ბრძოლის ველზე მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული – არანაკლებად საინტერესო ომი მიმდინარეობს ჩინეთსა და დასავლეთს შორის. ტექნოლოგიური ომი. და ეს ომი სინოპტიკოსების პროგნოზებზე არაა დამოკიდებული. დასავლელი ექსპერტების აზრით, ჩინური კომპანია BYD (Build Your Dream), რომელიც მსოფლიო საჯარო კომპანიების Forbes-ის 2022 წლის ჩამონათვალში 580-ე ადგილას გავიდა, წელს ორ მილიონზე მეტ ავტომობილს გამოუშვებს ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებით და უკან დატოვებს სახელგანთქმულ ამერიკულ Tesla-ს (გასულ წელს BYD-მა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება 211%-ით გაზარდა და დაახლოებით იგივე ზრდაა მოსალოდნელი წელსაც).
ჰონკონგში განლაგებულმა კიდევ ერთმა ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ 2022 წელს წინა წელთან შედარებით 251%-ით მეტი ელექტრომობილი გამოუშვა. ჩინეთის უმსხვილესი მწარმოებლების ოცეულში შემევალმა კიდევ ერთმა ავტოგიგანტმა Changan-მა გასულ წელს თავისი წარმოება – 134%-ით გაზარდა. შედარებისთვის: Tesla-მ იმავე პერიოდში თავისი წარმოების გაზრდა შეძლო მხოლოდ 40%-ით, გერმანულმა Volkswagen-მა კი 10%-ით. Tesla, რომელიც ჩინელების მხრიდან სასტიკი კონკურენციის წინაშე იმყოფება, იძულებულია ერთი მესამედით შეამციროს ელექტრომობილების ფასები, რათა არ იქნას გამოდევნილი ჩინეთის უმსხვილესი საავტომობილო ბაზრიდან.
მთლიანობაში, ჩინეთი აწარმოებს უფრო მეტ მანქანას ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, ვიდრე მთელი დანარჩემი მსოფლიო ერთად აღებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის გარეშე ევროპის მიერ დაანონსებული „მწვანე ალტერნატივის“ პროგრამის განხორციელება შეუძლებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინელები თითქმის მთლიანად აკონტროლებენ ელექტრო ბატარეების და ნაწილობრივ, მათი წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის მოპოვების ბაზარს. ბატარეები კი ელექტრომობილის ყველაზე ძვირი და მნიშვნელოვანი ელემენტია. მათი მთავარი მაჩვენებელია – მაქსიმალური გარბენი დატენვის გარეშე და ეკონომიურობა, რაც დამოკიდებულია მათი დამზადების ტექნოლოგიურ გარღვევაზე.
წარსულში „სუფთა ტექნოლოგიების“ კვლევისა და განვითარების უმეტესი წილი აშშ-ს ლაბორატორიებში ხორციელდებოდა, თუმცა ამ კვლევების კომერციულ პროდუქციად გადაქცევის მიზნით, ამერიკული კომპანიები ხშირად სწორედ ჩინეთს მიმართავდნენ. ახლა კი დრო შეიცვალა. გასული ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მთავრობამ ასობით მილიარდი იუანის ინვესტიცია მოახდინა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების მხარდასაჭერად. ჩინეთს უკავია მზის პანელების, ქარის ენერგიის სისტემის კომპონენტების და ბატარეების მსოფლიო წარმოების სიმძლავრის მინიმუმ 60%.
ჩინელმა მეცნიერებმა მიაღწიეს წინსვლას სტაბილური თერმობირთვული რეაქციის შეკავებაშიც. მათი თერმობირთვული რეაქცია “უფრო კაშკაშად იწვის და უფრო დიდხანს ანათებს”, ვიდრე რომელიმე სხვა. სამთავრობო გეგმის მიხედვით, 2035 წლისთვის ჩინეთის რესპუბლიკაში შეიქმნება ექსპერიმენტული თერმობირთვული ელექტროსადგური, რომელიც დასაბამს მისცემს შეუზღუდავი ენერგიის ეპოქას. ხოლო 2050 წლისთვის კი იგეგმება ასეთი სადგურების კომერციული ექსპლუატაციაში შეყვანა. ამ ყველაფრისთვის რა პასუხის გაცემას შეძლებს დასავლეთი, ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, განავითაროს თუ არა ხელოვნური ინტელექტი, ჩინეთმა უკვე შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული გეგმა. პეკინი ეყრდნობა ნეიროქსელებს, როგორც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერების შექმნის პარალელურად, ჩინელი მკვლევარები მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე და მის ეკონომიკაში დანერგვაზე.
დღესდღეობით თითქმის მილიარდი ჩინელი იყენებს ინტერნეტს. აშენდა 700 ათასზე მეტი 5G საკომუნიკაციო სადგური, რომლებთანაც უკვე დაკავშირებულია 300 მილიონი მომხმარებელი. ჩინეთმა ასევე აითვისა ყველანაირი ტიპის კოსმოსური ტექნოლოგია. 2025 წელს დაგეგმილია ჩინელი ასტრონავტების მთვარეზე დაშვება და „მთვარის ბაზის“ მშენებლობა. 2022 წლის Nature Index Specialized cities-ს მსოფლიო სამეცნიერო (სპეციალიზებული) ქალაქების რეიტინგში – 25 წამყვან ცენტრს შორის ცხრა ჩინურია. აშშ-ში ასეთი რვა ცენტრია, ორი – დიდ ბრიტანეთში, თითო იაპონიაში, გერმანიაში, სამხრეთ კორეასა და შვეიცარიაში. “სამეცნიერო ქალაქების“ სტატუსი განისაზღვრება ამ ქალაქებში მცხოვრები მეცნიერების სამეცნიერო პუბლიკაციებისა და ციტატების რაოდენობით. ასე რომ, მეცნიერთა ყველაზე დიდი რაოდენობა, რომლებიც თავიანთი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ მსოფლიოს წამყვან გამოცემებში – კონცენტრირებულია ჩინეთის ცხრა ქალაქში.
ჩინეთის წილი გლობალური ტექნოლოგიების ინვესტიციებში გაიზარდა 5%-დან 2000 წელს 23%-მდე 2020 წელს. ამერიკული ჟურნალის Foreign Affairs-ის თანახმად, 2025 წლისთვის ჩინეთი ამ მაჩვენებლით შეერთებულ შტატებს გაუსწრებს. ამისთვის ჩინეთს აქვს ყველაფერი: რესურსები, მართვის სისტემა, ტვინი, ინტელექტი, ზრდისა და განვითარების მზარდი სტიმული. დიდი ტექნოლოგიური ნახტომის განხორციელებით, ჩინეთს შეუძლია საკუთარი კონკურენტების „აუთსაიდერებად“ გადაქცევა. ჩინეთი კვლავ იბრუნებს მსოფლიოს ცენტრის ფუნქციას და ჩვენს თვალწინ ხდება ყველაზე ძლიერი ეკონომიკური და ტექნოლოგიური ძალა, როგორც ეს იყო დასავლელი ბარბაროსების ჩინეთში მოსვლამდე, როდესაც ჩინეთი აწარმოებდა მსოფლიო მშპ-ს ერთ მესამედს. პრინციპში მასეც არის: ფაქტობრივად, მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და არა დასავლეთიდან, როგორც ამაში ბოლო 150 წელიწადს გვაჯერებდნენ..