დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანი ქალბატონი თავისი 4 წლის ვაჟის სკოლას იმის გამო უჩივის, რომ მისი თანხმობის გარეშე ბავშვს გეი პრაიდში მონაწილეობა აიძულეს.
ეს შემთხვევა, რომლის მსგავსიც წარსულში არ დაფიქსირებულა, 2018 წლის ივნისში სამხრეთ ნორვუდში, სამხრეთ-აღმოსავლეთი ლონდონი, მდებარე ერთ-ერთ სკოლაში (Heavers Farm Primary School) მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა ბავშვის დედას, იზი მონტეგიუს, განუცხადა, რომ იგი, დედის მტკიცე ქრისტიანული რწმენის მიუხედავად, ‘სიამაყის მარშში’ მონაწილეობაზე უარს ვერ იტყვის.
ბავშვის დედა სკოლის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების დაწყებას ითხოვს პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის, ვიქტიმიზაციისა და იმ კანონიერი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე, რომელიც 1996 წელს მიღებული განათლების შესახებ კანონითა და 1998 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა შესახებ კანონით არის დაცული.
ოთხშაბათს, ცენტრალური ლონდონის საოლქო სასამართლოში მოისმინეს თუ როგორ გაუგზავნა სკოლამ ღონისძიების დაწყებამდე წერილი ყველა მშობელს, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი თუ როგორ აპირებდა გეი პრაიდი სკოლის მოსწავლეების „განსხვავებების აღნიშვნას“, „რაც მათ და მათ ოჯახებს განსაკუთრებულს ხდის“.
ქალბატონმა მონტეგიუმ წერილზე უპასუხა და ნებართვა ითხოვა, რომ იმ დღეს მისი შვილი სკოლიდან გაეთავისუფლებინათ, რადგან შიშობდა, რომ იგი „იმ საზოგადოებრივ დემონსტრაციაში მიიღებდა მონაწილეობას, რომლის შეხედულებებსაც ეს ქალბატონი არ იზიარებდა“, ამის მიუხედავად სკოლამ უარი განუცხადა.
თავმჯდომარე მოსამართლემ ქალბატონი მონტეგიუ და მისი მეუღლე შემდეგი სიტყვებით დაახასიათა: „ღვთისმოშიში ხელახლა დაბადებული ქრისტიანები არიან. მათ სწამთ, რომ სქესობრივი ურთიერთობებისგან თავი უნდა შეიკავო ან მხოლოდ ქალისა და მამაკაცის სამუდამო შეუღლების შემდეგ უნდა დაკავდე. სხვა ნებისმიერი ქმედება ცოდვაა“.
მოსამართლემ განაცხადა, რომ მომჩივნის რწმენის თანახმად, ჰომოსექსუალიზმი „ყველაზე სერიოზულ და მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება“.
სასამართლო სხდომაზე ქალბატონმა მონტეგიუმ შეშფოთება გამოთქვა არა მხოლოდ გეი პრაიდთან დაკავშირებით, არამედ იმ საგანმანათლებლო კონტენტის შესახებაც, რომელიც გაკვეთილების მსვლელობისას მისი 4 წლის შვილს აჩვენეს. ერთ-ერთ წიგნში, რომელსაც ბავშვები კითხულობდნენ, ნახსენები იყო ერთნაირსქესიანთა ოჯახი.
როდესაც სკოლის ადვოკატმა წერილის შინაარსის შესახებ კითხვები დაუსვა, რომელიც დაწვრილებით აღწერდა გეი პრაიდს, ქალბატონმა მონტეგიუმ განაცხადა, რომ მას გრძნობა გაუჩნდა, რომ ეს იყო მცდელობა, „ჩვენში იმის ინდოქტრინაცია მოეხდინათ თითქოს ეს იყო კანონის ნაწილი ან ბრიტანული ღირებულებების ნაწილი ან ჩვენი ეროვნული სასწავლო პროგრამის კომპონენტი; ის იმის გაყიდვას ცდილობდა, რისი ყიდვაც არავის სურდა. მომეჩვენა თითქოს ლექციებს მიკითხავდა იმის შესახებ თუ რა უკავშირდება ბრიტანულ ღირებულებებს და რატომღაც მათ არ ვიცავდით“, – განაცხადა ქალბატონმა მონტეგიუმ.
იზი მონტეგიუმ სასამართლოს განუცხადა, რომ აღიარა მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობის მნიშვნელობა, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ადამიანების რელიგიური რწმენის შელახვის გარეშეც შეიძლება გაკეთდეს. სასამართლო მოსმენისას მას მხარს უჭერს ‘ქრისტიანული იურიდიული ცენტრი’.
დაგეგმილი რვადღიანი სხდომა გრძელდება.
წყარო: https://is.gd/PSyBfg